როგორ გადაურჩა ზურა ინგოროყვა თურქი მესაზღვრეების ტყვიებს

როგორ გადაურჩა ზურა ინგოროყვა თურქი მესაზღვრეების ტყვიებს

რუსთაველის თეატრის მსახიობ ზურა ინგოროყვას პირველი გასტროლი რუსთავის დრამატულ თეატრს უკავშირდება. ფიქრობს, რომ გასტროლი როგორც თეატრისა და ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ისე მსახიობისთვის. პირველი გასტროლით 90-იანი წლების ბოლოს ერევანსა და ბაქოს ესტუმრა და დღემდე ახსოვს ის დღეები.

რაც შეეხება წლევანდელი ზაფხულის გეგმებს, როცა ეს ინტერვიუ დაიბეჭდება, მსახიობი უკვე გონიოში იქნება. თეატრის ფოიეში საუბარი ახალი დაწყებული გვქონდა, როცა ზურას დიდი ხნის მეგობარი და ასევე მსახიობი ზუკა პაპუაშვილი შემოგვიერთდა. მართალია, ის დროდადრო გვტოვებდა, მაგრამ ყოველ შემოვლაზე მეგობრის საუბარს რეპლიკებს ამატებდა...

- გასტროლები ძალიან მიყვარს. ბაქოში ჩასვლა ყოველთვის მიხარია, რადგან იქ ქართულებსა და ქართულ კულტურაზე გიჟდებიან. 50-იან წლებში ბაქოში ქართული თეატრი არსებობდა, რომელმაც შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. იმ პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივად იყო მიმოსვლა და არაერთი კულტურული ღონისძიება ტარდებოდა. იქ რომ ჩავედი, გოგი ქავთარაძის სპექტაკლებით "ჰამლეტი" და "როცა ურემი გადაბრუნდება", დიდი ქართული დიასპორა და ბაქოელებიც ძალიან მონატრებული იყვნენ ქართულ თეატრს.

- როცა რომელიმე უცხო ქვეყანაში ჩადიხართ, წინასწარ გეგმავთ, სად რა უნდა ნახოთ?

- როცა სადმე პირველად ჩავდივარ და იმ ქვეყანას არ ვიცნობ, მანამდე ინფორმაციას ვეცნობი, რა შეიძლება დავათვალიერო და რა კულტურული "მერაპრიატიები" დავგეგმო.

- პირველად სად მიდიხართ?

- ქვეყანას გააჩნია, როცა ამსტერდამში ჩადიხარ, აუცილებლად უნდა ნახო ვან გოგის მუზეუმი. ამსტერდამში რომ ჩავედი, მე მუზეუმში მინდოდა წასვლა, მაგრამ თვითონ ისინი მეუბნებდნენ, ჯერ სექსშოპში წადიო. ბოლოს ერთგანაც წავედი და მეორეგანაც (იღიმის). საერთოდ, ყველა ქალაქს თავის ღირსშესანიშნაობები აქვს და როცა გასტროლზე ჩადიხარ, იქაურებიც გირჩევენ რა ნახო. ჰამბურგში პიკასოს ორიგინალების გამოფენა იყო, ეს გამგზავრებამდე უკვე ვიცოდი და ძალიან მინდოდა ნახვა. ცოტა დრო გვქონდა და მინდოდა მომესწრო. იქ ჩასულმა გამოფენაზე წასვლა რომ მოვინდომე, ჰამბურგელები მითხრეს, აქ რომ ჩამოხვალ, ლიდას ბარში აუცილებლად უნდა მიხვიდეო. ეს მათთვის დაახლოებით იგივეა, რომ ნიუ-იორკში ჩასული თავისუფლების ქანდაკებაზე არ ახვიდე.

კარგი, წავედით ამ ლიდას ბარში, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მინახავს. უბრალოდ, გერმანიაში იმ უბანში, სადაც ეს ბარია, ას მეტრზე ვიტრინებში ქალები დგანან. ყველაზე დიდი თავისუფლება იქაა, შეგიძლია მოწიო კიდეც. შედიხარ იმ ბარში და ისმის "სიგიჟე" მუსიკა, ხალხი ლუდს სვამს და ეწევა. ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ამ ყველაფერს, უბრალოდ, ალბათ ასე უნდოდათ ეჩვენებინათ ევროპის თავისუფლება.

- საერთოდ კლუბური ცხოვრება და "სიგიჟე" მუსიკა თქვენთან რამდენად ახლოა?

- მუსიკა ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი (იღიმის). როცა მაღაზიაში შევდივარ, უმეტესად ჯაზის კომპაქტდისკებს ვყიდულობ. რაც შეეხება კლუბურ ცხოვრებას, რაღაც პერიოდი იქ ხშირად ვიყავი, ახლა ნაკლებად. როცა დაკავებული ვარ და რეპეტიციები მაქვს, ამისთვის დრო არც რჩება. კი, ვცხოვრობდი კლუბური ცხოვრებით, მაგრამ ამაზე არასოდეს ვგიჟდებოდი.

- რომელი გასტროლს მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად?

- ისევ და ისევ ბაქოს დავასახელებ. თუმცა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გასტროლები, არანაკლებ მნიშვნელოვანია. რუსთაველის თეატრიდან "თორმეტი განრისხებული მამაკაცი" ვითამაშეთ ახალციხეში და ძალიან კარგად მიიღეს. ასევე კოდორის ხეობაში, საჩხერეში, ბათუმში... ისევ ბაქოს მივუბრუნდები. სპექტაკლის პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, იქაურები მოვიდნენ, რომლებსაც არ ვიცნობდი და დამპატიჟეს რესტორანში, სპექტაკლის შემდეგ პარტერში დაგელოდებითო. ორ წუთში მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ და მათ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ქართული დიასპორა შემოცვივდა, აღფრთოვანებულები მოგვეხვივნენ, ისე ჩამიყვანეს და ჩამსვეს მანქანაში, სიტყვა ვერ ვთქვი, არადა შემეძლო, ის ადამიანები მელოდნენ, ჩვენთან ერთად წამეყვანა.

- ის ხალხი მერე ნახეთ?

- ვერა, ვერ ვნახე.

- ეწყინებოდათ...

- ეწყინებოდათ, კი, მაგრამ მართლა ვერ მოვახერხე ემოციებით სავსე და თვალცრემლიან ქართველებთან სიტყვის თქმა. უხერხული შემთხვევა მოხდა, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო.

- ალბათ პრესის გამოხმაურებას სპექტაკლის შესახებ აქ თუ საზღვარგარეთ ყოველთვის ეცნობით. მოქმედებს თუ არა თქვენზე დაწერილი უარყოფითი რეცენზიები?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ, ჩემზე კარგად არავინ იცის, ცუდად ვთამაშობ თუ პირიქით, მართალი ვარ თუ არაგულწრფელი. სამწუხაროდ, საქართველოში არის ასეთი ტენდენცია, რომ თეატრალი მაყურებელი (მე ვგულისხმობ პროფესიონალ მაყურებელს და არა ჩვეულებრივს) სპექტაკლზე ცუდი განწყობით მიდის და ფიქრობს: ნუ კაი, რა, უნდა იყოს?! მე პირადად ყოველთვის დადებითად მივდივარ სპექტაკლზე. როცა ვიცი, რომ რეცენზია, განწყობილი უარყოფითად განწყობილი ადამიანის მიერ არის დაწერილი, ის ჩემთვის უკვე მიუღებელია. თუმცა არ მწყინს, როცა ისეთი ადამიანის მიერ დაწერილ კრიტიკას ვკითხულობ, რომელსაც თეატრი უყვარს და სპექტაკლში დადებითიც დაინახა და უარყოფითიც.

- ზღვა თუ მთა, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

- ორივე მიყვარს, მაგრამ ამაჟამად ზღვაზე მივდივარ, თუმცა არც მთაში დასვენებაზე ვიტყოდი უარს.

- კარვით სიარული გიყვართ?

- ძალიან მიყვარს, უბრალოდ, დიდი ხანია ასეთ "პახოდებში" არ ვყოფილვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ერთადერთი გამონაკლისია ყაზბეგი და მიხარია, რომ მისი ნახვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს.

- კომპანიონები ვინ არიან?

- ჩემი სიძე გეოლოგია, ამაშიც გამიმართლა და სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ბევრ ექსპედიციაში თან დავყვებოდი. ჩემი მეგობრებს, ახლობლებსა და პედაგოგებს ძალიან უყვარდათ ჩვენი ქვეყნის ფლორა და ფაუნა და მათთან ერთადაც ბევრს დავდიოდი. ისე, ჩემითაც მომიწყვია "პახოდი". ულამაზესი ქვეყანაა საქართველო და ზოგი რომ ამბობს, რა გვაქვს ასეთიო, მიკვირს. რომ ჩამოთვალოს სად არის ნამყოფი, ესენი იქნება: ბათუმი, ქუთაისი და თელავი.

ზუკა:

- კუს ტბა!

ზურა:

- ჰო და კუს ტბა. არადა, სვანეთსა და ხევსურეთში თუ არ ხარ ნამყოფი, ან აჭარის ზედა სოფლებში, როგორ უნდა ილაპარაკო საქართველოს სილამაზეზე?!

ყველა კუთხეს განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. პირველ რიგში, მხიბლავს ბუნების სილამაზე და ჰავა, მერე ტრადიციები. ჩვენთვის ეს ყველაფერი ეგზოტიკა და საინტერესოა. სასიამოვნოა, როცა სადმე ჩადიხარ და მათი წეს-ჩვეულებებით ცხოვრობ. მაგალითად სვანეთში თვეობით ვრჩებოდი.

- ძმადნაფიცებიც გეყოლებათ სადმე...

- კი, ძმადნაფიცობა იყო ჩემს ახალგაზრდობაში. ძმადნაფიცები მყავს ხევსურეთში, სვანეთშიც...

ზუკა:

- მოდი, ახლა სიცხეზეც ვილაპარაკოთ, არ შეიძლება? მეც ჩავერთვები. საშინლად ცხელა!

- კარგი, და როგორ უძლებთ ამ სიცხეებს?

- ვერ ვუძლებ!

ზურა:

- ვერც მე ვუძლებ, საშინელებაა. რამდენიმე დღეში გონიოში მივდივარ. პირველი ზაფხულია, გასტროლზე არ ვყოფილვარ. შანსი არ იყო, რომელიმე წელს გადაღებიდან ან თეატრიდან სადმე არ გავსულიყავით. მაგალითად, სამი წლის წინ თეატრალური სარდაფიდან ჯერ ერთი კვირა ვიყავით ბათუმში, მერე მთელი საქართველო მოვიარეთ და თუ კი სადმე სცენა იყო, ყველგან ვითამაშეთ. მერე რუსთაველის თეატრიდან წავედი გასტროლზე. ახლა რაღაც გადაღებები იგეგმება ბათუმში და ვნახოთ.

- ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხული გაიხსენეთ...

ზუკა:

- ჰა, გაიხსენე, აბა, "პლაჟნი" რომანები.

ზურა:

- დასამახსოვრებელი ზაფხული (ფიქრობს)... ერთ-ერთი სერიალის გადაღებებზე ვიყავით. სასაზღვრო დეპარტამენტიდან ვალერი ჩხეიძემ გამოგვიყო ვერტმფრენი, გაგვაყოლა ერთი გენერალი და გადაღებებზე გავედით. მაშინ საქართველოს თითქმის ყველა საზღვარზე ვიყავით. ერთგან აჭარაში, ბათუმიდან ჩრდილოეთით მთაში ავედით. მეორე გორაზე თურქების სოფელი ჩანდა, სადაც თურქების ქორწილი იყო და ისმოდა: "დიშ-ტანარა, დინ-ნარა, ნა-რა"... ჩვენი მთის ძირას, მიწის ქვეშ დიდი ჭასავით ფორმის ბეტონის ორმოში ტანკი იდგა. კომუნისტების დროს მოქმედებდა, მაგრამ ახლა მოშლილი იყო. ზემოდან ვერ ხედავდი, "სპუტნიკიდანაც" არ ჩანდა და ვერც ახლოდან მისული შეამჩნევდი. ლულა თურქების მხარეს იყო მიმართული, ალაბათ რაღაც "პრიცელიც" ჰქონდათ და თუ რაღაც, ისროდნენ. დამამახსოვრდა ეს სურათი...

კიდევ რა, ერთ-ერთ სცენას სარფის ძველ საზღვარზე ვიღებდით. კომუნისტების დროს თურქეთთან ეს საზღვარი სხვაგვარად იყო და ახლა სხვაგვარადაა. იმ ადგილას, სადაც უნდა გადაგვეღო, ჩამოდიოდა ღელე. ხუთ მსახიობს სამხედრო ფორმა გვეცვა, მხარზე ავტომატები გვეკიდა. სცენარის მიხედვით, ღელეს გვერდით დაღმართზე უნდა ჩამოგვერბინა და ასე აგვექცია გვერდი კამერისთვის. გაგვაფრთხილეს, მართალია, თურქმა მესაზღვრეებმა იციან, რომ გადაღება გვაქვს, ღელე ჩვენს მხარესაა, ჩვენია, მაგრამ მისი ნახევარი ნეიტრალური ზონაა და არ მიუახლოვდეთო. ავედით გორაკზე, საიდანაც უნდა დავეშვათ, კამერა მზადაა და პირველი მე გამოვიქეცი. მეტი ეფექტისთვის გადავწყვიტე წყალში რამდენიმეჯერ მაინც ჩამებიჯებინა, ერთი-ორი ასეთი ნაბიჯი გავაკეთე და ჩემ მერე ვინც მოდიოდა, ისინიც ასე მოიქცნენ. გავრბივარ და რაღაც ხმები შემომესმა, მაშინ ვერც ვიფიქრე, რომ ეს იარაღის გადატენის ხმები იყო. მოვიხედე უკან და გაშეშებულია გადამღები ჯგუფი.

თურქებმა რომ ფორმებში და იარაღით დაგვინახეს, ეტყობა იფიქრეს, რამეს ხომ არ გვიპირებენ ეს ქართველებიო და 200-მდე კაცმა პოზიციები დაიკავა. საბედნიეროდ, სიტუაცია მალე განიმუხტა. მერე ჩვენმა თანხლებმა გვითხრა, ვერაფერს გაბედავდნენ, გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ თუ რამე, ჩვენც გვყავდა ტყეში ბიჭები და აქედანაც საპასუხო ცეცხლი გაიხსნებოდაო. მოკლედ, ასეთი დაძაბულობა იყო, თუმცა საინტერესო (იღიმის).

- გადარჩენილხართ... ზურა, ცურვა იცით?

- ჩემს თავს გადავარჩენ და იმედი მაქვს, არ დავიხრჩობი (იღიმის).

- წყლის შიში ხომ არ გაქვთ?

- ბავშვობაში რუსთავში ვიხრჩობოდი. მაშინ პატარები ვიყავით, 12-13 წლისები და მშობლებს გავეპარეთ... ძალიან დამთრგუნველი იყო. გადაგვარჩინეს და ამის შემდეგ, წყალში მარტო ძალიან ღრმად ვერ შევდივარ. ერთი ან ორი კაცი თუ მომყვება, სადამდეც გინდა გავცურავ, მაგრამ მარტო შორს ვერ გავდივარ.

- სანაპიროზე გასულს ალბათ უფრო სერიალებიდან და "გასეირნება ყარაღი 2"-დან გცნობენ, სპარტაკით მოგმართავენ?

- კი და რეკლამებიდანაც. ზოგი სპარტაკს მეძახის, ზოგი ლუკას, მაგრამ ახლა, როგორც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ისეთ ადგილზე მივდივართ, სახლი ბუნგალოებიდან შორსაა, სანაპიროზეც თითქმის არავინაა - სიმშვიდე და ცოტა ხალხია. მიყვარს ასე დასვენება (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება