ავტორი:

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის შეშინებისა და შეჩერების მიზნით, იატაკის მიმართულებით მოახდინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მეხრიშვილი განმარტავს, ბესელიასა და ხარაზიშვილს შორის კონფლიქტი პირადულია და ის ფინანსებს არ უკავშირდება.

"მერაბ ბესელია ძალიან ნანობს ამ მოცემულობას, რაც შეიქმნა. მას არავის არც ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების და მითუმეტეს, არც სიცოცხლის მოსპობის განზრახვა არ ჰქონია. როგორც ჩანს, მისი შეჩერებისა და შეშინების მიზნით იატაკის მიმართულებით მოახდინა გასროლა, რაც ძალიან მაღალი ალბათობით, დადასტურდება. იატაკიდან ასხლეტილმა ტყვიამ გამოიწვია ის უმნიშვნელო ზიანი, რაც, დაზარალებულს მიადგა. ის ძალიან ნანობს როგორც დაზარალებულის ამ მდგომარეობას, ისე, რეპუტაციულად ამ მოცემულობას. ეს არის აბსოლუტურად პირადი კონფლიქტი ამ ორ ადამიანს შორის, ამ კონფლიქტს ფინანსებთან კავშირი არ აქვს. მერაბს ფინასებთან შეხება არ ჰქონია, ერთ დოკუმენტზეც კი არ აქვს ხელი მოწერილი.

ურთიერთშელაპარაკება ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლებოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, ორმხრივი შეურაცხყოფა იყო, ისიც გამოიწია და ამ გამოწევის დროს, იატაკის მიმართულებით, რომ შეეშინებინა, გასროლა მოახდინა. ეს პირდაპირი გზით ნასროლი რომ ყოფილიყო, აუცილებლად სხვა შედეგი იქნებოდა“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„პირველი წარდგენის სასამართლო დისტანციურად იმართება, როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც უსაფუძვლოა. ადამიანი, რომელიც 54 წლის ასაკში არასდროს კანონთან კონფლიქტში არ ყოფილა, ადმინისტრაციული გადაცდომაც კი არ ჰქონია, რა დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებს, წარმოუდგენელია, ან მიმალვას როგორ შეეცდება, როცა თვითონვე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, დეტალური და ამომწურავი ჩვენება მისცა და მაქსიმალურად ცდილობს გამოძიებას დაეხმაროს.

ბესელია ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, მაგრამ ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება. მას ედავებიან, რომ დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. თითქოს, დაზარალებულს ამ ზიანის შედეგად პროფესიული მოვალეობის შესრულება წაერთვა. ეს თითიდან გამოწოვილია. დიდი იმედი გვაქვს, რომ დაზარალებული უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მოედანს და გააგრძელებს თამაშს. ეს არ არის პროფესიული შრომიუნარიანობის დაკარგვა, ეს არის საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვა“, - აცხადებს მეხრიშვილი.

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა