რეპერი ლექს-სენი ცოტა ხნის წინ ბიჭის მამა გახდა. მისი უკრაინელი მეუღლე ტატიანა თავს კარგად გრძნობს. ბავშვის აღზრდაში ცოლ-ქმარს ლექსოს დედა ეხმარება. რადგან ილია ქავთარაძე ძალიან პატარაა, მშობლები მისი ფოტოს ჟურნალში დაბეჭდვაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ.
- ლექსო, მეუღლის მშობიარობას დაესწარი?
- რა თქმა უნდა. ყველაფერი ვიდეოთი გადავიღე კიდეც. ცოტა რთული და შემაშინებელი პროცესია, მაგრამ მერე მივეჩვიე. მეუღლის მშობიარობას საკუთარი თვალით რომ ნახავ, მერე ორმაგად დააფასებ ცოლს. ყველა მამაკაცს ვურჩევ, ასე მოიქცეს.
- როგორც წესი, მამაკაცებს გული მისდით და ვერ უძლებენ ცოლის ტანჯვის ყურებას. ექიმები შენს მოსულიერებას ხომ არ ცდილობდნენ?
- მეც რატომღაც მეგონა, რომ გული ცუდად გამიხდებოდა. არ ვარ ასეთი რამეების ყურებას მიჩვეული. სისხლსაც რომ ვხედავდი, ცუდად ვხდებოდი. გამიკვირდა, მაგრამ ყველაფერი ავიტანე. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ბევრი მეკითხება, როგორ გაუძელიო, მაგრამ ჩემთვის არ იყო ძნელი მეუღლის მშობიარობის ყურება.
- პატარა დედას ჰგავს თუ მამას?
- მე პირადად დედას ვამსგავსებ. ახლობლები და ნათესავები გულს არავის სწყვეტენ და პატარას მეც მამსგავსებენ და ორივე ბებია-ბაბუასაც. ჩემი პატარაობის სურათებს რომ გადავხედავ, ჩემთან მსგავსებასაც აღმოვაჩენ ხოლმე. მაგრამ სახისა და თვალის ფერით დედას ჰგავს.
- ბავშვს ილია რატომ დაარქვით?
- ილია ძალიან ღირსეული სახელია. ხუმრობით ვამბობ, რომ საქართველოში სამი ილია იქნება ძალიან ცნობილი: ილია ჭავჭავაძე, ილია მეორე და ილია ქავთარაძე, ეს სახელი უკრაინულადაც კარგად ჟღერს და მათთვისაც მისაღებია. ბავშვისთვის ვახტანგი, ამირანი, ჯუმბერი ან ჯემალი რომ დამერქმია, გაუგებარი იქნებოდა. დიდხანს ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეუღლემ და საბოლოოდ არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ.
- მზრუნველი მამა ხარ?
- პატარას მოვლა საკმაოდ დამღლელია და მეუღლეს მაქსიმალურად ვეხმარები. ძალიან ჭირვეული ბავშვი არაა, მაგრამ ღამე ხანდახან ტირის. დედაჩემი გვეხმარება. საქმეები გადანაწილებული გვაქვს.
- ილია უკვე გცნობს?
- ნელ-ნელა აზრზე მოდის. დედას და მამას გვცნობს, თავის ენაზე რაღაცებს გველაპარაკება.
- როგორ ფიქრობ, მომავალი რეპერია?
- ისე იქნევს ხელებს, მგონი მომიწევს მისთვის სიმღერის დაწერა. ვნახოთ, რომ გაიზრდება, საქართველოში რა სიტუაცია იქნება. მე პირადად ჩემს თავს რომ ვუყურებ, ვურჩევ, ცხოვრებაში სხვა გზა გაიკვალოს. უკვე გადავწყვიტე, რომ გეზი შევიცვალო. მინდა, რამენაირად ამ ქვეყნიდან წავიდე. შვილს სხვაგან ვასწავლო, რომ სხვაგან დამკვიდრდეს საცხოვრებლად. მინდა, მომავალში წინ წავწიო ჩემი შვილის ცხოვრება. საქართველოში არანაირი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება რომ არ ექნება, უკვე ვხვდები.
- შვილის დაბადებას სიმღერა არ მიუძღვენი?
- ამისთვის ჯერ ვერ მოვიცალე. ბავშვის დაბადებას სიხარულთან ერთად პრობლემებიც მოაქვს. მით უმეტეს, მშობლების უმუშევრობის ფონზე რთულია, ბავშვს არაფერი მოაკლო.
- მეუღლეს უკრაინაში მშობიარობაზე არ უფიქრია?
- ახლა ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცით. უკრაინაში რომ ჩნდება ბავშვი, სახელმწიფო აფინანსებს ყველაფერს. საქართველოში კი ყველაფერი ჩვენ გადავიხადეთ და ამის გამო ახლაც ვალში ვარ. მაგრამ მინდოდა, ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო. ამიტომ ვთქვი უარი იქ წასვლაზე.
- პატარა ჯერ არ უნახავს უკრაინელ ბებიას და ბაბუას?
- ჯერ მხოლოდ ფოტოებიდან და ვიდეოდან იცნობენ შვილიშვილს. მოგვიანებით ალბათ ჩამოვლენ ან ჩვენ წავალთ. უკრაინაში ხშირი ჩასვლა და ჩამოსვლა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
- როგორ ფიქრობ, შეიცვალე, რაც მამა გახდი?
- რა თქმა უნდა, შევიცვალე. პასუხისმგებლობა მომემატა. ორმაგად დაძაბული ვარ და უფრო ბევრს ვფიქრობ. მინდა, ჩემი შვილი კარგად იყოს და არაფერი მოაკლდეს. მოკლედ, რაც მამა გავხდი, დაძაბულობა და ნერვიულობა მომემატა.
- პატარა უკვე მონათლეთ?
- ჯერ არ მოგვინათლავს. ამასაც ხარჯები სჭირდება და როცა საშუალება იქნება, მოვნათლავთ.
- ვინ იქნებიან ილიას ნათლიები?
- ბევრი მეგობარი მყავს. ნათლიების ასარჩევი დრო ჯერ გვაქვს.
- უკვე ორი წელია, მეუღლე საქართველოშია, ქართული ისწავლა?
- უკვე ბევრი რამ ისწავლა. ბავშვი რომ გაჩნდა, ანბანი გვერდით გადადო. ახლა მე და ჩემი მშობლები ვასწავლით და კარგი შედეგებიც აქვს. ფაქტობრივად, ყველაფერი ესმის.
- ბავშვს უკრაინულად უმღერის თუ ქართულად?
- ყველაზე ხშირად დედაჩემი უმღერის ბავშვს ქართულად.
- მეუღლე არ მღერის?
- არა. ისეთი დაღლილია, სიმღერის თავიც არ აქვს. ილია გაიღვიძებს, ჭამს, გაიღვიძებს, ჭამს. დედას არ აძინებს, რაც ძალიან დამღლელია.
- შენ არ უმღერი ბავშვს შენს სიმღერებს?
- როცა კარგ ხასიათზე ვარ, ჩემს სიმღერებს ვუმღერი და ვატყობ, რომ მოსწონს.
- ყველაზე ხშირად რომელ სიმღერას უმღერი?
- ჩემი რეპერტუარიდან ყველა სიმღერას ვუმღერი, რომ ბავშვობიდან ეზიაროს ჭეშმარიტ ხელოვნებას. აბა, ბავშვს მაიმუნობას ვერ მოვასმენინებ. მირჩევნია, იმ სიმღერებს უსმინოს, რაც ნაღდი და კარგია.
- სიმღერისთვის დრო გრჩება?
- სიმღერისთვისაც ვპოულობ დროს. ახალ სიმღერაზე გადავიღე კლიპი. მონტაჟს დავამთავრებთ და მალე გვექნება კლიპის პრეზენტაცია. გარდა ამისა, მალე გამოვა სიდი, რომელშიც ყველა ჩემი სიმღერა ექნება. კლიპისა და სიდის პრეზენტაცია ალბათ ერთდროულად იქნება სექტემბერში. თუმცა ამ ყველაფერს მუშაობა არ ჰქვია. უბრალოდ მინდა, რომ ჩემი საქმე ვაკეთო და არც სხვა სამსახური მაქვს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
ლექს-სენმა ცოლის მშობიარობა ვიდეოკამერით გადაიღო