დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი თავის მემუარებში, რომელიც გაყიდვაში 1 სექტემბერს გამოვიდა, პრინცესა დიანას ადამიანებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ამასთან, ბლერი აღიარებს, რომ ამგვარი მანიპულაციებით თავადაც იყო დაკავებული.
როდესაც დიანა დაიღუპა, ბლერმა თავი მოვალედ ჩათვალა "მონარქია დაეცვა". ბლერი იხსენებს, რომ "სახალხო პრინცესა" მომხიბლველი, ჭკვიანი და ძალიან უშუალო იყო, მაგრამ პირდაპირი და მეტისმეტად ემოციურიც.
ის იხსენებს, როგორ შეხვდა პრინცესას 1997 წლის ივლისში - მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. ბლერს არ მოსწონდა, რომ დიანა დოდი ალ-ფაიედს ხვდებოდა, თუმცა ვერ შეძლო იმის გამოხატვა, რა არ მოსწონდა მათ ურთიერთობაში. ”დიანას აღიზიანებდა მის პირად ცხოვრებაში ჩარევა”, - აღნიშნავს ექს-პრემიერი.
"ჩვენ ორივე, თავისებურად, ადამიანებით ვმანიპულირებდით", - წერს ბლერი საკუთარ წიგნში. ის ადამიანების გრძნობებში წვდომის უნარსა და მათზე თამაშს გულისხმობს.
1997 წლის 31 აგვისტოს, ღამის 2 საათზე პრემიერ-მინისტრი პოლიციელმა გააღვიძა, რომელმაც მოახსენა, რომ დიანა სერიოზულად იყო დაშავებული. ბლერი მაშინვე მიხვდა, რომ პრინცესა ვერ გადარჩებოდა. დილის 4 საათზე მას პრინცესას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. ექს-პრემიერს არ სურდა, ხალხს ის გულქვა ჰგონებოდა და პირველ ყოვლისა, იმაზე დაფიქრდა, შექმნილი ვითარებაში როგორ მოქცეულიყო.
აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახს პრინცესას დაღუპვაზე გულგრილი რეაქცია ჰქონდა, რაც იმ ძლიერი შთაბეჭდილების ფონზე, რომელიც დიანას გარდაცვალებამ ბრიტანულ საზოგადოებაზე მოახდინა, მონაქრიას საფრთხეს უქმნიდა. ბლერი გრძნობდა, რომ დედოფალს ამ საფრთხის შესახებ პირდაპირ ვერ მოახსენებდა, ამიტომ პრინც ჩარლზს დაელაპარაკა, რომელმაც მისი მოსაზრებები მოისმინა და დაპირდა, რომ ყველაფერს დედოფალს გადასცემდა. ჩარლზმა ჩათვალა, რომ დედოფალი განცხადებით უნდა გამოსულიყო. ამას დედოფალიც დასთანხმდა.
მოგვიანებით ბლერმა დიდი დრო გაატარა დედოფალთან და დაასკვნა, რომ მას ხალხში გავრცელებული მოსაზრების აღიარება უჭირდა: საზოგადოება ფიქრობდა, რომ დედოფალი იმას აკეთებდა, რასაც ბლერი კარნახობდა.
წიგნში გორდონ ბრაუნიც მკაცრად არის გაკრიტიკებული. მიმდინარე წლის მაისის არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დამარცხებაში ბლერი სწორედ მას ადანაშაულებს. ხელისუფლებაში ბლერის ყოფნის დროს ლეიბორისტები 13 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, ბრაუნმა კი სამი წლის მანძილზე პარტიის რეიტინგის დაცემას "მიაღწია" და ძალაუფლება კონსერვატორებს გადასცა.
2007 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში ბლერმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში თავისი მემუარების გამოცემასთან დაკავშირებით მსოფლიოს უმსხვილეს ინგლისურენოვან გამომცემლობა Random House-თან კონტრაქტი გააფორმა. ყოფილი პრემიერი წიგნზე დამოუკიდებლად, სხვა ავტორების დახმარების გარეშე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც წიგნებისა და ონლაინ-მაღაზიებში მემუარების გაყიდვა დაიწყება, მათი პრეზენტაციისთვის, ბლერი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება, მოგვიანებით კი წიგნი აუდიოფორმატშიც გამოიცემა.
წიგნის შესახებ, ჯერ კიდევ მის გამოცემამდე ბევრი დაიწერა და ითქვა. ამბობდნენ, რომ ბევრი რამ, რასაც ბლერი დაწერდა, სკანდალური იქნებოდა. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი მეთაური თავის წიგნში ბევრს საუბრობს ასევე ყოფილ პრემიერ გორდონ ბრაუნთან ურთიერთობისა და, რაც მთავარია, ერაყის ომის შესახებ.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.