რას გეგმავდნენ კუს ტბაზე ეკა კვალიაშვილი და კახა შარტავა

რას გეგმავდნენ კუს ტბაზე ეკა კვალიაშვილი და კახა შარტავა

ეკა კვალიაშვილისთვის ეს ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული გამოდგა. სოლოკონცერტები გამართა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მომღერალმა კლიპიც გადაიღო თავისივე სიმღერაზე "მე უშენოდ დღე არ მინდა", რომლის სახელდახელო პრემიერა გრიგოლეთში გამართა, თუმცა ამბობს, რომ ამ კლიპის უფრო მასშტაბური პრემიერა თბილისში შედგება.

აგვისტოს ბოლოს გარუჯული და დასვენებული მომღერალი თბილისს დაუბრუნდა. როგორ და ვისთან ერთად დაისვენა და რა შემოქმედებითი სიახლეები აქვს, ეკა თავად გვიამბობს.

- ეკა, მშვენივრად გამოიყურები, კარგი ნარუჯი გაქვს, სად დაისვენე?

- ზღვისპირეთში, გურიისა და აჭარის მხარეში, სხვა რაღა დაგვრჩა!

- ბათუმში იყავი?

- არა, ბათუმში გავლით ვიყავი. მე საერთოდ დიდ ქალაქებში ვერ ვისვენებ, მღლის. მეგაპოლისებს საერთოდ ვერ ვიტან, სულერთია ნიუ-იორკი იქნება თუ მოსკოვი. დახურული სიტუაციები მიყვარს, მაგალითად, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ყველაფერი შიგნით აქვს - აუზი, გასართობი ცენტრი. მოკლედ, იმ ტერიტორიიდან გასვლა რომ არ გიწევს. როცა მოგინდება, თუნდაც ღამე ჩახვალ აუზში.

- სად იპოვე ასეთი დახურული ტერიტორია?

- გრიგოლეთში, მერე ორი დღე ურეკში ვიყავი, ზღვიდან მესამე რიგში იყო სასტუმრო, ზღვა არც დამინახავს, რა ფერი იყო, ისეთ კარგ დროს ვატარებდი სასტუმროს ეზოში.

- ვისთან ერთად ისვენებდი?

- მეგობრებთან ერთად ვიყავი, 5-6 ადამიანი.

- ახალი კლიპი გადაგიღია, პრეზენტაციაც გქონდა.

- ჰო, მართალი გითხრათ, უფრო დროის გასატარებლად გავაკეთეთ გრიგოლეთში. კი გვყავდა იქაური რეგიონული ჟურნალისტები მოწვეული, მაგრამ უფრო გრანდიოზულ პრეზენტაციას თბილისში ვაპირებ. სიმღერას ჰქვია "მე უშენოდ დღე არ მინდა". ახალი არ არის, მაგრამ ფართო მასებისთვის ჯერ უცნობია. კლიპის სცენარის ავტორი და რეჟისორი არის კახა შარტავა, ოღონდ პოლიტიკოსში არ აგერიოთ, მსახიობი კახა შარტავა. კუს ტბაზე ვიღებდით კლიპს, სწორედ ამ დროს მეგობარმა დამირეკა, - ვისთან ერთად ხარ კუს ტბაზეო. მე და კახა შარტავა ვართ-მეთქი, ვუპასუხე, - სცენარს ვგეგმავდით. კი, მაგრამ, რა ხდება პოლიტიკაშიო?! - გაიოცა. მის მერე სულ ვაკონკრეტებ, რომ ჩემი კლიპის რეჟისორი მსახიობია და არა პოლიტიკოსი.

- კლიპის შინაარსზე რას გვეტყვი?

- რამდენიმე შეყვარებული წყვილია კლიპში, ყველა ერთ ადგილზე ისვენებს, სადაც არის წყალი, ნავები. ეს ადამიანები ცხოვრების სტილით განსხვავებულები არიან. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებს შეიძლება შეუყვარდეთ ერთმანეთი.

- შენ არ გყავს წყვილი კლიპში?

- კონკრეტული წყვილი არ მყავს, მაგრამ ერთ ბიჭს წყალში ვაგდებ.

- ეს რას ნიშნავს, უარი უთხარი სიყვარულს?

- არა, უბრალოდ, ვიხუმრე. ზაფხულია, ვხალისობთ.

- რამდენად დატვირთული იყო ეს ზაფხული შემოქმედებითად შენთვის?

- დატვირთული იყო, მოვიარე მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველო სოლოკონცერტებით, ტურნე მქონდა. თელავში მქონდა კონცერტი, ლანჩხუთში, ქუთაისში, ოზურგეთში.

- მაყურებელი როგორ შეგხვდა?

- ძალიან კარგად შემხვდნენ ყველგან. კახეთის კონცერტები სიცხეების პიკს დაემთხვა. ისე მცხელოდა, ვყვიროდი, შლანგი მოიტანეთ და დამასხით წყალი-მეთქი. კონცერტის ბოლოს გასასვლელში მხვდებოდნენ და ტაშით მაცილებდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ სიყვარულით, იმით, რომ მოვნატრებივარ ჩემს მსმენელს. მეც მომნატრებია ჩემი მაყურებელი. ბოლომდე დავიხარჯე, მე ხომ პლუს ფონოგრამაზე არ ვაღებ პირს, ჯეკსონივით ოფლი გამდიოდა სცენაზე ამ სიცხეში.

მერე ვკვდებოდი სიცილით, მე და ცხონებული ჯეკსონი რვა კილოს ვიკლებთ ერთ კონცერტზე-მეთქი. მართლა ისეთი სიცხე იყო, თავი "პარნოიში" მეგონა, ტანზე მეწებებოდა ყველაფერი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ვაკეთებდი ხალხისთვის, ვისაც ჩემი სიმღერა მოსწონს და უყვარს.

- პლაჟზე როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს ვარსკვლავის დანახვისას?

- პლაჟზე, ფაქტობრივად, დაცვით გავდიოდი, ჩემი მეგობრები სულ აქეთ-იქით იყურებოდნენ, რამდენჯერმე სცადეს მობილურით ფოტოს გადაღება. მგონი, ვერ მოახერხეს, არ ვიცი. ბოლოს ვყვიროდი, დამასვენეთ-მეთქი.

- ცურვა იცი?

- ვიცი, მაგრამ მე მაინც უფრო აუზის ადამიანი ვარ, ზღვაში შორს არ გავდივარ, მალე ვიღლები, ამიტომ ვსველდები და გასარუჯად ამოვდივარ. ურეკში მთელი დღე აუზში ვიყავით, დისკოთეკებს ვაწყობდით წყალში, კარგად გავერთეთ. იქიდან ქობულეთშიც გავიარეთ.

- ბათუმი მოგეწონა?

- გავლით ვიყავი და ძირფესვიანად ვერ დავათვალიერე. შეცვლილი ნამდვილად არის. ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული, როგორც მივხვდი, ალბათ დასრულებული უკეთესი იქნება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება