9 ივლისს თბილისში, "სითი-კლუბში" "მის იუნიორის" კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვება ელენე გამყრელიძემ მოიპოვა, ელენე 17 წლის გახლავთ და პირველად არ მიუღია მონაწილეობა კონკურსში, მისმა მეგობარმა თაკო შუბითიძემ კი თვე-ნახევრის შემდეგ, 20 აგვისტოს გრიგოლეთის სასტუმრო "ანდამატში" გამართულ "მის ბიკინიზე" პირველი ადგილი დაიკავა და მორიგი ქართველი ბიკინი-გოგონაც გახდა.
კონკურსები ფოტომოდელებისა და მანეკენების სტუდია "ფავორიტმა" მოაწყო, ხოლო გოგონების ჩაცმულობაზე დიზაინერმა მაკა ვეკუამ იზრუნა.
ელენე:
- წინა კონკურსზეც გამოვდიოდი, სააგენტო "ფავორიტის" ხელმძღვანელმა და ამ კონკურსის ორგანიზატორმა მაია ზაალიშვილმა წელსაც დამირეკა და შემომთავაზა მონაწილეობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. გამარჯვების ამბიცია ნამდვილად არ მქონია და არ მიფიქრია, რომ მაინცდამაინც მე უნდა გამემარჯვა. კონკურსში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ მოდელობა მომწონს და მსიამოვნებს. კარგია ყურადღების ცენტრში ყოფნა და პოდიუმზე სიარული.
- როგორი იყო კონკურსის დღე და გამარჯვების წუთები?
- (იცინის) კონკურსის დღეს საერთოდ არ მინერვიულია, რადგან პირველი გამოსვლა არ ყოფილა, მაგრამ რომ დამასახელეს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ის გავაკეთე, რასაც ჩემგან არავინ ელოდა - ბევრი ვიტირე. არადა, მხიარული და ცანცარა ადამიანი ვარ, არ მოველოდი თუ ვიტირებდი.
- ჟიურიში ვინ იჯდა?
- ზალიკო ბერგერი, წინა წლის გამარჯვებული, ფოტოგრაფი ნუკრი ჯიოშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
- როგორ ემზადებოდი კონკურსისთვის?
- საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, რადგან არასდროს ვსუქდები, ამიტომ სულ ვჭამ. გრიგოლეთში ღამის ოთხ საათზე ვითხოვდი საჭმელს. სულ ასე ვარ. მადა მაქვს ძალიან კარგი (იღიმება).
- თაკო, "მის ბიკინი" გახდი. როგორი გრძნობაა?
- "მის ბიკინი" რომ ტარდებოდა, მისი ორგანიზატორისგან შევიტყვე. 18 წლის ვარ, აქამდეც მიმიღია მონაწილეობა რამდენიმე კონკურსში, მათ შორის "მის სპორტსა" და "მის გაზაფხულზე". "ვიცე-მის-სპორტი" გავხდი. თავიდან ვფიქრობდი, უნდა მიმეღო თუ არა მონაწილეობა, მაინც საქართველოა და ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ კონკურსს... მაგრამ მაინც დავთანხმდი. ძალიან გამიხარდა, გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს. ელენე თავიდანვე მეუბნებოდა, რომ გავიმარჯვებდი. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთ ოთახში ვიყავით. ეს ოთახი ჯადოსნური გამოდგა (იცინის). ელენეც მონაწილეობდა "მის ბიკინიზე". ყოველღამე ვგიჟობდით მე და ელენე. მეოთხე სართულიდან გადავძვერით სხვა მონაწილეებთან და შევაშინეთ (იცინის).
- სად მიემგზავრებით შენ და ელენე?
- მე ვიეტნამში, ელენე პოლონეთში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ პასპორტი არ ჰქონდა და დარჩა.
ელენე:
- მაიკოს შევპირდი, რომ არ გავთხოვდები და გაისად გამიშვებს საერთაშორისო კონკურსზე (იცინის).
- კონტრაქტი გაქვთ ასეთი?
- კონტრაქტი არა, მეც და თაკოც სიტყვიერად დავპირდით. გათხოვებას ჯერ არ ვგეგმავთ, გვინდა, კარიერას მივხედოთ.
- მოდელის კარიერაზე თუ ფიქრობთ, ალბათ მისაბაძი მოდელებიც გეყოლებათ...
- მისაბაძი არავინ, მაგრამ მომწონს ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი.
- ვინმე ხომ არ გამსგავსებს ცნობილ სახეს?
თაკო:
- ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ. მე არავის მამსგავსებენ.
- კარგი, გათხოვების თემას დავუბრუნდეთ. შეყვარებულები გყავთ?
ელენე:
- მეც მყავს და თაკოსაც. ჩემი შეყვარებული კონკურსს არ დასწრებია, მაგრამ იცის, რომ მოდელი ვარ და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს.
თაკო:
- ჩემი შეყვარებული ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია.
- რაიმე საინტერესო გაუკეთებია შენთვის?
- ძალიან საინტერესო არაფერი (იღიმება).
- გოგონებო, საზღვარგარეთ კარიერაზე ფიქრობთ?
ელენე:
- ყოველთვის არის უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა, მთავარია, შესაბამისი სპონსორი იპოვო. ჩემი თავი საზღვარგარეთ წარმომიდგენია, ვიცი, რომ ერთი-ორი წელი არავინ მომენატრება (იცინის).
- გაშიშვლება რომ მოგთხოვონ?
- წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ მკაცრი ოჯახი მყავს და ალბათ არ დავთანხმდები გაშიშვლებას.
თაკო:
- მეც ასე ვარ. მკაცრი მშობლები მყავს.
- იცით, რომ ცნობილი მოდელები ხშირად მიდიან ასეთ "მსხვერპლზე"?
ელენე:
- ჯერ პატარები ვართ, რომ გავიზრდებით, მერე შეიძლება, ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედოთ.
თაკო:
- საქართველოში მოდელობას დიდი შემოსავალი არ მოაქვს, მაგრამ მეც და ელენეც ვაპირებთ, ამ პროფესიას გავყვეთ.
მაია ზაალიშვილი, კონკურსების ორგანიზატორი:
- მაიკო, ვიცი, რომ კონკურსებს სპონსორები არ ჰყავდა. რატომ?
- მართლა არ ვიცი, რა გიპასუხოთ. მარტის შემდეგ სპონსორებს სანთლით დავეძებდით. კარგი შემოთავაზებები გვაქვს საზღვარგარეთიდან, ხელშეკრულებებს ხელს ვაწერ, რომ ეს ორი კონკურსი უნდა გავმართო და ვალდებული ვარ, შევასრულო. მეხუთე წელია, რაც ამ კონკურსებს ვამზადებთ და ამ ხნის განმავლობაში უცხოეთში გაგზავნილმა ჩვენმა გოგონებმა ცხრა ნომინაცია აიღეს. მოდის ბიზნესი საქართველოში არ არსებობს, ის არ არის შემოსავლიანი არც მოდელისთვის, არც სააგენტოსთვის და არც არავისთვის.
თანდათან ყველაფერი უკან და უკან მიდის. აქამდე არ ვამბობდი, მაგრამ ახლა ვიტყვი - ბევრი სილამაზის კონკურსს არასწორად აწყობს, არაობიექტურად. თუ გვინდა, რომ რაღაცას მივაღწიოთ, ჩაწყობების გარეშე უნდა ჩატარდეს მსგავსი კონკურსები. კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ, მაგრამ როცა ასეთ ჩაწყობებს ხედავენ, გოგონები აღარ მიდიან სილამაზის კონკურსებზე. ბევრი რამ კი კეთდება, მაგრამ მოდის სფეროს მიხედვა სჭირდება. საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ტურიზმის განვითარებისთვის უპირველესია.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)