ლიკა გუნცაძისთვის (ტელესერიალიდან - "აქ ცხოვრობენ გუნცაძეები") დამახასიათებელი "გიჟური" ვარცხნილობა, "ლეგენდარული" წითელი პომადა და "რაღაცნაირი" მანერები მსახიობ ცისია მეტრეველისათვის რეალურ ცხოვრებაში უცხოა. ცისია არც საოჯახო საქმეებს უკეთებს "იგნორს" და ქმარ-შვილს "მოჯღანული" ბუტერბროდებით არ უმასპინძლდება. მსახიობსა და მის "კიკიმორა" პერსონაჟს შორის მსგავსება ის გახლავთ, რომ ორივეს მყარი, 16-წლიანი ოჯახი აქვს. 17 წლის ცისიას პირველივე პაემანი წარმატებული აღმოჩნდა - ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მართალია, მსახიობი პაემნების საკითხში თავს ექსპერტად არ მიიჩნევს, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლებს მოკრძალებულ რჩევას მაინც აძლევს...
- სკანდალური ადამიანი არა ვარ - ჩემს ცხოვრებაში დამაინტრიგებელი არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ჩემი პირველი სიყვარულია. ჩვენი შეხვედრა სპონტანურად მოხდა - მეგობრის დაბადების დღეზე. მაშინ ბონდო ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო, მე კი იმ პერიოდში "მხედრულში" ვცეკვავდი, თან, პირველი კურსის სტუდენტი გახლდით. გაცნობიდან 3 თვის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით.
- ასეთი ხანგრძლივი პაუზა რამ განაპირობა?
- გაცნობიდან მეორე დღეს დამირეკა, მაგრამ რაჭველი ქალების ამბავი ხომ იცი?.. ანგელოზები დავუფრთხე (იცინის)!
- შენმა მომავალმა მეუღლემ ტელეფონით ასეთი რა გითხრა?
- უბრალოდ, შემომთავაზა - ცეკვაზე მე წაგიყვანო (იცინის). იმ პერიოდში თაყვანისმცემლების მოგერიება მჭირდებოდა - ბლომად იყვნენ. ბიჭებთან ვმეგობრობდი, მაგრამ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მათ ჩემ მიმართ სხვაგვარი გრძნობა ჰქონდათ. ეს ფაქტი მაღიზიანებდა, ვბრაზდებოდი... ახლა ასეთ რაღაცებზე მეცინება (იცინის). მოგვიანებით მეუღლემ მითხრა: იმ 3 თვის განმავლობაში გირეკავდი ხოლმეო... ჩემმა მეგობარმა - ზურამ "იმაჭანკლა": ბონდოს ეუბნებოდა, - ცისიამ მოკითხვა შემოგითვალაო. ამ "მაჭანკლობაში" 3 თვე გავიდა. ერთ დღეს ზურამ გამაფრთხილა: ბონდო რომ დაგირეკავს, შენებურად არ მოიქცეო. მეც ლმობიერი, თბილი გავხდი, რაც ჩემს მომავალ მეუღლეს ძალიან გაუკვირდა.
- ასე მეგობრის ხათრით მოიქეცი, თუ სიმპათია შენც გაგიჩნდა?
- მერე უკვე მისი ათლეტური აღნაგობა, ადამიანურობა დავაფიქსირე. მოგეხსენება "თვალი ჭამს"!.. ერთმანეთს მეგობრებთან ერთად შევხვდით. შემდეგ კი პირველი სერიოზული პაემანი გვქონდა.
- პაემანზე წასასვლელად განსაკუთრებულად ემზადებოდი?
- არა. რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი. კონცერტზე, საღამოზე, დაბადების დღეზე წასასვლელად ტანისამოსზე განსაკუთრებულად ვზრუნავდი, მაგრამ შეხვედრაზე...
- ...მაგრამ ეს ხომ პირველი სერიოზული პაემანი იყო!
- კი, მაგრამ ფაქტია, განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ (იცინის). იმ პერიოდში გარეგნობაზე ზრუნვას ბევრ დროს არ ვუთმობდით (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორმაში არ ვიყავით). ახლა ასაკი "ჩამოვიდა", 16-17 წლის გოგონები ყველაფერს ყურადღებას აქცევენ. პირველ პაემანზე სპორტულად გამოვეწყვე - თეთრი მაისური და შავი "სტრეიჯები" მეცვა, ხელში უზარმაზარი ჩანთა მეჭირა (ჩანთები ჩემი სისუსტეა - ძალიან მიყვარს!).
- შენს რჩეულს რა ეცვა?
- სამსახურის გამო (დღემდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს) პიჯაკში იყო ხოლმე გამოწყობილი, პაემანზე კი ჯინსი და სპორტული მაისური ეცვა.
- ერთმანეთს სად შეხვდით?
- კაფეში ვიყავით და ათას რაღაცაზე ვილაპარაკეთ.
- სიყვარულის გარდა?
- სხვათა შორის, სიყვარულის გარდა, მართლაც ყველაფერზე ვილაპარაკეთ (იცინის). მაშინაც ბევრი ლაპარაკი მიყვარდა, მაგრამ მცირე ასაკში უფრო გულუბრყვილო ვიყავი, ახლა პრაგმატული ვარ... ერთ კვირაში ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. ერთ დღეს მითხრა, - შენთვის რაღაცის თქმა მინდაო. ისეთი გულუბრყვილოც არ ვყოფილვარ, რომ საქმის არსს ვერ მივმხვდარიყავი (იცინის). ეს ყველაფერი ერთგვარ თამაშს ჰგავდა: შევხვდით, ვისაუბრეთ... მერე მითხრა - შენზე სერიოზულად ვფიქრობ და... "შევაშველე", - გინდა, ოჯახი შევქმნათ-მეთქი?.. შემდეგ ჩემს მშობლებს დაელაპარაკა, ნიშნობა გვქონდა, ჯვარი დავიწერეთ - ყველაფერი ოფიციალურად მოხდა.
- ვიდრე ოჯახის შექმნას შემოგთავაზებდა, მანამდე სიყვარული არ აგიხსნა?
- არა, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ოჯახის შექმნის წინადადებაც და სიყვარულის ახსნაც ერთმანეთს დაამთხვია - ყველაფერი ერთბაშად მოხდა.
- ადრეულ ასაკში შვილის გათხოვებაზე შენს მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- გაუკვირდათ, მაგრამ არ შემწინააღმდეგებიან - ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს. ვფიქრობდი, რა დროს გათხოვებაა-მეთქი?! მაგრამ ხომ გაგიგონია - "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი".
- მშობლებს შენს თაყვანისმცემლებთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
- დესპოტი არც ერთი არ ყოფილა, მაგრამ მამა უფრო ლოიალური იყო: მახსოვს, ერთხელ ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გვესტუმრა. სერენადა არ უმღერია, მაგრამ რაღაც წაიღიღინა, რის გამოც ბავშვურად გავბრაზდი, მამამ კი თქვა: მერე რა მოხდა, დედას ხომ არ გაგინებს? უყვარხარ და თავის გრძნობას ასე გამოხატავსო!
- შენ გამო ბიჭებს თუ უჩხუბიათ?
- სამწუხაროდ - კი. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჯობია, გაარკვიონ - გოგოს რომელი მათგანი მოსწონს და მის აზრს ანგარიში გაუწიონ. რომელიმე აუცილებლად გვერდზე უნდა გადგეს - "მურმანის ეკალივით" შუაში არ უნდა იყოს.
- მართალია, პირველი სერიოზული პაემანი მომავალ მეუღლესთან გქონდა, მაგრამ "არასერიოზულ" პაემნებზე რას გვეტყვი?
- მანამდე პაემანზე მართლა არ ვყოფილვარ. იმ პერიოდში განსხვავებული ბავშვები ვიყავით, ყველაფრის გვრცხვენოდა. ბიჭები ჩემ მიმართ სიმპათიას სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ. მახსოვს, ბებიაჩემს ერთი ბიჭის დედამ უთხრა: ჩემი შვილი საჭმელს ისე არ ჭამს, თუ ცისია არ ვუხსენეთო (იღიმის).
- საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიდან, სიმპათია პირველად ვის მიმართ გაგიჩნდა, გახსოვს?
- არგენტინის ნაკრების მეკარე - გოიკოეჩეა მომწონდა. ფანტასტიკური მეკარე იყო, თან - ძალიან სიმპათიური! ჩემს ოჯახში ფეხბურთი უცხო თემა არ არის: სლავა მეტრეველის შვილი - სერიოჟა ჩემი ძმის ნათლიაა, შვილებიც ფეხბურთელები მყავს... მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, როცა მატჩის ნახვას ვერ ვახერხებდი, საშინელ დღეში ვიყავი! მოკლედ, 13-14 წლის ასაკში გოიკოეჩეა მომწონდა, 17 წლისამ კი მომავალი მეუღლე გავიცანი (იცინის).
- წინათ გოგონების მოტაცება (ოჯახის შექმნის მიზნით) ხშირი იყო. ამ საფრთხის წინაშე შენც ხომ არ აღმოჩენილხარ?
- არა, არა! ვამბობდი - ვერ მიბედავენ-მეთქი. არა მგონია, უსაფუძვლოდ ბიჭმა გოგოს მოტაცება გაბედოს. რომ მოიტაცებს, მერე რა?! გოგონას ბიჭის მიმართ გრძნობა თუ არა აქვს, უკან დაბრუნდება.
- დროთა განმავლობაში ოჯახში პატარ-პატარა პრობლემები მაინც ჩნდება. წარმატებული ოჯახური თანაცხოვრების შენეული "რეცეპტი რა არის?
- პრობლემების გარეშე არც ერთი ოჯახი, არც ერთი ადამიანი არ არსებობს. თუკი წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, წვრილმანი პრობლემები მეორეხარისხოვანია. შეიძლება, რაღაც მომენტში გაღიზიანებული ხარ. ამ შემთხვევაში მან უნდა დათმოს. ოჯახური თანაცხოვრების წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის პატივისცემა, თანხმობა, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა არსებობდეს, მაგრამ სიყვარულის გარეშე ფონს ვერ გახვალ. შეიძლება, დროთა განმავლობაში გრძნობა ისეთი არაა, როგორიც ადრე იყო - "ფეიერვერკული", მაგრამ სიყვარული არ ქრება, ის ყველაფრის საწინდარია! ვფიქრობ, ღმერთთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ - ეკლესიურად ვიცხოვროთ. ასეთ დროს ცხოვრება უფრო იოლი ხდება.
- არსებობს მოსაზრება, რომ, როცა ცოლ-ქმარი გარკვეული პერიოდით ერთმანეთს შორდება, მათი ურთიერთობისთვის სასარგებლოაო...
- გეთანხმები. ჩემი მომავალი მეუღლის გაცნობიდან მალევე დავოჯახდით. ფაქტობრივად, ერთმანეთი მერე გავიცანით. ერთხელ ვთქვი კიდეც: როგორც ჩანს, წინა ცხოვრებაში ერთად ვიყავით და ახლა ცხოვრებას ჩვეულებრივ რიტმში ვაგრძელებთ-მეთქი (იცინის). ხომ არის პერიოდი, როცა შეყვარებული გოგონები "მომსახურების ზონიდან" გადიან? ეს კარგია, მომწონს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პრაგმატულად მოხდა - "გიჟმაჟი" შეყვარებული არ ვყოფილვარ. მერე ბავშვები გაჩნდნენ. პარალელურად, ჩემს საქმეს ვაკეთებდი: ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ სერიალში - "წვრილვარსკვლავთა ღამე", სპექტაკლებში ვმონაწილეობდი...
ჩვენი სამსახურების გამო, მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთისათვის "თვალებში მაზოლი" არ ამოგვიყვანია (იცინის) ორივე ჩვენი საქმით ვართ დაკავებული, ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით. მე თუ მკითხავ, ეს კარგია. ბავშვებიც გიჟური რეჟიმით ცხოვრობენ - სპორტზე დადიან. ოჯახთან საღამოობით ვურთიერთობ.
- ცისია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან (თაყვანისმცემლები, მეუღლე) შენთვის მიძღვნილი ყველაზე ორიგინალური საჩუქარი გაიხსენე.
- წერილები, საჩუქრები მოუძღვნიათ, მაგრამ ისეთი ორიგინალური არაფერი ყოფილა, განსაკუთრებულად რომ აღვფრთოვანებულიყავი. იმედია, ასეთი სიურპრიზი წინ მაქვს (იცინის)...
- დაბოლოს, პაემანზე მიმავალ ქალბატონებს რას ურჩევ?
- ქალი ბუნებრივი უნდა იყოს - თამაშს აზრი არა აქვს, რადგან, დღეს თუ ხვალ, მაინც "გაიყიდება", თამაში სცენაზე "მოსულა" (იცინის).
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)