ავტორი:

"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე

"ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზებში "მთავრობის" გადაწყვეტილებას რუსული ვაქცინის შეძენაზე

აფხაზეთში მღელვარება მოჰყვა ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად აფხაზურმა მხარემ, რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა. კონკრეტულად, სოხუმი რუსეთისგან ვაქცინის 15-დან 20 000-მდე დოზის მიღებას ითხოვს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ მართალია, მოსახლეობა უმძიმეს დღეშია COVID-19-ის გავრცელებისა და შედეგების გამო, მაგრამ ვაქცინის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი არიან...

პუბლიცისტი დავით დასანია სოციალური ქსელის თავის გვერდზე, ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

"Апсныпресс–ში წავიკითხე, რომ აფხაზეთმა რუსეთს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა, თქვენ რა, სულ გაგიჟდით? წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა დაემართება აფხაზეთის მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის და საერთოდ, რომელიმე ვაქცინას მიიღებენ. ჩემი რჩევაა, იმუნიტეტი გაიმყარეთ. უარი თქვით ყველა მავნე ჩვევაზე, გადადით ჯანსაღ კვებაზე და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ეკოლოგიურად სუფთა საკვები მიიღოთ.

თუ ასე მოიქცევით, იმ შემთხვევაში არ გემუქრებათ საფთხე... ვაქცინის მიღების შემთხვევაში კი, ადამიანი ნახევარ ან ერთ წელში მოკვდება, მე ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ მივცემ მისი გაკეთების უფლებას. მეუბნებიან, ვაქცინის მიღების დამადასტურებელი საბუთების გარეშე თვითმფრინავში არ აგიშვებენო, არ მაინტერესებს, არც საერთაშორისო ტურიზმი მაინტერესებს. ვიჯდები სახლში და მიწას დავამუშავებ. სოფლის მეურნეობა უნდა გაძლიერდეს, ხალხი სოფელში უნდა დაბრუნდეს, ასე გადავურჩებით უეჭველ სიკვდილს..." - წერს დასანია.

ადგილობროვები მას უმეტეს შემთხვევაში ეთანხმებიან და რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვებს გამოხატავენ:

"ამ ყველაფერზე ჩერნობილი გამახსენდა, რამდენიმე დღე რომ უდანაშაულო, მოტყუებული ადამიანები საბჭოთა მაღალჩინოსნების უაზრო ამბიციებს ეწირებოდნენ. მაშინაც მოტყუებითა და იძულებით უშვებდნენ ადმიანებს სიკვდილზე, ოღონდ კი საბჭოთა დიდებას ჩრდილი არ მისდგომოდა. ხოდა, რამდენიმე წლის შემდეგ, რუსულ ვაქცინაზე, რეალური პერსონაჟების ისტორიებზე დაფუძნებულ ფილმს გადაიღებს რომელიმე განვითარებული ქვეყნის კინოკომპანია და მაშინ მივხვდებით იმ სიმართლის ნახევარს მაინც, რაც რუსეთმა ჩაიდინა. ამ საშიშ ვირუსს ის უფრო საშიში, სახელდახელოდ შექმნილი ვაქცინით მკურნალობს. მადლობა ჩვენს მთავრობას "ზრუნვისთვის", ჩვენ საცდელი ბაჭიები ვართ? იქნებ პლაქვენილი გეყიდათ, რომელიმე ნორმალური ქვეყნისგან..." - წერს რადა კვიცინია.

"ბიძაჩემი შეიწირა ამ ვირუსმა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არასდროს მოუწევია და არ დაულევია. მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული. მაღალი სიცხისგან კომაში ჩავარდა და ვერ გამოვიდა... დიდი ალბათობით, ფილტვები გაეთიშა... არ ვიცი, რა მოხდებოდა მისთვის ვაქცინას რომ მოესწრო, თუმცა რასაც ექიმები ამბობენ, ძნელია, ასე ბრმად გაიკეთო წამალი, რომელიც არც კი იცი, რას შეიცავს. უნივერსალურია თუ არა, რა უკუჩვენებები აქვს, მით უფრო ბავშვებს მას ვერ გავუკეთებთ. თუმცა კი, მძიმე მდგომარეობაში ვართ" - წერს თამილა სალია.

"არ მჯერა, რომ ეს ვაქცინა ასეთი საშიშია, ანუ რუსეთს თავისი მოსახლეობის განადგურება სურს?.. მაშინ დაელოდეთ ბილ გეითსის ვაქცინას, რომელიც ალბათ უფრო უსაფრთხო იქნება" - მიაჩნია კირა გუმბას.

"ვინც წერილი გაუგზავნა, მათ და თავიანთ ოჯახებს უნდა გაუკეთო ის ვაქცინა პირველ რიგში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თავს აარიდებენ, ან სულაც ვიტამინებს გაიკეთებენ და ჩვენ მოგვატყუებენ, რომ ვაქცინა იყო... " - წერს სარა ჩამაგუა.

"განათლების დონე დაბალია, მაგრამ არც ისეთი, რუსული ვაქცინა მივიღოთ... ისევ ჯობია, კორონას ვებრძოლოთ, ვიდრე ის საწამლავი გავიკეთოთ. ახლა საინტერესოა, მართლა ჩვენებისგან წამოვიდა მისი შესყიდვის ინიციატივა, თუ უბრალოდ გაითამაშეს და რუსეთმა მოათხოვინა?!.. ისედაც სულ რამდენიმე ათასი დავრჩით, ეს ხომ პირდაპირი ღალატია?!." - წერს ფატი კაკალია.

ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობის ცნობით, მოსკოვში სოხუმის მიმართვას განიხილავენ...

რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში COVID-19-ის პირველი ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ აგვისტოში განაცხადა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას საერთაშორისო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს, თანაც, რუსეთმა მსოფლიო მედიკოსების განწყობებს ყური არ უგდო და ვაქცინა დაარეგისტრირა.

პროფესორ ალექსანდრე გინცბურგის ხელმძღვანელობით შექმნილი ვაქცინა ორკომპონენტიანი, ადენოვირუსების ვექტორზეა დაფუძნებული. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ვაქცინა ეფექტურია, რადგან ყველა საჭირო ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა კონკრეტულად რა კვლევები აქვს გავლილი და რა შედეგი აჩვენა, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ექსპერიმენტში მისი ქალიშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც პირველი ინექციის შემდეგ 38 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა, მალევე გაუარა.

კრემლის ცნობით, ის თავდაპირველად ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და რისკჯგუფებში მყოფ პირებს... კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ინტენსიურად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა.

გინცბურგის ცნობით, ვაქცინის გამოცდის საბოლოო ეტაპი 2021 წლის დასაწყისი იქნება, რა დროსაც კვლევები ბავშვებში დაიწყება. მისივე ინფორმაციით, საქმეს პედიატრებთან ერთად შეუდგებიან.

ცნობისთვის, დასავლეთის მეცნიერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსული ვაქცინის გამოყენებას, რადგან ყველა დანარჩენ და განსაკუთრებით კი, ამ შემთხვევაში, მისი შექმნა და გამოცდა რამდენიმესაფეხურიანი პროცესია, რაც გულისხმობს მის პრეკლინიკურ კვლევას ანუ ცხოველებზე გამოცდას და შემდეგ, ასევე რამდენიმე ეტაპად ტარდება ადამიანებში.

სომხური მედია - მთიან ყარაბაღში "ფრანს-პრესის" თანამშრომლებს თავს დაესხნენ

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა