რატომ ითხოვდა ქმრისგან შველას თიკო ნატროშვილი

რატომ ითხოვდა ქმრისგან შველას თიკო ნატროშვილი

ეს წყვილი გარეგნულადაც კი ერთმანეთს ჰგავს. ამბობენ, ეს ცოლ-ქმრის იდეალური ვარიანტიაო. არც მახსოვრობაში ჩამოუვარდებიან ერთმანეთს. მათი პასუხების 80% დაემთხვა. გაგა ხაბულიანსა და თიკო ნატროშვილს შინ ვესტუმრეთ და ცალ-ცალკე დავკითხეთ.

- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

გაგა:

- ჩემი მეგობრის ლადო ვარძელაშვილისა და ირინა ონაშვილის ქორწილში.

თიკო:

- 2009 წლის 11 ოქტომბერს, ირინა ონაშვილის ქორწილში.

- რა ეცვა? შენ როგორ გამოიყურებოდი?

გაგა:

- ყვავილებიანი კაბა ეცვა, ჭრელი. წითელი, ოქროსა და ვერცხლისფერებში. თმა გაშლილი ჰქონდა. მე თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი მეცვა.

თიკო:

- გაგას ეცვა თეთრი პერანგი, ლურჯი ჯინსი და თეთრი ფერის კედები. მე ყვავილებიანი კაბა მეცვა, რუხ ფონზე წითელი ყვავილებით. მთლიანობაში კაბა ჭრელი იყო, მაგრამ წითელი ფერი ჭარბობდა. თმა გვერდზე გადაყოფილი და გაშლილი მქონდა.

- როგორ იწყება თქვენი დილა?

გაგა:

- მე ვერ ვიგებ, თიკო როდის იღვიძებს, ბავშვი აღვიძებს მუცლიდან (იღიმის), დაახლოებით დილის რვა საათზე იღვიძებს და მერე მე მაღვიძებს ყავით. მერე სამსახურისთვის ვემზადებით ორივე.

თიკო:

- ფინჯანი ყავითა და დღის გეგმების განსაზღვრით.

- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი?

გაგა:

- ვარდისფერი. ჩემი - ცისფერი.

თიკო:

- თეთრია გაგასი, ჩემი - ვარდისფერი.

- ამოჩემებული ტანსაცმელი თუ აქვს? შენ?

გაგა:

- არ მახსენდება, სისტემატურად იცვლის. მეც არ მიყვარს ერთფეროვნება ამ მხრივ. ფეხსაცმლის ამოჩემება ვიცი, ათი წყვილი რომ მქონდეს, ერთი თუ მომეწონა, იმას ამოვიჩემებ ხოლმე. ახლა მუქი ფერის კედები მაქვს ამოჩემებული და სულ ის მაცვია.

თიკო:

- ამ ბოლო დროს ორი ერთნაირი მაისური ამოიჩემა, უბრალოდ, ფერებით განსხვავდება; მუქი ვარდისფერი და მუქი ცისფერი. მე მრავალფეროვნება მიყვარს, მაგრამ ამ ორსულობაში ერთი სპორტული შარვალი ამოვიჩემე, თავისუფლად ვარ იმაში და ლამის შემომადნა უკვე ზედ (იცინის). რაც გაგას ცოლი გავხდი, სულ ორსულად ვარ და (იცინის)... ზემოდან ვიცვლი ხოლმე მაისურებს, ძალიან ერთფეროვანი რომ არ გავხდე. გაგა სულ მიპროტესტებს იმ სპორტულ შარვალს.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

გაგა:

- თიკო ისეთი კარგი კულინარია... ამოჩემებული კერძები არ აქვს. გუშინ მეუბნებოდა, აჭარული ხაჭაპური მომენატრაო, უნდა წავიყვანო და ვაჭამო სადმე. ფეხმძიმობისას საზამთრო ამოიჩემა. ყოველდღე უნდა ჭამოს. ჩემი საყვარელი კერძია შემწვარი კარტოფილი.

თიკო:

- გაგას შემწვარი კარტოფილი უყვარს, არასდროს მოსწყინდება. მე ყველაფერი მიყვარს. ამ ორსულობაში საზამთროს ვჭამ ძალიან ბევრს.

- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი? შენ?

გაგა:

- თავის ნებაზე ვერ იძინებს, ბავშვის გამო, მუცელზე უყვარს ძილი. მე გულაღმა მიყვარს ძილი და გვერდზე გადაბრუნებულს.

თიკო:

- მუცელზე წოლა უყვარს. მეც მუცელზე წოლა მიყვარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ახლა გვერდით მძინავს ხოლმე.

- რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ?

გაგა:

- არაფერს. არ ვიმსახურებ ალბათ. მეც არაფერი მაქვს თიკოსთან სასაყვედურო. არ ვიცი, რა უნდა დააშავოს, რომ ვუსაყვედურო. ყველანაირად ვცდილობ ხელი შევუწყო.

თიკო:

- არ უყვარს საყვედურები, მაგრამ რამდენჯერმე მისაყვედურა სამოსთან დაკავშირებით, რომ ის ბიჭია და მეტად უყვარს ტანისამოსის მოვლა, ვიდრე მე... მე საერთოდ არ მიყვარს ცოლები, რომლებიც საყვედურებით ავსებენ ქმრებს. ამიტომ ვცდილობ, ნაკლები პროტესტი გამოვთქვა.

- სად ურჩევნია დასვენება? შენ?

გაგა:

- თიკოს წყნარი გარემო ურჩევნია, ზღვა, მეგობრები. მე უფრო მთა მიყვარს, მაგრამ იქაც მეგობრების გარემოცვა უნდა მყავდეს. კლუბშიც მიყვარს წასვლა. ძილისგუდა არ ვარ.

თიკო:

- გაგას მთა უყვარს, მთის კაცია, სვანეთზე გიჟდება. მე უფრო ზღვა მირჩევნია, მთა მხოლოდ ზამთარში, თხილამურების გამო მიყვარს, ისე ორივეს მეგობრების წრეში ყოფნა გვიყვარს, მარტო არსად არ ვისვენებთ.

- რა წიგნს კითხულობს ახლა?

გაგა:

- გუშინ წაიკითხა "მონანიება", მეოთხე კლასში მაქვს მე წაკითხული, მე "ანა კარენინას" ვკითხულობ.

თიკო:

- "ანა კარენინას" კითხულობს. მე ისეთი პერიოდი მაქვს, რთულ წიგნებს ვერ ვკითხულობ, ჩემი ტვინი გადადუღებულია. ახლა გადავიკითხე შიო გვეტაძის "მონანიება". გონებით სხვაგან ვარ გადართული, მოლოდინში ვარ და ტვინის განძრევა მეზარება. ამიტომ მარტივ წიგნებს ვკითხულობ.

- მისი საყვარელი ლექსი, პოეტი? შენი?

გაგა:

- პოეზია ძალიან უყვარს. არ ვიცი გამორჩეულად რომელი პოეტი უყვარს. მე მუხრან მაჭავარიანი მიყვარს, მურმან ლებანიძე, სვანეთზე ბევრი ლექსი აქვს (იცინის).

თიკო:

- მე გალაკტიონი მიყვარს, მისი "მესაფლავე" ზეპირად ვიცი. ლადო ასათიანის ლექსები მიყვარს კიდევ. გაგას არ ვიცი რომელი პოეტი უყვარს. ისე, პოეზია უყვარს.

- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?

გაგა:

- მარტო არ დავდივართ. ბოლოს მთაწმინდის პარკში ვიყავით, მეგობრის ბავშვი გვყავდა წაყვანილი...

თიკო:

- სულ მარტოებმა? ჩვენ თაფლობის თვეშიც კი მეგობრებთან ერთად წავედით. მარტო არსად არ დავდივართ, ხომ გეუბნები, საქორწინო მოგზაურობაშიც 18 კაცი გავფრინდით თბილისიდან (იცინის).

- შვილის სახელი ერთად შეარჩიეთ?

გაგა:

- ორივეს მოგვწონს სახელი მათე, მაგრამ ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვაქვს, რას დავარქმევთ ბავშვს.

თიკო:

- ერთი ვერსია გვაქვს ორივეს, მათე გვინდა დავარქვათ, ასე მგონია გვარს ძალიან უხდება, მაგრამ საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია. მთავარია, არ დაკნინდეს ბავშვის სახელი და "კო"-ები არ დაერთოს ბოლოში.

- ზარმაცია? შენ?

გაგა:

- მე თიკოს სიზარმაცეს ორსულობას ვაბრალებ, მალე იღლება. თორემ თუ იცით მისი ბიოგრაფია, ადვილი გამოსაცნობია, რომ ზარმაცი არ არის. არც მე ვარ ზარმაცი. ორივეს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს. ბოლოსთვის შემოვიტოვებთ ხოლმე საქმეს, დღეებზე არ გავანაწილებთ და მერე ძალიან ვიღლებით.

თიკო:

- ვერ ვიტყოდი, რომ გაგა ზარმაცია. ჩემს თავს უფრო ვიჭერ სიზარმაცეში. ჩემი ყოველდღიურობა თითქმის არაფრის კეთებით გამოირჩევა. ზოგი ადამიანი ასე ცხოვრობს, მაგრამ ჩემთვის ეს არასახარბიელო მდგომარეობაა, ისეთი აქტიური ვიყავი... ერთი მხრივ, ეს კარგია, ვისვენებ. ოქტომბერში, როცა ბავშვს გავაჩენ, ახალი ენერგიით შევუდგები ცხოვრებას. ისე, პრეტენზიული ფეხმძიმე არ ვარ, საზამთროს ვითხოვ მხოლოდ მთელი ეს პერიოდი და გაგაც ამ პატარა კაპრიზს მისრულებს.

- როგორი მახსოვრობა აქვს? შენ?

გაგა:

- თიკო ვერ იმახსოვრებს სახელებსა და გვარებს. სახეზე შეიძლება ადამიანი იცნოს, მაგრამ რა ჰქვია, ვერ იხსენებს. ანალოგიური მდგომარეობა მაქვს მეც. მქონია სიტუაცია, როცა მესალმებიან ქუჩაში და ვერაფრით ვერ ვიხსენებ, საიდან მეცნობა ის ადამიანი.

თიკო:

- გაგას კარგი მახსოვრობა აქვს. მე ვერ ვიმახსოვრებ სახელებს და სახეებს. ერთხელ ნანახი ადამიანი, ადვილი შესაძლებელია, მეორედ ნახვისას ვერ გავიხსენო, ვინ არის. სხვისთვის სხვა სახელითაც მიმიმართავს.

- რისი ფობია აქვს? შენ?

გაგა:

- თიკოს კალიების ეშინია, კოღოების, მწერების. მე არაფრის ფობია არ მაქვს.

თიკო:

- არ შემიმჩნევია. მე მწერებისა და კალიების მეშინია. ერთხელ კალია შემოფრინდა ამ ოთახში და ფარდაზე დაჯდა. მარტო ვიყავი, გავიქეცი საძინებელში, ჩავკეტე კარი და გაგას დავურეკე, დროზე მოდი სახლში, კალია გვყავს სტუმრად და საძინებელში ვარ შეკეტილი-მეთქი. საძინებელშიც შემოფრინდა რაღაც მწერი, მაგრამ ის შედარებით პატარა იყო და ოთახის ჩუსტებით ვუმკლავდებოდი. 10 წუთში მოვიდა გაგა სახლში და გადამარჩინა (იცინის).

- ინტერნეტში ყველაზე ხშირად რომელ საიტებს სტუმრობს? შენ?

გაგა:

- თიკოს ფეისბუქი უყვარს, "ქანთრი სთორის" თამაშობს. მეც ფეისბუქს ვსტუმრობ ყველაზე ხშირად, მაგრამ უფრო მაილის გამო, თამაში უკვე მომწყინდა. დღის განმავლობაში სამსახურიდან გამომდინარე არაერთი წერილის მიღება მიწევს. სკაიპი უყვარს კიდევ თიკოს.

თიკო:

- ფეისბუქს ვსტუმრობთ ორივე. მე "ქანთრი სთორის" ვთამაშობ, გაგა "მაფია 2"-ს.

- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?

გაგა:

- (ფიქრობს) არ მახსოვს... ვარდები ვაჩუქე, გამახსენდა. ჩემი დაბადების დღე ჯვრისწერიდან ორ დღეში იყო, პარიზში ვიყავით მაშინ, მგონი არც იცოდა თიკომ, ჩემი დაბადების დღე რომ იყო (იცინის).

თიკო:

- მაშინ პარიზში ვიყავით, ჩემი თავი ვაჩუქე, ამაზე მეტი რა უნდა მეჩუქებინა (იცინის). თვითონ ვარდების ძალიან ლამაზი თაიგული მაჩუქა.

- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

გაგა:

- რომ გითხრა, 5 თითივით ვიცნობ თიკოს-მეთქი, მოგატყუებ. ჯერ ახალი წყვილი ვართ. ალბათ 70%-იანი თანხვედრა იქნება ჩვენს პასუხებში.

თიკო:

- ჩვენ არც ისე დიდი ხნის ცოლ-ქმარი ვართ, ჯერ კიდევ გაცნობის პროცესში ვართ. ეს კარგია. არ მინდა წაკითხული წიგნებივით ვიყოთ ერთმანეთისთვის. ხუთი წლის მერე ეს რუბრიკა თუ კიდევ გექნება და კიდევ ვერ გაგცემ ზოგ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს, სულ არ იქნება ეს ჩემთვის ტრაგედია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება