ვენესუელის ხელისუფლებამ სიმონ ბოლივარის ორი დის ნეშტის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ლათინური ამერიკის განმათავისუფლებელი გმირის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დადგინდეს.
მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ვენესუელაში ”განმათავისუფლებლის” სახელით ცნობილი სიმონ ბოლივარი 1830 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. თუმცა, ივლისში ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მისი საფლავის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა სასამართლო მედიცინის თანამედროვე მეთოდებით გადამოწმდეს თეორია, რომლის თანახმად გმირი შეთქმულებით მოკლეს.
”განმათავისუფლებლის” ნეშტის მკვლევარებმა მის იდენტურობასთან დაკავშირებით ეჭვების გამოსარიცხად გმირის დების, ხუანა და მარია-ანტონია ბოლივარების დნმ-ის ანალიზებიც აიღეს, რომლებიც კარაკასის ცენტრში, საკათედრო ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ამჟამად მეცნიერები ტესტებს ატარებენ, რათა დნმ-ის ანალიზები შეადარონ.
გენერალი სიმონ ბოლივარი (1783-1830) გარდაცვალების შემდეგ კოლუმბიის ქალაქ სანტა-მარტაში დაკრძალეს, 1842 წელს კი მისი ნეშტი კარაკასის ნაციონალურ პანთეონში გადაასვენეს. ჩავესი ბოლივარის დიდი თაყვანისმცემელია და მისი ძალისხმევით, ქვეყანას ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკა ეწოდა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.