დღეს ლას ვეგასში სამყაროს ულამაზეს გოგონას გამოავლენენ. გამარჯვებული მთელი წლის განმავლობაში ორგანიზაცია "მის სამყაროსთან" კეთილი ნების ელჩის რანგში ითანამშრომლებს, საჩუქრად კი მდიდრული აპარტამენტების გასაღებსა და სწავლისთვის გრანტს მიიღებს.
25 ფინალისტს შორის მოხვდა კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილე ნანუკა გოგიჩაიშვილი. წინასწარი მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მზეთუნახავებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგები ფილიპინელ ასულს ვენუს რაჯს, ინდონეზიელ კორი სანდიორივას და ვენესუელელ მარელისი გიბსონს აქვთ.
მსგავსი ღონისძიებებისთვის დამახასიათებელი საზეიმო ატმოსფეროს, როგორც წესი, სკანდალებიც ახლავს ხოლმე თან. წელს კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეთა სექსუალურ ექსპლუატაციაში დაადანაშაულეს, რაც გოგონების ბოდი-არტის სტილში გადაღებული ფოტოსურათების გამოქვეყნებამ განაპირობა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.