ავტორი:

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

10 ნოემბერს, თითქმის ორთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ზავი დაიდო. სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს დაუბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი და ისტორიულად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილები, მათ შორის ქალაქი შუშა. ომში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელსაც აზერბაიჯანი ფლობდა. მათი არსენალის მთავარი გამანადგურებელი ძალა უპილოტო თვითმფრინავები იყო, რომლის განეიტრალებაც სომხურმა არმიამ, რომელსაც უმეტესად, რუსული ტექნიკა ჰქონდა, ვერ შეძლო.

  • კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ რუსული ტექნიკა ნელ-ნელა უძლური ხდება თანამედროვე სამხედრო შეიარაღებასთან, რასაც უკვე პატარა ქვეყნების არსენალში ვაწყდებით.

შესაბამისად, რა შეიძლება შეცვალოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რეგიონის შეიარაღებაში? ანალიტიკური ორგანიზაცია Geo Case-ის მკვლევრის, გიორგი ანთაძის თქმით, მომხდარი მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

გიორგი ანთაძე

"როგორც ჩანს, სომხურმა მხარემ მანამდე შეიარაღებაზე იმიტომ არ იზრუნა, რომ შესაბამის ანალიზს ვერ ახორციელებდა. ფაქტია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მთავარი კონფლიქტის შემდგომ გასული 30 წელი აზერბაიჯანი სომხეთთან შედარებით გაცილებით ემზადებოდა პოტენციური კონფლიქტისთვის. გასაგებია, რომ ამაზე გავლენა იქონია ქვეყნის რესურსებმა, - აზერბაიჯანული თავდაცვის ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტს, - ასევე, სახელმწიფოში არსებულმა ბევრმა მომენტმა, მათ შორის კორუფციამ, ქვეყნის მდგომარეობამ, დემოკრატიულმა კონტროლმა შეიარაღებულ ძალებზე, ანუ ყველა იმ ასპექტმა, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე ახდენს გავლენას. როგორც ჩანს, ამ მხრივ სომხეთი სერიოზულად მოიკოჭლებდა და ეს შესაბამისად, უკვე ამ ომის პირობებში შედეგებშიც აისახა.

საერთოდ, ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, არამედ რეგიონის სხვა მოთამაშეებისთვისაცაა. მაგალითად, გამოჩნდა, რომ მოძველებული შეიარაღება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადიოლოკაციური ბრძოლის საშუალებების ძველი სისტემები თანამედროვე დრონების წინააღმდეგ საკმაოდ არაეფექტური აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მოსალონდელია, რომ არამარტო საქართველო, არამედ რუსეთი, თურქეთი და სომხეთიც აღნიშნული მიმართულებით შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ. პირველ რიგში, სომხეთს სერიოზულად მოუწევს არა მარტო თავისი, თუნდაც, სამხედრო შეიარაღების პარკის განახლება, არამედ დაფიქრება იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდეს ასეთ თანამედროვე სისტემებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სერიოზული საუბარი წავა შეიარაღებული ძალებისა და მისი ტექნიკური აღჭურვის საშუალებების განახლების მიმართულებით“, - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან გიორგი ანთაძე.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2016 წელს, ყარაბაღში მომხდარ 4-დღიან შეტაკებებში აზერბაიჯანმა უპილოტო კამიკაძეები და სხვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა გამოიყენა, რომელიც ერევანის შეიარაღებაში არ იყო.

"მე ამ ომს ვთვლი ყარაბაღის მესამე ომად, რადგან ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ, რომელიც 1994 წელს შეჩერდა, 2016 წელს მოხდა 4-დღიანი ომი, სადაც ყველა ნიშანი გამოჩნდა, თუ როგორი იქნებოდა სწორედ მესამე ომი. ანუ ის, რომ აზერბაიჯანმა პირველად სწორედ 2016 წლის 4-დღიან ომში გამოიყენა უპილოტო კამიკაძეები და სხვა, შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა, რომელიც არ ჰქონდა სომხეთის არმიას შეიარაღებაში. აი, სწორედ მაშინ ოფიციალურ ერევანს უნდა მიექცია ყურადღება, რომ აზერბაიჯანმა სერიოზული განაცხადი გააკეთა თავისი არმიის გადაიარაღებაზე. რა გამოჩნდა ამ ომში მთავარი? როგორც ჩვენ ვიცით, ჰაერია მთავარი და ვინც ფლობს საჰაერო სივრცეს, აკონტროლებს ჰაერიდან, ის ბევრ რამეს იგებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც აზერბაიჯანმა გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე დანიშნულებით: პირველი იყო სადაზვერვო, ანუ სამიზნეების აღმოჩენისთვის; მეორე, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის; და მესამე, დარტყმისთვის, ე.ი., ამ უპილოტოებიდან ხდებოდა სამიზნეში მოხვედრა ან თავად ეს კამიკაძეები, უპილოტოების სახით, ეცემოდნენ და აფეთქებდნენ თუნდაც, სომხების ტანკებს. ამით გამოჩნდა ის, რომ მსოფლიო 21-ე საუკუნეში სხვა დონეზე გადადის, მაგალითად, ტანკები რჩება და მნიშვნელობა კვლავ აქვს, მაგრამ ახლა უპირატესობა ენიჭება ახალ ტექნოლოგიებს და პირველ რიგში წერტილოვან, უზუსტეს დარტყმებს“, - აღნიშნავს ალადაშვილი AMBEBI.GE-სთან.

ის ასევე პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ შეიარაღდა სომხეთი იმის შემდეგ, რაც 2016 წლის 4-დღიანი შეტაკებებისას გამოჩნდა.

"სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე თანამედროვე შეიარაღება 2007-2008 წელს საქართველომ შემოიტანა, ეს უპილოტოები ისრაელის წარმოების იყო. ასევე, მაშინ წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენი, ქართული ტანკების აღჭურვა თანამედროვე ნავიგაციისა და ცეცხლის მართვის სისტემებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ შეიარაღდა სომხეთი: პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ თანხებს მოთხოვს, რაც სომხეთს არ ჰქონდა; და მეორე, სომხეთი მიბმული იყო და ახლაც მიბმული რჩება რუსეთის ფედერაციაზე, რუსეთს კი შეიარაღებაში ასეთი დონის უპილოტოები თავად არ აქვს. ჩვენთან, 2008 წლის შემდგომ, რაც ისრაელმა უპილოტოების გადმოცემა შეგვიწყვიტა, თვითონ რუსეთმა დადო ხელშეკრულება, შეიძინა უპილოტოები და ისრაელის უპილოტოების ლიცენზიის წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე თავად დაიწყო. სომხებს თავისი უპილოტოები ჰქონდათ, რამდენიმე სახით, მაგრამ ის მხოლოდ სადაზვერვო ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ბრძოლის ბოლო ეტაპზე გამოჩნდა ვიდეოკადრები, რომელიც გადაღებულია ისეთი ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავით, რომელიც რუსეთის შეიარაღებაშია და სომხეთს არ ჰქონდა - ეტყობა, ბრძოლის ბოლო ეტაპზე მიაწოდეს სომხეთს, რის მეშვეობითაც სომხებმა საარტილერიო ცეცხლის კორექტირება და გარკვეული აზერბაიჯანული დანაყოფის განადგურება მოახერხეს.

ირაკლი ალადაშვილი

უპილოტოები, სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა, რომელსაც ფული აქვს, შეისყიდა ჯერ ისრაელისგან, შემდეგ თურქეთმა გამოუშვა ეს ახალი უპილოტოები, რომლებიც გამოიცადა მანამდე სირიაში, ასევე ლიბიაში და შემდეგ უკვე ყარაბაღში. აზერბაიჯანმა ამ მხრივ სწორი გათვლა გააკეთა, რომ დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა ვთქვათ, ტანკების რაოდენობას, არამედ იმავე, სადაზვერვო, ოპერატიული ინფორმაციის დროულად მოპოვებას და შემდეგ ამ ინფორმაციის დროულად რეალიზებას, უზუსტესი, წერტილოვანი საჰაერო და საარტილერიო დარტყმების საშუალებით“, - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ანთაძე აღნიშნავს, ქვეყანამ ამ სამხედრო მოქმედებების შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ალადაშვილის თქმით კი, საქართველო სწორედ უპილოტო სისტემებით უნდა დაინტერესდეს.

"პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები იმ სამხედრო მოქმედებებიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რეგიონში იყო. ნათლად გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობას შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს ჩვენ დავინახეთ დრონების აქტიური გამოყენებით, მათ შორის, როგორც კამიკაძეების, ისე სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არამარტო ტექნიკის, არამედ, ოპერატიული ხელოვნების თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, თუ როგორ მოქმედებდნენ შეიარაღებული ძალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ყურადღება მივაქციოთ სპეცდანიშნულების ძალების როლს და მოქმედებასაც, საბრძოლო სივრცეზე რეალურ რეჟიმში საბრძოლო სურათის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებასა და მის ადეკვატურად და სწრაფად ასახვას, ამასთან, თუ როგორ გავლენას ახდენს ოპერატიულ ვითარებაზე - ყველა ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს არამარტო იმაზე, თუ ტექნიკურად როგორ უნდა გადაიარაღდეს შეიარაღებული ძალები, არამედ, გვარეობებისა და სახეობების გამოყენებაში რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ყველაფერმა ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს წვრთნისა და განათლების პროცესზეც შეიარაღებულ ძალებში. ეს დასკვნები შესაბამისად აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აისახოს. ოღონდ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: როდესაც ასეთ ცვლილებებზე გვაქვს საუბარი, პირველ რიგში ჩვენი მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგეები უნდა გავითვალისწინოთ. ის, თუ როგორ მოქმედებდა აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ, ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება, რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენს უპირველეს პოტენციურ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, რადგან საბრძოლო მოქმედებები პოტენციურად მაინც თავის თავისებურებებს და განსხვავებებს მოიტანს, როდესაც მაგალითად, საქართველოზე იქნება ლაპარაკი“, - აღნიშნავს ანთაძე.

"პირველი ნაბიჯი რეგიონში სწორედ ჩვენ, 2007-2008 წლებში გადავდგით და იმ პერიოდისთვის საუკეთესო, ულტრათანამედროვე უპილოტოები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ... ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე 3-4 მათგანი დავკარგეთ აფხაზეთის მიმართულებაზე. ვთვლი, რომ პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღება სწორედ ამაზე უნდა იყოს გამახვილებული, რომ უპილოტო სისტემების არამარტო შესყიდვა, არამედ მათი აწყობა მოხდეს. თბილისში, საქართველოში ამის საშუალებები არის, ტექნიკურად ეს ძალიან რთული არაა, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხების ჩადებას მოითხოვს. როდესაც ეს იქნება, უკვე სერიოზულად წასწევს წინ ქართულ არმიას, მათი გამოყენება შეიძლება ორმაგი დანიშნულებით მოხდეს, ანუ ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხანძრები შეიძლება იყოს, წყალდიდობები და ისინი სადაზვერვო ფუნქციას შეასრულებენ, მაგალითად, აღმოაჩენენ, ვისაც შველა სჭირდება და ა.შ. ერთი სიტყვით, დღეს უპილოტო საფრენ აპარატებზე დიდი მოთხოვნაა“, - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რეგიონში ვითარების ცვლილება ბევრ სფეროზე, მათ შორის, შეიარაღებაზე მოახდენს გავლენას, ქვეყნებს კი ისღა დარჩენიათ, შეასრულონ საშინაო დავალება, მიუხედავად იმისა, დადგებიან თუ არა ისინი კონფლიქტის საფრთხეების წინაშე.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე