აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყი სუვერენულ და თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა, რომელიც საკუთარი პოლიტიკის არჩევანში თავისუფალია. "ომი მთავრდება", - განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში, რომელიც თეთრი სახლის ბლოგზე განათავსეს.
ობამამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, ერაყიდან 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს. პრეზიდენტმა კვლავ დადო პირობა, რომ 2011 წლის ბოლოს ყველა ჯარისკაცი შინ დაბრუნდება.
"ამ პოსტზე კენჭისყრისას, მე პირობა დავდე, რომ ომს დავამთავრებდი. ახლა პრეზიდენტი ვარ და დაპირებას ვასრულებ".
31 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი ტელემიმართვით გამოვა, სადაც ომის დასრულებას ოფიციალურად გამოაცხადებს.
აშშ-ის არმიამ უკვე დაასრულა ერაყში სამხედრო ოპერაციები. 19 აგვისტოს ერაყიდან ბოლო ამერიკული საბრძოლო ქვედანაყოფი გამოიყვანეს. ქვეყანაში 50 ათასი ამერიკელი სამხედრო რჩება, რომელთა მიზანი ერაყის არმიის გაწვრთნა და დიპლომატიური მისიების დაცვაა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.