ჩინელი კანონმდებლები იმ დანაშაულთა ნუსხის შემცირებას ცდილობენ, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების პროექტის პირველი განხილვა უკვე დაწყებულია.
ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1997 წელს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს, რომელშიც მანამდე 7 ცვლილება შეიტანეს. კოდექსი 68 სახის დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას ამ დრომდე ითვალისწინებს. სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ეკონომიკური ხასიათის 13 დანაშაულზე გაუქმდება. ჩინელ მოსამართლეებს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და სხვა მსგავსი დანაშუალებისთვის სასიკვდილო განაჩენი არცთუ იშვიათად გამოაქვთ.
კანონმდებლები სიკვდილით დასჯის საკითხების განხილვასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის თაობაზე მუხლის ჩამატებასაც აპირებენ. ამასთან, კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იმ მძღოლების დანაშაული დამძიმდება, რომლებიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავენ.
ამ დროისთვის მსოფლიოს 130 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ხოლო 68-ში ის კვლავ მოქმედებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ყოველწლიურად სასიკვდილო განაჩენის სიხშირით ჩინეთი მსოფლიოში ლიდერი ქვეყნის პოზიციას იკავებს. მარტო 2008 წელს, ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" მონაცემებით, ჩინეთში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.