გიორგი დანელია: "მგონი, არ ვარ მოსაწყენი ტიპი"

გიორგი დანელია: "მგონი, არ ვარ მოსაწყენი ტიპი"

25 აგვისტოს იუბილე აღნიშნა კინემატოგრაფის კლასიკოსმა გიორგი დანელიამ, რომელსაც ლეგენდარული ფილმები ეკუთვნის. სწორედ ამასთან დაკავშირებით დიდი რეჟისორის პირადი ცხოვრებით და კიდევ სხვა საინტერესო დეტალებით დავინტერესდით.

- როგორ აღნიშნავთ იუბილეს?

- აღვნიშნავ? მე არ ვსვამ! უკვე 30 წელია. თუმცა ამასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა ამბავი ჩემს ცხოვრებაში. ნიკიტა მიხალკოვი ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ნატალია კონჩალოვსკის დედას არაყს ჰპარავდა და ვსვამდით.

- ახლა რით ხართ დაკავებული? მახსოვს, ერთი წლის წინ ამბობდით, რომ "ქინ-ძა-ძას" მიხედვით მულტფილმს იღებდით...

- მეც მახსოვს. ძალიან მომწონს მულტიპლიკაცია. უფრო საინტერესოც კი არის, ვიდრე კინოს გადაღებები... გადაღებებისთვის უკვე აღარ ვვარგივარ. 80 წლის ვარ. რადიკულიტი მაქვს.

- თქვენს ცხოვრებაში რა ხდება ახლა, რით სუნთქავთ?

- ჟანგბადით ვსუნთქავ. მართლა გეუბნებით. ერთგვარი ჟანგბადის კომპრესორია, საკმაოდ დიდი აპარატი, ცხვირში კეთდება. რომ არ მოვკვდე, სწორედ ამით ვსუნთქავ. ეს ფილტვების პრობლემაა.

- ტელევიზორში რისი ყურება მოგწონთ?

- არაფერი არ მომწონს.

- თანამედროვე მსახიობებს თუ გადავწვდებით, ვის იხმობდით თქვენს ფილმში გადასაღებად?

- ვისაც ვიწვევდი, ისევ იმას დავუძახებდი.

- ახლებიდან?

- ახლებს არ ვიცნობ.

- ვისაც იღებდით, მათ შორის ვინ არის თქვენთვის "ყველაზე-ყველაზე"?

- ასეთი რამ არ ხდება. იმ მომენტიდან, როცა პირველი ფილმი გადავიღე, დღემდე 55 წელი გავიდა. პირველი მსახიობის ერთგული ვერ ვიქნები. ასე არ არის? ორმოცდაათჯერ მაინც შემიძლია ვუღალატო.

- რაც შეეხება ღალატს. ამბობენ, რომ ქართველები სხვებზე უფრო მექალთანეები არიან...

- ზანგებზე უფრო?

- თქვენ ხუმრობთ, მე კი სერიოზულად ვამბობ. ყოველ შემთხვევაში, თქვენი პირადი ცხოვრება მართლა აღნიშვნის ღირსია...

- ჩემს რუს, ებრაელ და თათარ მეგობრებთან შედარებით ჩემი ცხოვრება საკმაოდ ღარიბულად წარიმართა სიყვარულის მხრივ.

- თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ წამიკითხავს. თუნდაც ერთი რომანი ვიქტორია ტოკარევასთან რად ღირს!

- ეს ყველაფერი მან მოიგონა. ტოკარევა ხომ მწერალია. ერთად ვმუშაობდით. ასევე მიმუშავია იუსოვთან, ბონდარჩუკთან, ვოლოდინთან, იბრაგიმბეკოვთან. მათ ყველას მომაწერთ ახლა?

- თქვენ მამაკაცებს ასახელებთ, ტოკარევა კი მშვენიერი ქალბატონია!

- მერე რა? სკობცევასთან მიმუშავია, ჩურიკოვასთან. ვისთან არ მიმუშავია. ნეელოვასთან, გუნდარევასთან. მსგავსი არაფერი ყოფილა.

- ამბობენ, რომ "შემოდგომის მარათონი" საკუთარ თავზე გადაიღეთ?

- დიახ, ასეა.

- მთავარი გმირი ცოლსა და საყვარელს შორის დაბორიალობს. ტოკარევამ კი თავის წიგნში "სახლი სახურავზე" ლამაზი რომანი აღწერა. თქვენი სახელი არ არის მითითებული, მაგრამ ყველამ თქვენთან გააიგივა ის გმირი. სამოქალაქო ქორწინება გქონდათ მსახიობ სოკოლოვასთან. ტოკარევას კი მაინც უყვარდით და გელოდაებოდათ. მერე კი ერთხელაც ორივე მიატოვეთ და... მესამეზე იქორწინეთ.

- პირველი ცოლი - მსახიობი ლიუბოვ სოკოლოვა - ძალიან მიყვარდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. მაგრამ სიყვარული გადის, ასე ხდება. და მან გამიგო, ჩვენ მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნეთ. მერე ახალი სიყვარული მეწვია, ჩემი ცოლი გალინა. ჩვეულებრივი ამბავია. ტოკარევასთან კი უბრალოდ ვმუშაობდი.

- რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული?

- ბევრია ასეთი. თითოეული ჩემი ფილმი - სიხარულია. მეგობრებთან შეხვედრები.

- ყველაზე დიდი ტრაგედია?

- ვაჟის გარდაცვალება.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი მათ შორის, რაც გადაგიღიათ?

- მიყვარს "მიმინო" და "არ დაიდარდო".

- მისტიკის გჯერათ?

- არა, მაგრამ მაინც მჯერა. აი, გავიფიქრე, რომ დავწვებოდი დასაძინებლად, მაგრამ ვინმე დარეკავდა და არ დამაძინებდა, ასეც მოხდა. თქვენ დამირეკეთ და ლოგინიდან წამომახტუნეთ. მე კი რადიკულიტი მტანჯავს... თუმცა არა უშავს, მგონი მაინც ბრძნულად ვილაპარაკეთ, ახლა წავედი დასაძინებლად. თქვენ წარმატებებს გისურვებთ და კარგ მოსაუბრეს, მოსაწყენი ტიპი არ ვარ, მაგრამ.

- არა, მოსაწყენი არ ხართ. თქვენი ფილმები კი საუკუნოვანია! გილოცავთ კიდევ ერთხელ!

- გმადლობ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება