გასულ წელს ცნობილი "ანჟელიკა" 70 წლის გახდა, თუმცა ჯერ არ აპირებს დასვენებას. კანიდან, სადაც ბოლო დროს ცხოვრობს, ხშირად ჩადის სხვადასხვა ქალაქში, კინოფესტივალებსაც ესწრება და მსხვილ ევროპულ ღონისძიებებსაც. ხანდახან კინოშიც თამაშობს. თავისუფალ დროს კი მემუარებს წერს და ყოფილ საყვარლებს იხსენებს.
მადამ მერსიე ამას წინათ პრაღაში საოპერო კარნავალზე მიიწვიეს. ხანდაზმული ფრანგი ქალბატონი ბევრ ახალგაზრდა მსახიობს ჩამოიტოვებს უკან. გამუდმებით ეწეოდა, არაყს სვამდა და სიამოვნებით ცეკვავდა. როცა ვიღაცამ ჰკითხა, რა არის მისი მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო, მიშელმა უპასუხა:
- მე გურმანი ვარ, ვგიჟდები გემრიელად ჭამაზე, ამიტომაც ჩემი სილამაზის შენარჩუნება არც ისე იოლია. მაგრამ გონიერი ქალი ვარ, თავს უფლებას არ ვაძლევ, მეტისმეტად ბევრი მივირთვა, სამაგიეროდ, წყალს ვსვამ ბლომად და ყოველ დღე ველოტრენაჟორზე კილომეტრებს ვფარავ.
ფრანგი მსახიობის ცხოვრების ამბავი კარგი სცენარი იქნებოდა ჰოლივუდური მელოდრამისთვის. მიშელმა სიყვარულისა და ვნების, ღალატისა და სიძულვილის გემო გაიგო, ორჯერ კი ერთი და იმავე მამაკაცისგან ძალადობაც იწვნია.
- ორჯერ გავთხოვდი და რამდენიმე მამაკაცთან ქორწინების გარეშე ვცხოვრობდი. თანაც, ყველა ჩემი მამაკაცი ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი სიყვარული იყო, - აღიარა ამას წინათ მერსიემ. თუმცა მის ყველა საყვარელს თითქოს რაღაც ბედისწერა სდევდა თან.
მისი პირველი მამაკაცი მსახიობი ჯიანი ესპოზიტო მათი რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ რელიგიაში გადავარდა და უცნაურად დაიწყო მოქცევა. მაგალითად, ერთხელ ცოლს სთხოვა, თავისი საღამური დაეწვა, რომელიც პირველ ღამეს ეცვა.
ჯიანისთან განქორწინების შემდეგ მომავალი ქმარი - ანდრე სმაგი გაიცნო, რეჟისორის თანაშემწე. მასთანაც ვერ იპოვა ბედნიერება: ანდრე ცოლზე ეჭვიანობდა, განსაკუთრებით "ანჟელიკას" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ამის გამო ბევრს სვამდა და საბოლოოდ ნევროლოგიურ კლინიკაში დააწვინეს.
შემდეგი ქმარი ავტომრბოლელი კლოდ ბურიო იყო. ისიც საშინელი ეჭვიანი. მიშელმა მასთანაც შეწყვიტა ურთიერთობა და ახალი რომანი გააბა შეძლებულ ბატონთან, ვინმე ადრიენთან. ამჯერად ოფიციალურად არ გაუფორმებია ქორწინება. ადრიენსაც მწარე ხვედრი ელოდა - ალკოჰოლური დაავადება აღმოუჩინეს, რომელიც სასიკვდილო გამოდგა.
ახლა მიშელი მარტო ცხოვრობს, მაგრამ მარტოობის არ ეშინია.
- ჩემმა მამაკაცებმა ყველაფერი წაიღეს - ფულიც, გულიც, - ამბობს მსახიობი, - მაგრამ დიდი ხანია მივხვდი: ჯობია მარტო იყო, ვიდრე ვინც ხელში მოგხვდება, მასთან. მით უმეტეს, რომ თავის დროზე ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ აპირებდა ჩემს გაუპატიურებას - მსახიობი და რეჟისორი ვიტორიო გასმანი. მართალია, ეს მრავალი წლის წინ მოხდა, მაგრამ ეს ტკივილი დღემდე არ განელებულა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)