ლატვიის პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა იური ლუჟკოვის წინადადებას რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ, სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.
შესაბამისი ჩანაწერი ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ გვერდზე დატოვა.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რჩევები არ გვჭირდება. ჩვენ რესპუბლიკაში ლატვიური ერთადერთი სახელმწიფო ენა იქნება. ლატვიურმა ენამ უნდა გააერთიანოს ყველა, ვინც აქ ცხოვრობს", - წერს პრეზიდენტი.
მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი რიგას ცოტა ხნის წინ ეწვია და ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ლატვია ორენოვანი სახელმწიფო უნდა გახდეს. მოსკოვის მერს არაერთხელ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, ბალტიის ქვეყნების მისამართით კრიტიკული შენიშვნები გამოეთქვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლატვიაში რუსულ ენას მშბოლიურად თვლის მოსახელობის თითქმის 40 პროცენტი. ლატვიის კონსტიტუციის თანახმად კი, სახელმწიფო ენა ლატვიურია, რუსულ ენას კი არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს.