ნელ-ნელა ზაფხულიც იწურება. დასასვენებლად წასული ცნობილი ადამიანები დედაქალაქს უბრუნდებიან. ამჯერად დავინტერესდით, პოპულარული კომედიური სერიალის - "შუა ქალაქის" მსახიობებმა შვებულება როგორ გაატარეს, ზაფხულის მიწურულს სად იმყოფებიან და ახალი სამუშაო სეზონისთვის როგორ ემზადებიან...
მარიამ ჯოლოგუა:
- ლისის ტბის თავზე, მუხათწყაროში აგარაკი მაქვს. ჰოდა, ზაფხული აქ "დავიწყე", მერე პრაღასა და ბერლინში ვიყავი. ახლა ისევ მუხათწყაროში გახლავართ და ზღვაზე წასასვლელად ვემზადები.
- ზღვისთვის სამზადისი გვიანი ხომ არ არის? თან, ახალი სამუშაო სეზონი იწყება.
- მოვასწრებ, მოვასწრებ... სექტემბრამდე მუშაობას მაინც არ ვიწყებთ და...
- პრაღასა და ბერლინშიც დასასვენებლად გაემგზავრე?
- ჩემი ძმა შვედეთში ცხოვრობს, ბერლინში კი ბევრი მეგობარი გვყავს და იქ ერთად შევიკრიბეთ. პრაღაში კი უბრალოდ, გავიარე.
- საოცნებო კურორტი თუ გაქვს?
- არა. აჭარაში ამინდები თუ "დამემთხვა", ვიტყვი, რომ ამ ზაფხულს ყველაფერი გავაკეთე, რაზეც ვოცნებობდი (იცინის).
- ზღვაზე დასასვენებლად ვისთან ერთად მიდიხარ?
- შვილთან და მეგობრებთან ერთად.
- ნამზეური გაქვს?
- ოდნავ. მუხათწყაროს "ზაგარი" მაქვს (იცინის).
გოგა ბარბაქაძე:
- ჩემს მეუღლესა და შვილთან ერთად კოტორაანთკარში ვისვენებ. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია - კარგად ვერთობით!
- მაინც, როგორ ერთობით?
- პატარა გაბრიელი გვართობს.
- ალბათ, თაყვანისმცემლები მანდაც გყავთ. საინტერესოა, მშვიდად დასვენების საშუალებას გაძლევენ?
- კი, არიან, მაგრამ მშვიდად ვისვენებთ.
- ფანები თქვენ მიმართG სიყვარულს როგორ გამოხატავენ?
- ტრადიციულად, სერიალის პერსონაჟების სახელებით მოგვმართავენ.
- დასვენებას როდემდე აპირებთ?
- სექტემბრამდე. სექტემბერში ახალი სეზონი იწყება.
- ახალი სეზონისთვის სერიალი რას გვპირდება?
- ახალ სეზონში კი არა, ახალ სერიაში რა ხდება, მსახიობებმა ისიც არ ვიცით ხოლმე (იცინის)...
სალომე ჭულუხაძე:
- 11 ივლისს კვარიათში ჩავედი, შემდეგ - ბათუმში, ახლა ისევ კვარიათში ვარ. როგორიც მინდოდა, ზუსტად ისეთი ზაფხულია - სადაც მსურდა, იქ დავისვენე.
- კარგი ნამზეური გაქვს?
- რა ვიცი, მეუბნებიან, კიო (იცინის).
- გარუჯვა გიყვარს?
- ძალიან!
- საზაფხულო სამოსის შერჩევაზე განსაკუთრებულად ზრუნავ ხოლმე?
- საზაფხულო სამოსი ყველაზე მეტად მიყვარს!
- დასვენების პერიოდში დროს როგორ ატარებ?
- ახლახან თამუნა (ნიკოლაძე) მესტუმრა, მალე მარიამს (ჯოლოგუა) ველოდებით.
- როგორ ერთობით?
- შეიძლება, კაფეში დავსხდეთ. წლის განმავლობაში ისე ვიღლები, რომ გართობა საერთოდ არ მინდა.
- ე.ი. პასიური დასვენება გიყვარს?
- წელს შემიყვარდა, მანამდე - არ მიყვარდა (იცინის).
თამუნა ნიკოლაძე:
- კვარიათში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ - ფანტასტიკურად ვისვენებ!
- ვისთან ერთად ისვენებ?
- ჩემს ოჯახთან ერთად. თითქმის სულ ზღვის სანაპიროზე ან წყალში ვარ. პერიოდულად, მეგობრებსაც ვხვდები.
- "შუა ქალაქის" მსახიობებმა ზაფხულის გარკვეული პერიოდი ერთად ხომ არ გაატარეთ?
- მე, მაიკო, გოგა, ბაჩო და კახა 3 დღით თუშეთში ვიყავით. ომალოში სასტუმროში ვცხოვრობდით და არაჩვეულებრივი სოფლები მოვინახულეთ! საოცრება იყო! მაგრად გავერთეთ! ყველაფერი ფანტასტიკური იყო - მეგონა, ზეცაში ვცხოვრობდი!
- ზღვა უფრო გიყვარს თუ - მთა?
- მთაზე ვგიჟდები, მაგრამ ზღვაც ძალიან მიყვარს!
- კარგად ხარ გარუჯული?
- ნორმალურად ანუ ზუსტად ისე, როგორც მომწონს.
- წვიმიან ამინდში დროს როგორ ატარებ?
- წიგნს ვკითხულობ, მეგობრებთან ვსაუბრობ...
- თაყვანისმცემლები ხომ არ გაწუხებენ?
- შეგნებულად ეკიდებიან იმ საკითხს, რომ ვისვენებ. იციან - არ უნდა შემაწუხონ... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ზაფხული კარგად გავატარე. სექტემბრის დადგომას დასვენებული, ენერგიით სავსე ველოდები.
კახა ჯოხაძე:
- ამჟამად ქობულეთში ვარ და ახალი სამუშაო სეზონისთვის ვემზადები.
- როგორ?
- როგორ და, ვისვენებ! მაქსიმალურად ვცდილობ, ბევრი არ ვიარო, ენერგია დავზოგო...
- ქობულეთში ვისთან ერთად ხარ?
- ცოლ-შვილთან, დედასა და დეიდასთან ერთად.
- დასასვენებლად მარტო თუ წასულხარ?
- არა, დასასვენებლად მარტო არასდროს წავსულვარ. 1-2 დღით დასასვენებლად სადმე წასვლას არ ვგულისხმობ, ხანგრძლივი პერიოდით კი მარტო არასოდეს მივდივარ.
- უცხოეთის კურორტებს თუ სტუმრობ?
- ოჯახი მყავს და ყველამ ერთად უცხოეთში რომ დავისვენოთ, ამისთვის კარგი მატერიალური მომზადებაა საჭირო. კარგა ხანია, დასასვენებლად უცხოეთში არ ვყოფილვარ, თუმცა სურვილი მაქვს, ოღონდ - არა საზღვაო კურორტებზე წასვლის, მთიანი ადგილი მირჩევნია. შოტლანდიაში დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი.
- საქართველოს მთიან რეგიონებს არ სტუმრობ?
- მაქსიმალურად ვცდილობ, ვესტუმრო. წარმოშობით რაჭველი ვარ. რაჭაში სახლიც გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, დაკეტილია - ბებია-ბაბუა ცოცხლები აღარ არიან. პრაქტიკულად, რაჭაში ყოველ წელს მივდივარ.
- რაჭას წელსაც ესტუმრე?
- წელს ვერ მოვახერხე. თანაც, მიწისძვრის დროს სახლი ცოტათი დაზიანდა. მართალია, იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში არაა, მაგრამ "ხელის შევლება" მაინც სჭირდება.
- "შუა ქალაქის" მსახიობები ერთმანეთს ხვდებით?
- ოთარ ტატიშვილი ქობულეთში გახლდათ. მას შევხვდი და ერთი საღამო ერთად გავატარეთ.
- როგორ გაატარეთ?
- რომ გითხრათ, - ცუდად-მეთქი, დამიჯერებთ (იცინის)? მშვენივრად! ახლა გონიოში წასვლას ვგეგმავ, რადგან ბაჩო და ირაკლი ვახტანგიშვილი იქ არიან. სანამ ვისვენებ, მინდა, მათი ნახვა მოვასწრო - ყველა ძალიან მომენატრა!
ბაჩო ქაჯაია:
- ძალიან კარგად დავისვენე. სადაც ვიყავი, ყველგან ოჯახთან ერთად გახლდით.
- სად იყავით?
- ჩემს ბებია-ბაბუასთან - ხაშურში, მერე 2 კვირით რაჭაში წავედით. ამჟამად გონიოში ვიმყოფებით.
- "შუა ქალაქის" მსახიობების გარეშე ხომ არ მოიწყინეთ?
- მოწყენით - არა, მაგრამ ყველა ძალიან მომენატრა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუკი ყველანი ერთად ვიქნებოდით... ოჯახურ იდილიაში ძალებს ვიკრებ.
- ახალი სამუშაო სეზონის დაწყების წინ როგორი განწყობილება გაქვთ?
- მუშაობა უკვე მომენატრა! მინდა, სამუშაო პროცესში დიდი შემართებით ჩავება. ვნახოთ, რა და როგორ იქნება...
- წლევანდელი ზაფხული შენთვის განსხვავებული თუ იყო?
- კი. განსხვავებული იმით იყო, რომ ხანგრძლივი დასვენება გამომივიდა - 2-თვიანი შვებულება მქონდა. ბევრგან წასვლა მოვახერხე და ეს ძალიან მიხარია. რაც მთავარია, "შუა ქალაქის" მსახიობები თუშეთში ვიყავით, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიგვიპატიჟა. დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ. თუშეთი ყველა ქართველმა უნდა ნახოს.
ჯაბა კილაძე:
- ამჟამად ბათუმში ვარ. სარფში ვცხოვრობ და ბათუმშიც მოვდივარ ხოლმე. მეგობრებთან ერთად ვერთობი.
- როგორ ერთობი?
- ზღვა, კლუბი... მოკლედ, კარგად ვერთობი!
- უცხოეთის კურორტებს არ სტუმრობ?
- არა.
- არც არასდროს ყოფილხარ?
- ვყოფილვარ, მაგრამ ხშირად არ მივდივარ.
- რომელია ის ადგილი, სადაც სიამოვნებით დაისვენებდი?
- გოაში წასვლა მინდა.
- მაინცდამაინც გოაში - რატომ?
- არ ვიცი, უბრალოდ, მინდა. ასე მგონია, რომ იქ ძალიან კარგია.
- ბათუმში ხალხმრავლობა რომაა, ეს არ გღლის?
- არა, რატომ, ხალხმრავლობას რა სჯობია?!
- ე.ი. აქტიური დასვენება გიყვარს, არა?
- აქტიურიც და პასიურიც. პასიური დასვენებისთვის მთას ვსტუმრობ ხოლმე.
- მთას წელსაც ესტუმრე?
- კი, ფასანაურში ვიყავი. იქ სახლი მაქვს და ხშირად მივდივარ. აქტიური და პასიური დასვენების ერთმანეთთან შეთავსებას ვახერხებ.
- "შუა ქალაქის" მსახიობებს არ ხვდები?
- არა, არავინ მინახავს.
- მათთან ერთად თუშეთშიც არ ყოფილხარ?
- არა, საქმე მქონდა და ვერ წავედი.
- ახალი სამუშაო სეზონისთვის როგორ ემზადები, როგორი განწყობილება გაქვს?
- ჯერ ყველასა და ყველაფრისგან ვისვენებ, ძალიან კარგად ვარ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
eTo yorRanaSvili