ჩერჩილი ხელისუფლებაში რუსმა ჯაშუშმა მოიყვანა

ჩერჩილი ხელისუფლებაში რუსმა ჯაშუშმა მოიყვანა

ბრიტანული კონტრდაზვერვა MI5-მა საიდუმლო საარქივო დოკუმენტები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის კარიერული წარმატება, გარკვეულწილად, რუსული წარმოშობის ნაცისტთა ჯაშუშის - მარინა ლის დამსახურებაცაა.

საარქივო მონაცემით, 1940 წლის გაზაფხულზე 30 წლის ყოფილმა ბალერინამ ნორვეგიაში, მოკავშირეთა ძალების შტაბ-ბინაში ჩუმად შეღწევა და საიდუმლო დოკუმენტების გერმანელებისთვის გადაცემა შეძლო. ამ ოპერაციის შედეგად ანგლო-ფრანგულმა კორპუსმა ვერმახტთან ბრძოლაში მძიმე მარცხი იწვნია, რასაც ბრიტანეთის მთავრობის გადადგომა და კოალიციური კაბინეტის თავმჯდომარედ ჩერჩილის მოსვლა მოჰყვა.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მარცხის გამო პასუხისმგებლობა გენერლებს ეკისრებოდათ, რომლებმაც ბრძოლის არასწორი სტრატეგია შეადგინეს. თუმცა 1942 წელს პირველად ახსენეს ჯაშუში მარინა ლის სახელი და აშკარა გახდა, რომ საქმე მხოლოდ სამხედროთა შეცდომებში არ იყო.

მარინა ლის შესახებ ცნობილი 1942 წელს, გადაბირებული გერმანელი აგენტის გერტ ვან ვიიკას მეშვეობით გახდა. მისი ვერსიით, ბრიტანელი გენერლის კლოდ ოკინლეკის მეთაურობის ქვეშ მყოფი კორპუსის სამოქმედო გეგმების შესატყობად გერმანულმა დაზვერვამ მოკავშირეთა შტაბში ქალი გაგზავნა, რომელიც შვედური პასპორტით მგზავრობდა. წარმოშობით რუსი ქალი, თვითმხილველთა თქმით, მომაჯადოვებლად ლამაზი იყო.

რუსი ჯაშუშის მიწოდებულმა ცნობებმა მოკავშირეთა გეგმების შესახებ გერმანელებს ნორვეგიის ჩრდილოეთით, ნარვიკთან მოკავშირეთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება მოაპოვებინა, რასაც შედეგად ნორვეგიის კაპიტულაცია მოჰყვა.

ვიიკას თქმით, მარინა ალექსეევა ლი რუსეთიდან სკანდინავიაში 1917 წელს გადაბარგდა, სადაც ცოლად ნორვეგიელს გაჰყვა. გარკვეული დროის მანძილზე ის ოსლოს საბალეტო სკოლას ხელმძღვანელობდა.

ომის შემდეგ კიდევ ერთმა გერმანელმა აგენტმა ჯონ დოლარმა ფრანგულ დაზვერვასთან აღიარა, რომ მარინა ლის იცნობდა და გათხოვებამდე ის გუბანოვას გვარს ატარებდა. დოლარის თქმით, მარინა სსრკ-დან ბოლშევიკებს არ გამოქცევია და ევროპაში მხოლოდ საბალეტო გასტროლებზე დადიოდა. ამასთან, მარინა პირადად იცნობდა სტალინსა და სსრკ-ის სხვა ხელმძღვანელ პირებს.

დოლარის ცნობით, მარინამ კომუნისტური მრწამსი ნორვეგიაში ცხოვრებისას შეიცვალა, გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ კი ის ნაცისტურ დაზვერვა "აბვერს" შეეკრა და ვერმახტისთვის მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება დაიწყო.

როგორც MI5-ში დაადგინეს, 40-იან წლებში მარინა გერმანელთა დავალებით ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრა, სადაც ანტიჰიტლერულ კოალიციის ოფიცრებზე "ნადირობდა". რუსი ლამაზმანი მადრიდში ომის დამთავრებამდე დარჩენილა, ჯაშუშური საქმიანობისთვის კი ყოველთვიურად 5 ათას პესეტას იღებდა.

ომის შემდეგ ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მარინას კვალზე გასვლა სცადეს, მაგრამ ამაოდ, ზოგიერთი ინფორმაციით, რუსმა მოცეკვავემ ნაცისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ჯაშუშობა სსრკ-ის სასრგებლოდ დაიწყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა