სანამ მსახიობი ეკა ნიჟარაძე შვილებსა და მათ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად გონიოში წავიდოდა, მოვასწარით, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და გავარკვიეთ, რას ნანობს და რას შეცვლიდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს.
- ეკა, შენი თვისებებიდან გამომდინარე, რას შეადარებდი საკუთარ თავს?
- (ფიქრობს) მე თვითონ რას შევადარებდი ვერ გეტყვი, მაგრამ მე ვსწავლობდი გიზო ჟორდანიას ჯგუფში და პირველი კურსიდან მოყოლებული დღემდე გიზო ასე მომმართავდა, რაო, მელიავ?! მელიასავით ცბიერი ნამდვილად არ ვარ, ალბათ ჩემი თვალებიდან გამომდინარე რაღაც ასეთი დაინახა და დღემდე ასე რომ მეძახის, ბავშვობა მახსენდება, უკვე ოცი წელია ასე მომმართავს.
- როგორი ადამიანების ტიპს მიეკუთვნები: პესიმისტს, ოპტიმისტს, რეალისტს...
- საბედნიეროდ ოპტიმისტი ვარ, სიმართლე გითხრათ, რეალისტი არ ვიყავი, მაგრამ გამოცდილების მატებასა და მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად რეალისტიც გავხდი. თუმცა სერიოზული ოპტიმისტიც ვარ, მაგრამ ისევე როგორც ყველას, მეც მაქვს მომენტები, როცა მგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა.
- რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეგიძლია?
- კი, როგორ არა. სულ ვამბობ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მთავარია მოინდომო და გამოსავალს იპოვი, ამაში ღმერთი დაგეხმარება.
- მიუხედავად ამისა, დეპრესიაში თუ ვარდები?
- არ ვარ დეპრესიული. მაგრამ ისევე როგორც ყველა, მეც ვიღლები რაღაც-რაღაცებით და მაქვს დღეები, როცა არც გარეთ გასვლა, არც საწოლიდან ადგომა და საერთოდ არაფერი არ მინდა, თუმცა, რასაკვირველია, არავინ მაცდის ასე ყოფნას, ლოგინში კოტრიალს და საქმის კეთება მიწევს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქმე ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, საქმეში ნებისმიერი რამის კეთებას, თუნდაც სახლის დალაგებას ვგულისხმობ. ყოფილა შემთხვევა, ძალიან ცუდ განწყობაზე ვყოფილვარ, ბავშვები სკოლაში წასულან და სახლი საშინლად არეული ყოფილა, ძალიან დამზარებია ადგომა და მილაგება, მაგრამ თავისთვის ძალა დამიტანებია, ავმდგარვარ და გამიკეთებია, ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ გაუკეთებლობის შემთხვევაში ვინმე რამეს მეტყოდა, უბრალოდ, მაინც ჩემი გასაკეთებელია და ვერ მოვისვენებდი. საქმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი ხვდები, რომ მიუხედავად ცუდი განწყობისა, ცხოვრება გრძელდება. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შრომის თერაპია ძალიან საჭირო და გამართლებულია.
- შეგიძლია ემოციების კონტროლი, თუ ყველაფერი სახეზე "გაწერია"?
- ვერაფრით ვერ ვიტყუები, წინასწარაც რომ მოვიფიქრო ტყუილი, იმასაც ვერ ვიტყვი, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იმ წუთშივე მომაფიქრდეს ტყუილის თქმა, ეს გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში ძალიან უტვინო ვხდები, შეპასუხების თავიც არ მაქვს ხოლმე (იცინის), ვერც ვიტყუები და ემოციებსაც ვერ ვმალავ, თუ მომწონს მომწონს, თუ არადა - არა.
- საერთოდ, გულღია ხარ თუ გულჩათხრობილი?
- გულღია ვარ (იღიმება).
- და ვინ არის ის ადამიანი, ვისაც შენს პრობლემებზე ესაუბრები?
- რა თქმა უნდა, ასეთები არიან ჩემი მეგობრები და ჩემი ქალიშვილი.
- შენ თუ შეგიძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც მაშინ, როცა ხასიათზე არ ხარ, მოუსმინო მეგობარს და ანუგეშო?
- კი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ზუსტად ისევე შეიძლება ის არ იყოს ხასიათზე, როცა მე პრობლემა მექნება, მაგრამ მაინც მომისმინოს, ამიტომ მეც ნებისმიერ დროს შემიძლია ჩემთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი ადამიანის გასაჭირის გაზიარება.
- ეკა, მტირალა ხარ?
- კი, ძალიან მტირალა ვარ (იცინის).
- ბოლოს რის გამო მოგადგა თვალზე ცრემლი?
- ნიკოს ამბავმა საშინლად იმოქმედა ჩემზე და ჩვენს შვილებზე, მას შემდეგ მისი ხსენებისასაც კი მეტირება, აი, ახლაც კი თვალზე ცრემლი მომადგა.
- მოდი შევამსუბუქოთ სიტუაცია და გვითხარი, როგორი დედა ხარ და როგორი შვილი?
- არ ვიცი. მგონია, რომ არც ცუდი დედა ვარ და არც ცუდი შვილი. ისე, ხშირად მეუბნებიან, ძალიან კარგი დედა ხარო. მე კი მიმაჩნია, რომ დედა დედაა, მთავარია, ცუდი არ იყოს, ის, რასაც მე ან ნებისმიერი დედა აკეთებს თავისი შვილებისთვის, ჩვეულებრივი ამბავია.
- რამდენად კრიტიკული ხარ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ?
- ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საქმეს ეხება. რაც შეეხება სხვათა კრიტიკას, ყოველთვის ვცდილობ, სხვები არ გავაკრიტიკო, ეს ჩემი საქმე არაა. საერთოდ არ მიყვარს ადამიანების განსჯა. როგორც წესი, რასაც და ვისაც განიკითხავ, ის შეიძლება შემოგიტრიალდეს და შენ უარესი გააკეთო.
- ვისგან იღებ შენიშვნასა და კრიტიკას?
- ისევ და ისევ ჩემი შვილებისგან. პრინციპში, ვინც კი ჩათვლის საჭიროდ, გამოხატოს საკუთარი აზრი ჩემ მიმართ, მათგანაც მივიღებ კრიტიკას, მოვუსმენ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გავიზიარებ კიდეც. კრიტიკის ნამდვილად არ მეშინია, პირიქით, მგონია კრიტიკა კარგიცაა, განსაკუთრებით საქმისთვის.
- ეკა, პირდაპირობით თუ გამოირჩევი?
- თუ ჩემიანია ადამიანი, შემიძლია მას პირდაპირ ვუთხრა რასაც ვფიქრობ, არიან ადამიანები, ვინც სხვებზე რასაც ფიქრობენ, ეგრევე პირში მიახლიან ხოლმე, მე ეს უტაქტობა უფრო მგონია, ვიდრე პირდაპირობა. როცა ადამიანი არ არის ჩემი მეგობარი და ახლობელი, მისი ასეთი ქცევა უტაქტობად მიმაჩნია. მეგობარს კი თუნდაც რჩევის სახით ვეტყვი სათქმელს და სიმართლეს დავანახვებ.
- თუ შეგიძლია დაასახელე რამდენიმე ნივთი, რის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდებოდა?
- (ფიქრობს) პირველ რიგში, ეს არის მობილური ტელეფონი, რომელიც ადამიანების არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. სულ მიკვირს, ნეტავ ადრე როგორ ვცხოვრობდით, როგორ ვკონტაქტობდით და ვურთიერთობდით, არადა, სინამდვილეში უფრო მეტსაც ვურთიერთობდით და უფრო ხშირადაც ვხვდებოდით ერთმანეთს მეგობრები. მეორე კი გახლავთ სარეცხი მანქანა, რომელიც ძალიან მიყვარს და მჭირდება (იცინის).
- აქვე გვითხარი ვინ არის ან არიან ის ადამიანები, ვის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია?
- ჩემი შვილები, დედაჩემი, ჩემი ძმა და მეგობრები. საერთოდ, ადამიანების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
- დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- (ფიქრობს) რაღაცებს შევცვლიდი ალბათ.
- მაინც რას?
- კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუმცა ისეც არ ვარ, რომ დროის უკან დაბრუნებას ვნატრობდე, რაც იყო ჩემი ცხოვრების განვლილი ნაწილი, ვიცი ვეღარაფერს შევცვლი, ამიტომ ფიქრიც აღარ ღირს (იღიმება).
- რა მიგაჩნია შენი ცხოვრების შეცდომად?
- ახლა ვხვდები, რომ რაღაცებისთვის უნდა იბრძოლო ადამიანმა, არ უნდა შეეგუო, აქტიური უნდა იყო. ეს შეიძლება აღზრდიდანაც მოდის, დედასთვისაც კი მითქვამს, ისე უნდა გაგეზარდე, შემძლებოდა ბრძოლა-მეთქი, ის, რაც გეკუთვნის შენია და ნება არ უნდა მისცე არავის წაგართვას, აქ, რა თქმა უნდა, მატერიალურს არაფერს ვგულისხმობ. როცა ვკარგავდი, მის შესანარჩუნებლად არ ვიბრძოდი.
- ეს სიყვარულს ეხება?
- თუნდაც. შეიძლებოდა მებრძოლა სიყვარულისთვის, დამეცვა ოჯახი, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ რადგან ასე მოხდა, ასეც იყო საჭირო.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)