ბერლინის მომდევნო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იზაბელა როსელინი იქნება, იტყობინება "ასოშიეითიდ პრესი".
ბერლინის კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა როსელინი დაახასიათა როგორც "ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს". უცნობია ჟიურის სხვა წევრების ვინაობა. ბერლინის კინოფესტივალი 2011 წლის 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.
სამსახიობო კარიერა იზაბელა როსელინიმ 70-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. პოპულარობა მან 1986 წელს დევიდ ლინჩის ფილმში - "ცისფერი ხავერდი" თამაშით მოიპოვა. როსელინიმ ლინჩის ფილმში - "გულით ველურნი" 1990 წელსაც ითამაშა.
2008 წელს როსელინი სერიალ "მწვანე პორნოს" გადაღებას შეუდგა. ჩანაფიქრის თანახმად, სერიალის თითოეული ეპიზოდი რომელიმე ცხოველის შეწყვილების რიტუალს ეძღვნებოდა. როსელინი "მწვანე პორნოს" პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი იყო, ასევე მთავარ როლს ასრულებდა.
2008 წელს იზაბელა როსელინს "მწვანე პორნო" ბერლინის კინოფესტივალზე ჰქონდა წარდგენილი.
მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.