ავტორი:

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

რუსულ მასმედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ ჟურნალ "ფორბსში" 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც, ისრაელის სამხედრო კომპანიასთან თანამშრომლობის მეშვეობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოდერნიზებას შეეხება. რუსები განსაკუთრებით გააღიზიანა 2008 წლის ომისას საქართველოს მიერ ჩამოყრილი რუსული თვითმფრინავების ხსენებამ. "2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ", - ვკითხულობთ სტატიაში

გთავაზობთ რუსი სამხედრო ექსპერტების კომენტარებს:

გაზეთ "ვეჩერნაია მოსკვასთან" («Вечерняя Москва») საუბარში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა აიტეჩ ბიჟევმა განმარტა, თუ რატომაა ქართული არმიის ახალი შეიარაღების მომაკვდინებლობა ძალზე გაზვიადებული.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ისრაელს აქვს საკმაოდ ეფექტური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მაგალითად, ფოლადის გუმბათი, მაგრამ ეს სისტემა ვერანაირად ვერ შეედრება თავის რუსულ ანლოგებს («С-300», «С-400», «Бук» და სხვები), რადგან მას მოქმედების მცირე არეალი აქვს.

"გარდა ამისა, საეჭვოა, რომ ისრელმა საქართველოს "ფოლადის გუმბათი" მისცეს. სწორედ ამიტომ თელ-ავივმა თბილისს ძველი საბჭოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - «С-125»-ების, «С-75»-ების, «С-200»-ების და ზოგიერთი «Бук»-ისა და «Тор»-ის მოდერნიზება შესთავაზა. თუმცა ჩამოთვლილი მოდელები უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ საეჭვოა მოდერნიზაციით რამე ეშველოთ. ყველა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლებიც ქართველებმა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მე-19 არმიის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღეს, დიდი ხანია უმოქმედოდ არიან, მათი "გაცოცხლება" და რეანიმირება რთულია. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში "სატირელ" მდგომარეობაში იყვნენ.

ერთადერთი, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება მოხერხდეს, ეს რაკეტის ფრენის სიშორის გაზრდაა - დღევანდელი 25 კილომეტრიდან სავარუდო 35 კილომეტრამდე, ანდა მეტი მობილურობისათვის სტაციონარული კომპლექსები მობილურები გახადონ, ანუ ბორბლებიან საწევარზე გადაიტანონ.

ასეა თუ ისე, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მცირე მანძილზე მოქმედებენ და მათი მოდერნიზება არანაირ ამინდს არ შექმნის. სხვა საქმეა, თუ ამერიკელები ქართველებს Patriot-ის სარაკეტო კომპლექსებს მისცემენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. დანარჩენი კი ნაგავია. მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა კრახის წინაშეა, იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს საჰაერო დაცვის აწყობილი სისტემა. ლოკალური ბაზები და აეროდრომები საქმეს ვერ შველიან, ხოლო სრულ რადიოლოკაციურ გადაფარვამდე, მართვისა და რეაგირების ერთიანი ცენტრალური პუნქტის შექმნამდე ქართველებს ჯერ კიდევ "შორი გზა" აქვთ გასავლელი.

რუსეთს თანამდროვე ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ჰყავს, რაც მას მაღალი ბრძოლისუნარიანობის შესაძლებლობას აძლევს. აქვე ვაღიარებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა შვიდი თვითმფრინავი იმიტომ დაკარგა, რომ ქართველებს «Бук»-ებით უკრაინელები დაეხმარნენ", - განაცხადა ბიჟევმა.

როგორც გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" («Комсомольтская правда») სამხედრო მიმომხილველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ვიქტორ ბარანეცმა "ფორბსის" სტატიის კომენტირებისას განაცხადა, თბილისს ქართული არმიის შეიარაღების მოდერნიზება აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე განმეორებითი თავდასხმისათვის სჭირდება. მისი თქმით, ცნობა ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივის თაობაზე სკეპტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ფორბსის" სტატიის ავტორის ხმამაღალ განცხადებაში იმის თაობაზე, რომ თბილისის ისრაელთან თანამშრომლობა რუსეთის გამოწვევას ნიშნავს, უფრო მეტი პროპაგანდაა, ვიდრე რეალობა და საღი აზრი. საკითხი სულ სხვა რამეშია: თბილისს სულ უფრო მეტად უბიძგებენ დასავლეთისაკენ - საფრანგეთისკენ, ნატოსაკენ, ისრაელისკენ, ანუ ქართული არმიის რეფორმირება უცხოური ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება. საერთოდ, საქართველოს არმია უკვე დიდი ხანია უცხოური სახელმწიფოების დახმარების წყალობით არსებობს. თვით 2008 წლის წარმატებები, რომლის გახსენება ქართველებს ესოდენ უყვართ, უცხოური დახმარებითაა განპირობებული.

ის, რომ ისრაელი ქართული არმიის აღჭურვაში 2008 წლამდეც მონაწილეობდა, დიდი ხანია ცნობილია. იგივენაირად იქცევა დღეს უკრაინის არმიაც. ახალი არაფერი არ ხდება. საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ისრაელის დახმარებით - რადარებით და მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემებით. უფრო მეტიც - სარაკეტო სისტემები ქართველებს უკვე აქვთ - თავის დროზე თბილისმა კიევისაგან "С-200"-ები შეიძინა, რომლის დახმარებით ჩვენი სტრატეგიული ზებგერითი რეაქტიული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოაგდო.

თუმცა, პრინციპში, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული არმია ამჟამად ძლიერია. საქართველო მხოლოდ ნელ-ნელა აიარაღებს თავის სამხედრო ძალებს ნატოს სტანდარტებით. თბილისი ხომ ძალიან ოცნებობს ალიანსში გაწევრებაზე.

ქართველები რომ რაღაც-რაღაცეებს ყიდულობენ, ამაში საშიში არაფერია.

გარკვეული ანგარიშით, საქართველოს ახალი იარაღის შეძენა, ალბათ, კონკრეტული მიზნისათვის ჭირდება - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრობლემის გადასაწყვეტად. მაგრამ ქართველების ოცნებას ახდენა არ უწერია - რუსეთი თბილისს ამის ნებას არ მისცემს.

მოკლედ, ჩვენთვის ქართული არმიის მოდერნიზება საფრთხის მომტანი არ არის. ჩვენ საქართველოსთან ომს არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ქართველები ისევ მიხეილ სააკაშვილის გზით წავლენ და აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთზე ძალას გამოიყენებენ, ჩვენ მათ ცხვირს დავუნაყავთ, თუნდაც ისრაელის რაკეტები ჰქონდეთ. ასე რომ, ხმამაღალი განცხადებები - თითქოსდა თბილისის რუსეთის გამოსაწვევად მოქმედებსო, ეს წვრილმანი იდეოლოგიური ლოზუნგია, რომელშიც უფრო მეტი სამხედრო-პოლიტიკური იქედნობაა, ვიდრე პრაქტიკული აზრი. ამიტომაც საქართველო ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საშიში".

"ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის განცხადება, რომ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები მზად არიან რუსულ ავიაციას სისხლი ადინონო, ეს მხოლოდ ებრაული წარმოების იარაღის რეკლამაა, რომელიც რეალობისაგან ძალიან შორს არის", - განუცხადა რუსულ გამოცემა «Экономика сегодня»-ს სამხედრო ექსპერტმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ვიქტორ ლიტოვკინმა.

"ამერიკელი ავტორის განცხადება უპირველესად ისრაელის კომპანიის სასარგებლოდაა მიმართული და მის განდიდებას ემსახურება - თითქოსდა "რაფაელის" დახმარებით საქართველოს თავის სამხედრო პოტენციალს ისე გაზრდის, რომ რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, კონფლიქტის შემთხვევაში, მაგრამ ეს ასე არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მხოლოდ იმ პარტნიორის არჩევა შეუძლია, რომელისაც ვაშინგტონი შეურჩევს. ასეთი ქვეყნების სია კი ძალიან შეზღუდულია. ქართველებს, პრინციპში, ასარჩევი არაფერი აქვთ, რადგან რუსული შედარებით იაფი, მაგრამ ზუსტი სარაგეტო სისტემების ყიდვა მათთვის აკრძალულია, ამერიკული კი ძვირია. თვით ისრაელის "რაფაელი", ერთი შეხედვით, ცუდი ხარისხის არ არის, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ არაბული ღაზის სექტორიდან ისრაელისაკენ პერიოდულად რაკეტები ფრენენ და ქალაქების თავზე ფეთქდებიან, მაშინ უკვე ეჭვები იბადება. ისრაელს არ აქვს ღრმად ეშელონური ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა. ესე იგი, მსგავსის დანერგვა საქართველოში წამგებიანი იქნება, რუსეთი მათ იოლად გაანადგურებს.

არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის. საქართველომ თუნდაც მოდერნიზება განახორციელოს, მის სარაკეტო სისტემების განადგურება სერგეი შოიგუს სამხედრო-კოსმოსური ძალებისათვის ერთი წამის საქმეა. ამაში არანაირი საიდუმლო არ არის. თუ თბილისის განმეორებით შეეცდება სოხუმზე და ცხინვალზე თავდასხმას, რუსეთი ავიაციას აღარ გამოიყენებს, პირდაპირ "ისკანდერებს" და "ტორნადოებს" გაუშვებს საქართველოსკენ. საქართველოს ასევე უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს ზებგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "ხანჯალი", რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს...", - აცხადებს ვიქტორ ლიტოვკინი.

ავტორი: სიმონ კილაძე

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ჯარისკაცი ბათუმში დაინფიცირდა

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი