ავტორი:

ისტორიები სტეპანაკერტის თავშესაფრებიდან და ცხოვრება, რომელსაც ფონად ბომბების ხმა გასდევს - "ოთხი შვილიშვილი მყავს, ყველა ომში წავიდა, ერთი დაიღუპა.."

ისტორიები სტეპანაკერტის თავშესაფრებიდან და ცხოვრება, რომელსაც ფონად ბომბების ხმა გასდევს - "ოთხი შვილიშვილი მყავს, ყველა ომში წავიდა, ერთი დაიღუპა.."

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს განახლებული შეაიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ერთ დღეს ყველა ომი სრულდება, ყარაბაღის ომის შემთხვევაშიც ასე იქნება. არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ის, მაგრამ ერთი რამ ცხადია - უამრავ ტრაგიკულ ისტორიას და ცრემლიან თვალებს დატოვებს.

ომის დროს დაიბომბა არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქი სტეპანაკერტი.

ომამდე ხმაურიანი ქალაქის ახლანდელ სურათს "ალჯაზირას" ჟურნალისტი ასე აღწერს:

"მოხუცი წყვილი ნელი ნაბიჯებით შედის ქალაქის იმ მცირე მაღაზიებიდან ერთ-ერთში, რომელიც ღია დარჩა. კაცებით სავსე მანქანა ჩანს, ფრონტის ხაზისკენ მიემართებიან და ხელებს გვიქნევენ, სასტუმრო "ევროპას“ წინ ჟურნალისტები არიან, ჩაფხუტებითა და დამცავი ჟილეტებით, სამუშაო დღეს გეგმავენ.

სირენების ხმა კი რეგულარულად ისმის, რუტინული გახდა. ეს ხმა ყველას აფრთხილებს, რომ იჩქარონ, დაიმალონ. ასეთია სცენა სტეპანაკერტში" - წერს "ალჯაზირა". სტატიის ავტორი დღევანდელ სტეპანაკერს აჩრდილების ქალაქს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრებშია, ნაწილი სომხეთში გადავიდა.

ომამდე ქალაქში დაახლოებით, 55 000 ადამიანი ცხოვრობდა, რაც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაახლოებით, მესამედია.

გამოცემა წერს, რომ სტეპანაკერტი ჩვეულებრივ ხმაურიანი ქალაქი იყო და უფრო თანამედროვე, ვიდრე სომხეთის სხვა ქალაქები, გარდა ერევნისა. მდიდარი სომხური დიასპორის წარმომადგენლების შეწირულობების შედეგად, აქ მოწესრიგდა გზები, კლინიკები და გაიხსნა თანამედროვე ტიპის სასტუმროები. დღეს ადამიანების ხმა სირენებისა და სამხედრო მოქმედებების ხმამ ჩაანაცვლა.

სტეპანაკერტის თავშესაფრებში მყოფ მოქალაქეებს თავიანთი ტრაგედია აქვთ, თითქმის ყველა ოჯახიდან არის ვიღაც, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა.

"ჩვენ აქ 27 სექტემბერს, დილით, ომის დაწყების პირველ დღეს მოვედით“, - ამბობს 32 წლის ანიუტა, რომელიც თავშესაფარში მცირეწლოვან შვილებთან ერთადაა. ის იმედიანადაა, რადგანაც თვლის, რომ უსაფრთხო ადგილზეა. "აქ კარგად ვართ, უსაფრთხო ადგილია და საკვების მარაგიც გვაქვს“, - ამბობს ქალი. მისი ოჯახის წევრები - მამა და ძმა ფრონტის ხაზზე არიან. ქალი ამბობს, რომ მამის წაყვანა ასაკის გამო არ სურდათ, თუმცა ის მაინც წავიდა.

"ჩემი დის ქმარი წინა ომის დროს დაიღუპა, მამის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე კი, ომში შვილი დაეღუპა, დედამისმა მისი ცხედარიც კი ვერ იპოვა, რამდენი შესწირა ამ კონფლიქტს მისმა ოჯახმა“, - ამბობს 69 წლის ნურვარდი გაბზარული ხმით. მისი 4 შვილიშვილი განახლებულ კონფლიქტში ჩაება, მათგან ერთი კი უკვე ემსხვერპლა ომს.

"ოთხი შვილიშვილი მყავს და ყველა ფრონტის ხაზზე წავიდა. მათგან ერთი, სამი დღის წინ გარდაიცვალა, დანარჩენები ჯერ იბრძვიან და კვლავ იქ არიან“, - ჰყვება ნურვარდი, ცრემლიან თვალებს მალავს და ზურგით ბრუნდება.

"ეს კვირა შედარებით უკეთესია. ისეთი სიხშირით აღარ ბომბავენ", - ამბობს 65 წლის ვაზგენი, ტაქსის მძღოლი, რომლის ორი ვაჟიც ფრონტის ხაზზე იბრძვის. ის და მისი მეგობრები სირენის ხმაზე არ იმალებიან და თავშესაფრის გვერდით, გარე პერიმეტრზე რჩებიან. "მე რომ ხმაურის ყოველ გაგონებაზე გავქცეულიყავი, არ ვიქნებოდი კარგი ჯარისკაცი“, - ამბობს ის ღიმილით და 1990-იან წლებს იხსენებს, როდესაც სამხედრო სამსახურში იყო. თუმცა მასაც აქვს საზღვრები - ვაზგენის ვაჟი ახლა ომშია. ის შვილის დაბრუნებას ელის.

45 წლის ლუდმილა, რომელიც ომამდე კაფეტერიაში მუშაობდა, ნატრობს, რომ ეს ომი უკანსაკნელი იყოს - "ეს უკვე მესამე ომია, რომელიც მე ვნახე, კიდევ რამდენი ომი უნდა გადავიტანოთ?!“ (გულისხმობს პირველ შეიარაღებულ ომს მთიანი ყარაბაღისთვის, ასევე 2016 წლის ოთხდღიან ომს და მიმდინარეს).

მის სიტყვებს ექოდ გასდევს შორიდან მომავალი საარტილერიო დარტყმების ხმა, კითხვებზე პასუხი კი არავის აქვს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. ომს უკვე ასობით ჯარისკაცი და ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მხარეები ორჯერ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს და მის დარღვევაში ამ დრომდე ადანაშაულებენ ერთმანეთს.

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება

ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ