ავტორი:

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

გერმანულმა რადიოსადგურმა "დოიჩე ველემ" («Deutsche Welle») თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკური მიმომხილველის ფედორ კრაშენნიკოვის სტატია, სათაურით: "ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება", რომელშიც იგი მიუთითებს: "მოსკოვში შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმის დემონსტრირებაა, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკური ამბიციები არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გავლენის მოხდენისათვის".

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

  • მთიანი ყარაბაღი - გამოწვევა რუსეთისათვის

კავკასიაში რუსეთი ტრადიციულად აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ ყარაბაღის დღევანდელი ომი კრემლისათვის უდროო გამოწვევას წარმოადგენს. დღეს რუსეთი ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია - მოსკოვს მკვეთრად გაურთულდა დასავლეთთან ურთიერთობა. კავკასიაში შექმნილი სიტუაცია კი მისგან სტატუსის დამოწმებას ითხოვს - იმ სტატუსისა, რომელზეც რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, კონკრეტულად კი - მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტისა იმ სივრცეში, რომელიც კრემლმა თვითონ შემოფარგლა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების გათვალისწინებით, ყარაბაღის პრობლემის მოგვარება ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. ამისთვის ხომ ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მათთვის წარმოუდგენელი ნაბიჯის გადადგმა უნდა აიძულო: ან სომხეთმა და ყარაბაღელმა სომხებმა რეგიონი აზერბაიჯანის კუთვნილებად უნდა აღიარონ, ან აზერბაიჯანმა უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორია არ არის.

ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის მთიან ყარაბაღზე უარის თქმა კატასტროფის ტოლფასია, ამიტომაც ნურავის ექნება იმის იმედი, რომ კონფლიქტის რომელიმე მონაწილე ასეთ ნაბიჯს ნებაყოფლობით გადადგამს. მით უმეტეს, რომ არცერთი არ დათმობს საკუთარ ინტერესებს იმის გამო, რომ არიქა, რუსეთს რეგიონში საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაში დავეხმაროთო. ასევე არ შეიძლება თურქეთის დავიწყება, რომელიც აშკარად აქვს პრეტენზია სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული როლის შესრულებაზე და არ არის დაინტერესებული იმაში, რომ რეგიონის საკითხები მის დაუკითხავად, სადღაც შორს, მოსკოვში გადაიჭრას, კრემლის სასარგებლოდ.

  • რუსეთის გავლენის შესუსტება კავკასიაში

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას მიეკუთვნება და ამ საკითხის გადაწყვეტა, სავარაუდოდ, შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩაბმით, რომლებსაც კონფლიქტის მხარეებისადმი არანაირი ვალდებულება არ აქვთ (ანუ მიუმხრობელი სუბიექტების სახით). ცალკე ამოცანაა თურქეთზე და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის განხორციელება, რომელიც თეორიულად შეიძლება ნატოს ჩარჩოებში მოხდეს, ანდა გავლენიანმა მსოფლიო ლიდერებმა რეჯეფ ერდოღანი დაარწმუნონ, უარი თქვას ყარაბაღის საქმეებში ჩარევაზე...

როგორც ჩანს, რუსეთს, რომელმაც დასავლეთთან ურთიერთობა გაიფუჭა, ერთი მხრივ, არ შეუძლია დაპირისპირებული მხარეები მშვიდობის დამყარებაზე აიძულოს და მეორე მხრივ - მზად არ არის იმისთვის, რომ რეგიონში სხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად იმოქმედონ. რასაკვირველია, დასაწყისისათვის კარგი იქნებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდებოდეს, რის გარანტორსაც რუსეთი წარმოადგენს. დღეს ლაპარაკი არ მიდის რაღაც საბოლოო ამოცანაზე - მთიანი ყარაბაღის სტატუსზე, რადგან ბაქოსა და ერევნის პოზიციები ერთმანეთისაგან შორს დგას. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და რაც უფრო დიდხანს იქნება, უფრო აშკარა გახდება რუსეთის გავლენის დაცემა სამხრეთ კავკასიაში. წყარო

სიმონ კილაძე

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას