სად დაჰყავს იძულებით ქმარს ნინო ჩხეიძე

სად დაჰყავს იძულებით ქმარს ნინო ჩხეიძე

მომღერალ ნინო ჩხეიძეს დასვენება ზაფხულზე მეტად შემოდგომით უყვარს. საერთოდ, ზღვაზე წასვლას, უცხო ქვეყანასა და ქალაქში მოგზაურობა ურჩევნია. წყლის ეშინია, ნამზეურს ძნელად იღებს და საცურაო კოსტიუმის არჩევითაც დიდად თავს არ იკლავს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისთვის ზღვა ტანჯვა უფროა, ვიდრე დასვენება.

წელს ნინო ლელა წურწუმიასა და მამულიჩასთან ერთად ოდესაში იყო, შემდეგ ბათუმსაც ეწვია რამდენიმე დღით, მალე პარიზში გაემგზავრება.

- საერთოდ, ზაფხულში დასვენებაზე მეტად მუშაობა მიყვარს. ამ დროს შემიძლია, საქმეზე კონცენტრაცია გავაკეთო, ნაყოფიერად ვიმუშაო და მერე სექტემბერ-ოქტომბერში დავისვენო. მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველ წელს მიწევს თურქეთში წასვლა, არადა, ზღვა არ მიყვარს, გიორგი კი გიჟდება მასზე. შეიძლება ითქვას, მე იქ ყოფნით ვიტანჯები. ამას მირჩევნია, სადმე უცხო ქვეყანაში ან კარგ ქალაქში ვიმოგზაუროთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ზღვა არ გიყვარს და მაინც გიწევს იქ წასვლა, გვითხარი, ცურვა თუ იცი?

- არა და წყლის ძალიან მეშინია. ერთხელ ბათუმში ყოფნისას მამაჩემმა ცურვა მასწავლა, გავთამამდი, შორს შევედი და კინაღამ დავიხრჩე, რის შემდეგაც წყლის შიში დამჩემდა და ზღვაში საერთოდ აღარ შევდივარ.

- წყლის გასართობებზე თუ ცდი ხოლმე ბედს?

- კი, მიყვარს "აკვა-პარკების" გასართობებზე ძალების მოსინჯვა. ერთხელ ავედი ძალიან მაღალ სასრიალოზე, იმხელა იყო, რომ ბოლომდე ასასვლელად დაახლოებით სამასი საფეხურის ავლა დამჭირდა, ჩამოსრიალების წინ კი გადავიფიქრე და უკან ისევ კიბით ჩამობრუნება გადავწყვიტე, მაგრამ დავგორდი და ძლივს გადავრჩი.

- სხვაგვარ საზაფხულო ხიფათში თუ ჩავარდნილხარ, თუნდაც ზღვაზე, სადაც იძულების წესით გიწევს წასვლა?

- კი, ერთ წელიწადს გიორგი საშინლად დავწვი. ვინაიდან თეთრი კანი მაქვს, "ზაგარს" ძალიან ძნელად ვიღებ, ამიტომ "ჯონსონის" ზეთს ვისვამდი, რომ უფრო კარგად "ავშიშხინებულიყავი", ჰოდა, ეს ზეთი ჩემს ქმარსაც წავუსვი, რის შედეგადაც მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ყვიროდა, ეს რა დამმართეო (იცინის).

- მერე როგორ გადარჩი და "გამოძვერი" ამ ამბიდან?

- ახალი გათხოვილი ვიყავი და მაპატია.

- ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის საცურაო კოსტიუმი?

- იქიდან გამომდინარე, რომ ცურვა არ ვიცი, არ მიყვარს ზღვა, ჩემთვის სულერთია, მაქვს თუ არა საცურაო კოსტიუმი, იმასაც ვერ ვხვდები, როგორ არჩევენ, უბრალოდ, ყიდვისას ვცდილობ, ცოტა ლამაზი შევარჩიო. რომ გითხრათ, ბევრი მაქვს და მონდომებით ვარჩევ-მეთქი, მოგატყუებ.

- მოკლედ, ზღვა და შენ ერთმანეთისგან შორს ხართ...

- კი, ძალიან. ზღვაზე მიყვარს საღამოობით, ოღონდ ისიც ცოტა ხნით, სეირნობა.

- ალბათ რომანტიკულ გარემოსაც იქმნით ხოლმე შენ და შენი მეუღლე...

- კი, ასეთ სიტუაციაში ძალიან მიყვარს ვახშმობა.

- კარგი, რადგან დასვენებაზე მეტად მოგზაურობა გიყვარს, გვითხარი, ყველაზე კარგად რომელი ქვეყანა გახსენდება?

- რა თქმა უნდა, საფრანგეთი. პარიზი ძალიან მიყვარს, მაგრამ ასევე ძალიან მომეწონა ბრიუსელი, პატარა და საყვარელი ქალაქია. აი ახლა, ვახშამზე გამახსენდა, დანიაში ყოფნისას ჩემმა ქმარმა დამპატიჟა კაფეში, სადაც "სანტაკლაუსური" გარემო იყო, ჭრაქი ენთო, მაგიდაც და მომსახურებაც გარემოსთან იყო შერწყმული, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ახალი წელი იყო, არადა, ზაფხული გახლდათ (იღიმის).

- ალბათ ეგზოტიკური კერძების მოყვარულიც იქნები, თუ აგემოვნებ უცხო კერძებს?

- კი, მიყვარს აზიური სამზარეულო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მიჭამია კალიები, გველთევზები და ამგვარი რაღაცები.

- ნინო, შენ და შენს მეუღლეს ცალ-ცალკე თუ დაგისვენიათ?

- მე არსად მიშვებს მარტო, მაგრამ თვითონ დადის ხოლმე, მე ყველგან ვუშვებ.

- და შენ რატომ არ გიშვებს?

- არ ვიცი, ისე ხდება, რომ არ მიშვებს და რატომ, არ ვიცი.

- გიორგი რამდენად კარგია მოგზაურობისას?

- ჩემგან განსხვავებით, გიორგი "პაეზდკაში" ოქროა, მე მახასიათებს წუწუნი, თუ რამე არ მომეწონება, სახეზე ეგრევე მეტყობა, გიორგი კი ყველაზე კარგია ასეთ სიტუაციებში და ამას ჩვენი მეგობრებიც აღნიშნავენ. არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნის, მოძებნის კარგ და საინტერესო ადგილებს, წამოგყვება, დაგათვალიერებინებს, მოაწყობს ექსკურსიებს. ერთადერთი, რაც არ უყვარს, შოპინგია.

- და ალბათ ეს ისაა, რაზეც შენ გიჟდები...

- დიახ, და ამ დროს მარტო მიწევს სიარული.

- ნინო, ლაშქრობები და კარვებით მოგზაურობა თუ გიზიდავს?

- რაც კარავთან არის დაკავშირებული, მაშინებს, სულ მგონია, რაღაც დამემართება, ამიტომ არც არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. ვერ ვმეგობრობ ასეთ დასვენებებთან, ამით უფრო ვიღლები.

- ყველზე ცუდად რომელი ზაფხული გახსენდება?

- რომ გავთხოვდი, ჩემმა ქმარმა მარმარისში წამიყვანა მანქანით, ოღონდ იმხელა გზა გავიარეთ, რომ მთელი ერთი კვირა იმას ვფიქრობდი, უკან როგორ უნდა დავბრუნდეთ-მეთქი. გზამ გადამრია და მას შემდეგ მსგავსი ექსპერიმენტები არ ჩაუტარებია (იღიმის).

- როგორც აღნიშნე, საფრანგეთი ძალიან გიყვარს, ალბათ განსაკუთრებული მოგონებებიც გაკავშირებს პარიზთან...

- კი, ალბათ წინა ცხოვრებაში ამ ქალაქში ვცხოვრობდი (იღიმის).

- ალბათ იქ ყოფნით სარგებლობ კიდეც და თავსაც უვლი...

- შენ წარმოიდგინე, ნაკლებად ვკავდები ამით. ისე, წინა ჩასვლაზე თმა კი შევიღებე პარიზულ სალონში.

- სხვათა შორის, ისიც თქვეს, ნინომ საფრანგეთში გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა და ოპერაცია გაიკეთაო...

- არააააა, ტყუილია. ჯერჯერობით მსგავსი რაღაცები არ მჭირდება, თუმცა, როცა დამჭირდება, გავიკეთებ, რატომაც არა?!

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება