ავტორი:

ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ

ევროპის კოვიდ განსაცდელი: "კომენდანტის საათი", პროტესტი შეზღუდვების გამო და ინფიცირებული ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად იზრდება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, რომლებიც ეტაპობრივად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ვითარება იმდენად რთულია, რომ ინფიცირებული ექიმები იძულებულნი არიან კვლავ იმუშაონ.

როგორც BBC წერს, ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ. გამოცემის ცნობით, ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია, მაგრამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის გამო, სამედიცინო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.

ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა BBC- ს განუცხადა, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სისტემას რამდენიმე დღეში კოლაფსი ელოდება.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაკეტილია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები, მაღაზიები 20:00 საათამდე მუშაობს, პირბადეების ტარება სავალდებულოა ხალხმრავალ ადგილებში. ეს წესები მოქმედებს 19 ნოემბრამდე. ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 321 031 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 087 და დაღუპულია 10 810 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა იტალიაში, თუმცა ყოველივეს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და აქციები გაიმართა. მედიაში წერენ, რომ საპროტესტო მსვლელობების დროს ქვეყნის ორ ქალაქში, მილანსა და ტურინში, ძალადობის შემთხვევები იყო.

ტურინში მომიტინგეების ნაწილმა რამდენიმე მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქ მილანში გამართულ საპროტესტო აქციაზეც.

"თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება" - ყვიროდნენ მილანში საპროტესტო აქციის მონაწილეები

იტალიაში ბარები და რესტორნები საღამოს 6:00 საათზე იკეტება, ამასთან, ვირუსის მეორე ტალღის შეჩერების მიზნით, დროებით დაიხურა სპორტდარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები. შეზღუდვები ძალაში გუშინ შევიდა.

პანდემიის პერიოდში დიდ ბრიტანეთში სულ უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს და როგორც BBC წერს, ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 20 ათასს აჭარბებს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ წერტილოვანი "ლოქდაუნებით“ შემოიფარგლებიან. დიდ ბრიტანეთში, საერთო ჯამში, 894 690 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 44 998 პაციენტი.

საფრანგეთში ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რეალური ციფრი შესაძლოა, 100 000 იყოს, რაც გაცილებით მეტია ინფიცირების ოფიციალურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ საუბრობს საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ჟან ფრანსუა დელფრაისი. "ჩვენმა ბევრმა თანამოქალაქემ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა გველოდება“, - აცხადებს დელფრაისი.

საფრანგეთმა დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ღამის "კომენდანტის საათი" დააწესა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთის 1.1 მილიონს აჭარბებს და გარდაცვლილია 34 780 პაციენტი.

ღამის "კომენდანტის საათი“ დააწესეს ჩეხეთშიც. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. სახლიდან გასვლა იკრძალება 21:00 საათიდან გამთენიის 04:59 საათამდე. წესები ვრცელდება ყველაზე, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კვირაობით არცერთი მაღაზია არ იფუნqციონირებს, ხოლო სხვა დღეებში 20:00 საათზე დაიხურება.

ესპანეთმა კვლავ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დააწესა "კომენდანტის საათი", რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კვლავ მკვეთრად გაიზარდა. ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს ღამის 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ესპანეთში კორონავირუსის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 750 ადამიანი.

ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში სამი ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა - BBC

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება