გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთმანეთს თაყვანისმცემლებზე უყვებოდნენ

გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთმანეთს თაყვანისმცემლებზე უყვებოდნენ

გიორგი კალანდაძეს და ნათია წიწილაშვილს შინ "დასაკითხად" ვესტუმრეთ. ჩვენი რუბრიკა ახალმა წყვილმა ძალიან მოიწონა და სერიოზულადაც მოეკიდა.

"ჩვენი ოფისის" მსახიობები თურქეთიდან ახლახან დაბრუნდნენ, დასვენებულმა და გარუჯულმა წყვილმა ახალ ბინაში გვიმასპინძლა. როგორც უკვე იცით, ცოლ-ქმართან ინტერვიუებს ცალ-ცალკე ვწერთ, რათა ერთმანეთის საუბარი არ მოისმინონ.

- ქორწინების თარიღი...

ნათია:

- 15 ივნისი, 2010 წლის. მოიცა, ივნისი კი არა, მაისი (იცინის).

გიორგი:

- 2010 წლის 15 მაისი.

- პირველად რომელი გამოტყდით სიყვარულში?

ნათია:

- სიყვარულის ახსნა ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ისე, რომ ერთმანეთს თაყვანისმცემლებზე ვუყვებოდით. მერე გიორგიმ მიმახვედრა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. პირველი, ალბათ, გიორგი გამოტყდა, ზუსტად არ მახსოვს.

გიორგი:

- ერთდროულად გამოვტყდით, თამაშით, ფლირტით, გამოცანებით მივახვედრეთ ერთმანეთს.

- ეჭვიანია? შენ?

ნათია:

- გარკვეულ ზღვრამდე ყველა ადამიანი ეჭვიანია, მაგრამ "სად წახვედი, ვინ დაგირეკა და რომელ საათზე მოხვალ", რომ აწუხებენ ცოლებს, ასეთი არ არის. მე უფრო არ ვარ ეჭვიანი.

გიორგი:

- არა, არც მე ვარ ეჭვიანი. საფუძველი არ გვაქვს არც ერთს და ალბათ ამიტომ.

- ქათინაურს ადვილად იმეტებს? შენ?

- კი, მეც არ ვარ ძუნწი ამ მხრივ, თუმცა უფრო ცივი ვარ, ვიდრე გიორგი.

გიორგი:

- ადვილად ნამდვილად არ იმეტებს. საერთოდ, დიდად არ უყვარს თავისი აზრების ფრქვევა და ქათინაურების მით უმეტეს. ხანდახან ამბობს, როცა საჭიროდ მიაჩნია. არც მე ვამბობ ყოველ წუთს კომპლიმენტებს.

- მისი საფირმო კომპლიმენტი მითხარი? შენი?

ნათია:

- "ჩემი კრასავიცაო", ასე მეუბნება. მე, როგორც უკვე გითხარი, სიყვარულს ისე ვერ გამოვხატავ, როგორც საჭიროა. თუმცა, თუ ემოცია ვერ დავმალე, ვამბობ ხოლმე ჩემებურად, "ვაიმე, მოდი აქ უნდა გაკოცო" (იცინის).

გიორგი:

- ძალიან ჩვეულებრივია ჩემი საფირმო კომპლიმენტი, რომ ნათია ულამაზესია. თვითონ ასე ამბობს როცა მოვწონვარ, "მმმ, შენი" (იცინის).

- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, უმეტესად ვინ თმობს?

ნათია:

- სიტუაციას გააჩნია, თანაბრად ალბათ, ან უფრო ხშირად გიორგი, ზუსტად ვერ ვიტყვი.

გიორგი:

- არც ერთი არ ვთმობთ. ჩვენი უთანხმოება კამათის ზღვარს არ სცდება, მაგრამ დათმობა ორივეს გვიჭირს, ძალიან ჯიუტები ვართ.

- პირველად რა ასაკში შეუყვარდა? შენ?

ნათია:

- როგორც ვიცი, ჯგუფელი უყვარდა სტუდენტობისას, ღრმა ბავშვობაზე ვერაფერს გეტყვი, მე 13 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად.

გიორგი:

- მგონი გარდატეხის პერიოდში, 12-13 წლის ასაკში. მე საბავშვო ბაღში შემიყვარდა პირველად, თუ ეს სიყვარულად ითვლება.

- რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ?

ნათია:

- რამეს რომ მიყვება და თავიდან ბოლომდე არ ვარ ჩართული ამ ამბავში, იმას მსაყვედურობს, კომენტარები უნდა უკეთო მის მონოლოგს, ეს სიამოვნებს (იცინის), ჰგონია, რომ მთლად კარგად არ ვუსმენ და ბრაზობს. მე ნივთებთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე პრეტენზიები. უადგილოდ ტოვებს ნივთებს ოთახებში და მერე ვერ პოულობს. ცოტა უყურადღებოა ამ მხრივ. ვიღაცას რომ გაიცნობს, მეორე წუთს არ ახსოვს, რა ჰქვია.

გიორგი:

- არ ჭამო ბევრიო, მეუბნება. კიდევ მსაყვედურობს იმას, რომ უმნიშვნელო რაღაცებზე ვნერვიულობ. ამას მეც ვხვდები, რომ არ ღირს წვრილმანები სანერვიულოდ, მაგრამ გვიან. მე ძალიან იშვიათად ვსაყვედურობ, არც მახსენდება რაზე.

- რა წიგნს კითხულობს ახლა? შენ?

ნათია:

- არაფერს. მე გეგმაში მაქვს, ლაზარევი წავიკითხო, ადამიანის თვითრეალიზებისა და თვითშემეცნების სწავლით დავინტერესდი.

გიორგი:

- არ ვიცი. გუშინ ჩამოვედი, დასასვენებლად ვიყავით და წიგნი არ დამინახავს მის ხელში. მეც არაფერს არ ვკითხულობ ახლა.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

ნათია:

- გურმანია გიორგი, ბევრი კერძი უყვარს, ყოველდღე რომ ჭამოს, არ მოჰბეზრდება შემწვარი კარტოფილი და ქათმის კატლეტი. მე საყვარელი კერძი, შეიძლება ითქვას, არ მაქვს. ყველაფერი მიყვარს, რომელი ქვეყნის სამზარეულოც უნდა იყოს, ალბათ უფრო სპაგეტის გამოვარჩევ.

გიორგი:

- სიმართლე თუ გაინტერესებს, ჭამაზე დიდად არ არის გადარეული. წვნიანები უყვარს. მე ყველაფერი მიყვარს, ცომეულის გარდა, განსაკუთრებით შემწვარი კარტოფილი, კეტჩუპი და მაიონეზი.

- რამდენ ჭიქა ყავას სვამს დღეში? შენ?

ნათია:

- გიორგი საერთოდ არ სვამს ყავას, მე 2-3-ს.

გიორგი:

- 3-4-ს, მე საერთოდ არ ვსვამ ყავას, არ მიყვარს.

- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?

ნათია:

- ნაცრისფერი, ჩემი - მოვარდისფრო-მოწითალო.

გიორგი:

- ნინის ჯაგრისი ვარდისფერია, ჩემი - ნაცრისფერი.

- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი?

ნათია:

- მუცელზე, ხელები ბალიშის ქვეშ აქვს ხოლმე ამოდებული. მე გვერდზე გადაბრუნებულს მძინავს.

გიორგი:

- ჩემთან ჩახუტებული. საერთოდ, ზურგზე არ იძინებს, გვერდზე გადაბრუნებულს სძინავს. მეც ანალოგიურად, ან მუცელზე.

- ამოჩემებული ტანისამოსი აქვს? შენ?

ნათია:

- არ იცის ამოჩემება, მაგრამ სტილი ყოველთვის ერთნაირი აქვს, ჯინსი, კედები, პერანგი, ჰალსტუხი ან მაისური და პიჯაკი ზემოდან. ერთსა და იმავეს არ იცვამს რამდენიმე დღე, მე უფრო ვიცი ამოჩემება. ბოლო დროს ტილოს ნაცრისფერი შარვალი ამოვიჩემე.

გიორგი:

- ძირითადად კედების ამოჩემება ვიცი, ზოგჯერ ჯინსისაც, ნათიას გამოცვლა უყვარს, ერთსა და იმავეს ორი დღე არ ჩაიცვამს. ბოლო დროს სპორტულ-ქუჩური სტილი ამოიჩემა და ასე იცვამს.

- პუნქტუალურია? შენ?

ნათია:

- მე უფრო პუნქტუალური ვარ.

გიორგი:

- პუნქტუალურები ვართ ორივე.

- ყურადღებიანია? შენ?

ნათია:

- წვრილმანებს თუ არ ჩავთვლით, ყურადღებიანია. მეც ყურადღებიანი ვარ და პასუხისმგებლიანი.

გიორგი:

- ყველასადმი ყურადღებიანია, ნამდვილად არავის არ აკლებს ყურადღებას. მეც ვცდილობ ყველას თანაბრად გავუნაწილო ჩემი დრო.

- რისი გაკეთება ეზარება სახლში? შენ?

ნათია:

- როცა ბევრი საქმე მაქვს, რა თქმა უნდა, მეზარება. მაგალითად, არ მიყვარს "უბორკა". ყოველდღიურ საქმეს რაც შეეხება, გიორგის თეთრი პერანგების რეცხვა არ მიყვარს. ხელით უნდა ვრეცხო და იმიტომ. თან ასეთი ბევრი აქვს (იცინის). გიორგიც არ არის ზარმაცი, როცა მჭირდება მისი დახმარება, ყოველთვის მეხმარება.

გიორგი:

- განსაკუთრებულად არაფრის. თუმცა, როგორ არა, ჩემი თეთრი პერანგების გარეცხვა ეზარება ხელით. მე არ ვარ ზარმაცი, ყოველთვის ვეხმარები ნათიას, როცა ბევრი საქმე არ აქვს, მაშინაც.

- ბოლოს რაზე იკამათეთ?

ნათია:

- "მის სამყარო 2010"-თან დაკავშირებით ვიკამათეთ. კონკურსს ვუყურებდით. ის ამბობდა, რომ ასეთ შემთხვევაში ჟიური ჯერ სახეს აფასებს და მერე დანარჩენს, მე ვუმტკიცებდი, რომ მთავარი მაინც აღნაგობა და შარმია. მოკლედ, ამაზე შევყევით.

გიორგი:

- არ მახსოვს (ფიქრობს), მართლა არ მახსოვს.

- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?

ნათია:

- თუ გასეირნებას დავარქმევთ ამას, თურქეთში ვიყავით დასასვენებლად. ფანტასტიკურად დავისვენეთ მხოლოდ ჩვენ ორმა.

გიორგი:

- ანტალიაში გავისეირნეთ ბოლოს (იღიმის), ერთი კვირა ვისეირნეთ.

- მეტსახელი, რომლითაც მიმართავ? ის როგორ მოგმართავს?

ნათია:

- პუპსიკას ვეძახი, კუკუნას, კალას, გვარიდან გამომდინარე, ისიც კუკუნას მეძახის. ეს უკანასკნელი საერთაშორისო სახელია ოჯახში (იცინის).

გიორგი:

- ის ბუბლიკს მეძახის, პუპსიკას. მე ბევრ სახელს ვეძახი, რომელი ერთი გითხრა, არ ვიცი.

- რომელ საიტს სტუმრობს ინტერნეტში ყველაზე ხშირად? შენ?

ნათია:

- ფეისბუქს და იუთუბს. მე ფეისბუქს.

გიორგი:

- ფეისბუქს ვსტუმრობთ ორივე ყველაზე ხშირად.

- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ნათია:

- შეიძლება კბილის ჯაგრისის ფერი ვერ გაიხსენოს, ეგეთ წვრილმანებს არ აკვირდება, მაგრამ ზოგადად 80%-იანი თანხვედრა იქნება ჩვენს პასუხებში.

გიორგი:

- 70-80%-ით.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება