"ჯეოსტარის" შესარჩევი კასტინგი დასასრულს მიუახლოვდა და საქართველოს ყველა რეგიონშემოვლილი და კარგად დაღლილი ჟიური თბილისში დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ქალბატონი მარინა ბერიძე ჟიურის წევრებს შორის ყველაზე მკაცრია და განაწყენებული კონკურსანტები ყველაზე ხშირად მას აკრიტიკებენ. ამჯერად იმედები თავად გაუცრუვდა. ერთფეროვანი რეპერტუარით, გასართობად მისული "მომღერლები" ნაკლებად სასაცილო, მაგრამ მოსაწყენი გახლდნენ.
- წელს კასტინგი მართლაც გამორჩეული იყო. ძალიან ცოტა იყო სასაცილო მომენტები, რაც ძალიან კარგია. მოსახლეობა მიხვდა, რომ კრიმინალურად ცუდად აღარ უნდა მოვიდნენ. როდესაც ხუთი წელი კასტინგს ატარებ, ხვდებიან, რა მოთხოვნები გაქვს და შედარებით "დავარცხნილი" რეპერტუარითა და მომზადებული ტექსტებით მოვიდნენ. თუმცა მოხდა მეორე უკიდურესობა, შეიძლება გქონდეს სმენა, იცოდე ნაწარმოები, მაგრამ არ გქონდეს ინდივიდუალურობა. ძალიან ძნელია ასეთ ადამიანს აუხსნა, რატომ ვერ გაიყვან შემდეგ ტურში. ვიღაც რომ შემოდის და აბდაუბდას მღერის, იმას პირდაპირ ვეუბნები. საბოლოო ჯამში შედეგი მაინც მივიღეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი ნიჭი ინტუიცია აღმოჩნდა.
- ქალბატონო მარინა, ამბობენ, ზოგმა იცის, რომ ვერ მღერის, მაგრამ "პრიკოლებში" მოსახვედრად მოდის.
- კი, ეგეთებიც არიან და ესეც პრობლემაა. მაგალითად ჩვენი "დშნნ დნნნ" სწორედ მასე გახდა პოპულარული. არ ვიცი, ზოგს ეტყობა მოსწონს, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ყველაზე ადვილი გზაა პოპულარობისთვის. ძალიან ძნელია, როცა სიცხეში, კამერების თანხლებით ექვსი საათი ჟიურიში ზიხარ და თან კარგად უნდა გამოიყურებოდე. ამ დროს შემოდის ვიღაც და ამბობს, შემოვლით ვიყავი რა, ასეთი მიდგომა სიმღერისადმი კი არა, ყველაფრისადმი აღმაშფოთებელია. ჩვენ არ გვაქვს დღეს იმის უფლება, რომ შემოვლით ვაკეთოთ საქმე. იმისთვის არ უნდა დახარჯო დრო, რომ მიხვიდე და იმასხარაო. ხშირად ვუყურებთ "ჯეოსტარის" უცხოურ ანალოგებს და იქაც ასეა.
- წელს რომელი კუთხე იყო ყველაზე სუსტი?
- კახეთი და აჭარა, რაზეც ძალიან მწყდება გული. და მაინც, ყველგან იპოვი გამორჩეულს. ვნახოთ, ეს ბავშვები მეორე ტურს როგორ გაუძლებენ. რამდენიმე ადამიანმა თავი ნამდვილად დამამახსოვრა.
- ალბათ თბილისის ტურის იმედი გაქვთ...
- იცით, რა არის? ჩვენ უნდა ვეცადოთ, ყველა რეგიონიდან თითო კონკურსანტი მაინც ავარჩიოთ. სხვათა შორის, წელს გამოირჩეოდა რაჭა და სვანეთი. ძალიან კარგი მონაწილეები ავარჩიეთ.
- რას უკავშირებთ რეგიონებში ასეთ დაბალ დონეს? ხშირად ვისმენთ, რომ იქ კულტურული ცხოვრება არ დუღს და არც კონცერტები იმართება...
- არ ვიცი, ბავშვები ძალიან ტრადიციული რეპერტუარით მოვიდნენ. იმღერეს რეზო ლაღიძე, მარიკა კვალიაშვილი. მერე, როცა ვეუბნები, თანამედროვე შემისრულონ, იბნევიან, ვერ იგებენ რა მინდა. არადა, პროექტიდან გამომდინარე ყველა ჟანრში უნდა მოვსინჯო. რა ვქნა, ლიცენზირებული კონკურსია და ასეთი წესია.
- ალბათ ენობრივი პრობლემაც ჰქონდათ...
- მინდა გითხრათ, რომ რუსულ სიმღერას საერთოდ არ ვისმენ. ეს ჩემი პროტესტია ომის შემდეგ. ინგლისურს უფრო ცდილობდნენ. მიმაჩნია, რომ სულაც არ არის დანაშაული, რაჭაში გაზრდილმა ბავშვმა ენა არ იცოდეს. დასჭირდება და ისწავლის. მე მესმის ძალიან კარგად, როცა მავანი იძახის, რატომ ყვირის მარინა ბერიძე, ნუ ხუჭავ თვალებს, ნუ დნები. ყველაფერი ვითარდება, რაც უნდა გაგვკიცხონ, მაინც 21-ე საუკუნეა. დახუჭული თვალები უნდა იყოს ძალიან გულწრფელი, ტრაგიზმი უნდა მოჰქონდეს ვოკალს. ტყუილად განაბული თვალები და ბაფთიანი გიტარა კარგია, მაგრამ ამ საუკუნეში ფეხს ვერ მოიკიდებს.
- სიღნაღში "ჯეოსტარის" კასტინგზე "რუსთავი 2"-ის გუნდს ვახლდი. ერთი მონაწილის მამამ თქვენზე მითხრა, ძალიან მეშინია ამ ქალისო. კაცებსაც ასე აშინებთ?
- რას ნიშნავს, ვაშინებ. ერთი იარაღი მაქვს ამ ქვეყანაზე და ეს არის სამართლიანობა. რაც არ მომწონს, უნდა ვთქვა და ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი. ადამიანს თუ ნიჭი არ აქვს, უნდა ვუთხრა. შეიძლება ერთი-ორი დღე გული ეტკინოს, მაგრამ წავა და სხვა სპეციალობას დაეუფლება. ვერავინ იტყვის, რომ თუ ადამიანში ნიჭი აღმოვაჩინე, მის გაღვივებას არ დავიწყებ. ეს გამორიცხულია.
- თუმცა ისეთებიც ბევრი გვინახავს, სხვა პროფესიის ასარჩევად რომ არ წასულან და ყოველ წელს სტუმრობენ შესარჩევ ტურს...
- (იცინის) ახლაც იყვნენ, მეორედ, მესამედ, ჩვენ თვალწინ იზრდებიან. მაგრამ წელს ერთი გოგონა მესამედ მოვიდა და იმდენი უმეცადინია, ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენა. ვიღაც გვიჯერებს, ვიღაც კი გამოდის და ამბობს, მარინა ბერიძე საზიზღარი ქალიაო. რა ვქნა, ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიე.
- თქვენ მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა.
- არ მწყინს, კრიტიკა აუცილებლად უნდა არსებობდეს. ხანდახან სამართლიანია, ხანდახან არა. ყოველი კონცერტის შემდეგ ახლობლებს ვურეკავ და ვეკითხები, კარგი არ მაინტერესებს, მითხარით, რა იყო ცუდი.
- წელს ქართველი მომღერლებიდან ყველაზე ხშირად ვის რეპერტუარს მღეროდნენ?
- ძალიან ბევრი იყო ნიაზი...
- მართლა? მეგონა ნინო ჩხეიძეს მეტყოდით...
- არა, ბავშვები ნიაზის, ნინო ქათამაძისა და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ უფრო მეტად ნიაზს. რა თქმა უნდა, ვერასოდეს იმღერებ მათსავით, მაგრამ ვიღაცას რომ მოსწონს, ეს უკვე კარგია. სხვათა შორის, წელს არ იყო ბევრი ქალაქური სიმღერა.
- არადა, ქართულ ესტრადა დღეს ამით დგას ფეხზე...
- ადვილია და იმიტომ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ერთი დიდი საშიშროება აქვს, თუ ცუდი გემოვნებით არის გაკეთებული, ჩემთვის მიუღებელია. მალე გამოვა გიორგი სუხიტაშვილის დისკი ქალაქური სიმღერებით, მაგრამ სხვანაირად არის მოწოდებული, კარგად არის გაკეთებული.
- ხშირად, როდესაც ტელევიზიით განაწყენებულ მონაწილეებს ვხედავთ, ისინი მუდამ თქვენზე ჩხუბობენ. არასოდეს დაურეკავთ პრეტენზიებით?
- არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მე სიყვარულის გარდა ხალხისგან არაფერი მიგრძნია. ბევრი ადამიანი მლოცავს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
- ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით...
- ალბათ სუსტი რომ ვყოფილიყავი, აქამდე არც მოვიდოდი, არა? ჩემი მთავარი ძალა მხიარულებაა, არასოდეს ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, პირიქით, ხანდახან სისულელემდე ოპტიმისტი ვარ. ბავშვობიდან ასეთი ვარ. მიხარია ყველაფერი, რაც წინ მელოდება, რაც იყო, იმან გაიარა. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და არ მიყვარს იმის ძახილი, მე ისე და ასე ვცხოვრობდი.
- როდისმე ისვენებს მარინა ბერიძე?
- თითქმის არა. წელს კასტინგების დაწყებამდე ერთი კვირა ბაკურიანში წავედი. შვილიშვილები მეხვეწებოდნენ, ბებია, ოღონდ ჩამოდი და ჩვენ დაგასვენებთო. მართლა ძალიან დაღლილი ჩავედი და პირდაპირ გეტყვით, ჩემმა სამმა შვილიშვილმა მომიარა. მეუბნებოდნენ, წადი, დაწექი და ჩვენ არ ვიხმაურებთო. ან აივანზე ვიჯექი, ან მეძინა.
- თუმცა ისევ ძველებურ რიტმს დაუბრუნდით. ქართულ შოუბიზნესზე გკითხავთ...
- მოდით ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს შოუბიზნესი. უფრო სწორად, შოუ გვაქვს და ბიზნესი არა. კომუნისტების დროს სამ მანეთად კონცერტზე შეხვიდოდი, თუმცა ის დრო ხომ აღარ გვინდა, არა? სამხატვრო საბჭო გვეჯდა და ისეთი ცენზურა იყო, ინგლისური სიმღერა რომ გემღერა, შეიძლება, ციხეში ჩაესვით. თაობა დაიკარგა. გულიკო ჭანტურია დღეს რომ ახალგაზრდა მომღერალი იყოს, მსოფლიოს დაიპყრობდა. ამიტომ მეზიზღება ის დრო. თავისუფლების დათრგუნვაზე საშინელი არაფერია.
- ახლა თავისუფლება გვაქვს, მაგრამ არაფერი გვეშველა...
- ესტრადა რთულია, მაინც ყალიბდება. სამაგიეროდ, როგორ გვეშველა საოპერო ჟანრში. შოუბიზნესს საპროდიუსერო ცენტრი სჭირდება. რა ვქნათ, კიდევ უნდა დავდგეთ ფეხზე, რომ ზედმეტი თანხები გამოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, "მგზავრების" ფენომენი რა არის? არც პატრონი ჰყავდათ და არც პროდიუსერი. უცებ მოხდა მათი აღზევება. იმიტომ, რომ ცოცხალია, თანამედროვეა და ქართული ენერგეტიკა მოდის. პლუს ფონოგრამა ღუპავს მომღერალს, მაყურებლის წინაშე შუშის ფარდით დგები. იცით, ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ? პარალელურად კარგი უნდა შექმნა და ხალხს შედარების საშუალება მისცე. ამას თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც მე არ მაქვს, თორემ კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
- დღეს იკარგებიან ნიჭიერი მომღერლები?
- როგორ არ იკარგებიან. მარიკო ებრალიძე ავიღოთ. მისნაირი ახალგაზრდა მომღერალი მე არ ვიცი. ყველაფერი აქვს, ინტელექტი, გარეგნობა, ხმა... იჩაგრება აბა, არ იჩაგრება? აუცილებლად უნდა წავიდნენ ბავშვები უცხოეთში და ისწავლონ.
- დღეს სასწავლებლად კი არა, კონკურსებზე მიემგზავრებიან. ყოველ წელს ქართველ მომღერლებში დაპირისპირების საფუძველი ხდება "იურმალა". ახლაც ბორის ბედიას უნდოდა მონაწილეობა...
- არ არის იმ დონის კონკურსი, რომ იქ მარიკო ებრალიძე გავუშვათ. ძალიან "პაპსაა". საოცრება ხდება. არსებობს მსოფლიო შოუბიზნესი და არსებობს ცალკე რუსული. არ აინტერესებთ, რა ხდება სხვაგან. სამაგიეროდ, დიდი ბაზარი აქვთ და მატერიალურად კარგად არიან. რაც შეეხება ქართველ მომღერლებს, უნდათ წასვლა და რა ქნან. მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, იქნებ, პროდიუსერმა შეგამჩნიოს. ან ხომ შეიძლება, იქაც იყოს მარინა ბერიძე, ოღონდ ფულიანი და გაგიჟდეს, ისე მოეწონოს (იცინის).
- დასასრულს კულტურის სამინისტროს გეგმებზე გკითხავთ...
- წელს აკაკი წერეთლის წელი მოდის და უამრავ ღონისძიებას ვგეგმავთ. ასევე გია ყანჩელის იუბილეა და მასშტაბურ ღონისძიებას ვამზადებთ. ეს ორი პროექტია გეგმაში და ორივე ძალიან მაინტერესებს. მე მიყვარს, როცა ხელს კი არ ვაწერ - მ. ბერიძე, არამედ როცა საქმეს ვაკეთებ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)