ავტორი:

რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

2020 წელს მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ იმაზე მძიმე და საშინელი, რასაც კორონაპანდემია ჰქვია, არაფერი ყოფილა. ადამიანებს უხილავი მტრის წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა. მტერმა სახელად "კოვიდ 19“ მილიონობით ადამიანი შეაშფოთა, დაამწუხრა და შეიწირა... გლობალური პანდემია ჯერ კიდევ დასამარცხებელია. დიდი გამოწვევის წინაშეა მსოფლიო და მათ შორის საქართველო... რას ატანენ ძველ წელს ჩვენი საზოგადოების ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

გია ბუღაძე, მხატვარი:

- როგორც მთელი საქართველო და მსოფლიო, მეც ასევე სახლში ვიყავი გამოკეტილი და დისკომფორტს ვგრძნობდი... ჩემი საქმე საერთოდ ისეთია, მუშაობისას განმარტოება მიწევს, რადგანაც ის კოლექტიურ საქმიანობას და სამსახურში სიარულს არ საჭიროებს. ამ მხრივ, არსებითად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ როდესაც გარშემო ასე დამთრგუნველ სიტუაციას ვხედავ, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს... დარდი, ტკივილი, ადამიანების ტრაგიკული მდგომარეობა, ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, ჩემს საქმიანობაზეც აისახება, ემოციურ ტკივილს იწვევს და ძალიან მაფიქრებს, მაღელვებს. ამასთანავე, უსამართლობა, არაპროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერში, კიდევ უფრო მთრგუნავს.

ამიტომ, 2020 წელს გავატანდი - კორონავირუსს, "ქოცებს", ეკონომიკურ უბედურებას, უსიყვარულობას, გაუტანლობას, მომავალ წელს კი ველოდები ახალ კოალიციურ ხელისუფლებას, ცხოვრებას ვირუსის გარეშე, ადამიანებში პროფესიონალიზმის დაბრუნებას და ბევრ კარგ ამბავს...

ისეთი წელი იყო, რომ ასეთს ისტორიაში გამოტოვებენ ხოლმე. გამოტოვება ალბათ არ მოგვიწევს, რადგან გარკვეულწილად გარდატეხის წელია, ახალი ცნობიერება, მდგომარეობა იბადება. ახლის დაბადება კი ყოველთვის მტკივნეულად ხდება... ალბათ კიდევ დიდი გამოცდა გველის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა უკვე იმდენად მოწიფულია, ამ განცდებისგან იმხელა გამოცდილებაც აქვს, რომ სირთულეებს დაძლევს. თან, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, ისეთი ინტელექტუალური ძალებია ჩართული, ასევე მსოფლიო დემოკრატიის თვალსაზრისითაც, რომ მხოლოდ კარგის მოლოდინი უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. მოკლედ, ვნახოთ. ყველას ბედნიერ და ჯანმრთელ წელს ვუსურვებ!

გია ხუახაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:

- გასულ წელს გავატანდი ყველაფერს, რაც წელს მოხდა და ახალ წელს სუფთა ფურცლიდან დავიწყებდი. ეს ბევრ რამეს რადიკალურად შეცვლიდა, ასე რომ, საერთო სიტუაცია ძალიან სამწუხაროა...

რაც შეეხება იმას, რას ველი 2021 წლისგან, - არაფერს, უბრალოდ, ჩვენი პრობლემების მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად კონსოლიდირებულად ამ პრობლემების გადაწყვეტას მოვახერხებთ.

2020 წლის პრობლემები იმით განსხვადება წინა პერიოდისგან, რომ ვითარება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და რთულია. გადავაწყდით იმ ტიპის პრობლემებს, რომელთა გამოცდილება არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, პროგნოზებისგან თავს ამიტომ ვიკავებ და მხოლოდ იმედებზე ვსაუბრობ. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ქვეყანას ვუსურვებ კეთილდღეობას, თავისუფლებას, ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნებას - კორონას დამარცხებას!

მამუკა ჩარკვიანი, მუსიკოსი:

- ალბათ როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რთული იყო, ამ მძიმე პერიოდში როგორ უნდა ვყოფილიყავი?! დღეს ადამიანებს ჯანმრთელობა უჭირთ, რასაც თვითრეალიზაციის პრობლემაც დაემატა... თორემ ახალ სიმღერებს სულ ვქმნი, ვმუშაობ, არ ვჩერდები, წელსაც 2 ახალი სიმღერა დავწერე. ამ ყველაფერს რეალიზება ხომ სჭირდება და პანდემიამ სწორედ ამას დაარტყა...

რას გავატანდი 2020 წელს? ამაზე არც ვიცი, როგორ გიპასუხოთ, მაგრამ გასულ წელს ნამდვილად გავატანდი პანდემიას და იმ საშინელებებს, რაც მთელ მსოფლიოშია. აუცილებლად გავატანდი, ოღონდ, არ ვიცი, სად, მაგრამ ფაქტია, რომ ამის განმეორება აღარ გვინდა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

რას ველი 2021 წლისგან? ბევრ კარგ რამეს და რაც მთავარია, შვილიშვილს, ჩემს მეოთხე შვილიშვილს და მინდა, ეს მოლოდინი ბედნიერად დასრულებულიყოს!

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი:

- 2020 წელს კორონაპანდემიას გავატანდი, მასთან დაკავშირებულ მოგონებებს კი, დავიწყებას მივცემდი. თან აუცილებლად მივაყოლებდი პირბადეებს, თავის რეზინის ხელთათმანებით და ყველაფრით... 2021 წლიდან მხოლოდ ერთს ვითხოვ - გაიხსნას ქვეყნები, ქალაქები, სკოლები, ბაღები, აჟრიამულდეს ყველაფერი, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ აქამდე ნელ-ნელა მოვედით, მჯერა უკეთესი მდგომარეობა გვექნება. მთავარია, ამ პანდემიამ თავი დაგვანებოს.

ჩემს 2020 წელს კი ასე შევაფასებ - არ ვარ უმადური, ჯვარი მწერია და ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები მყავს, ამ პანდემიის პერიოდში ხალხმა სამსახურები დაკარგა, მე არც აქტუალურობა დამიკარგავს, არც როგორც სამოქალაქო აქტივისტის, არც ჟურნალისტური საქმიანობა შემზღუდვია, არც ინფლუენსერული, შეზღუდვა მარტო როგორც მსახიობს და ტურისტულ გიდს, ისე შემეხო. წელს მხოლოდ რამდენიმე ტური მქონდა ქუთაისში, მაგრამ რა მაქვს საწუწუნო? მადლობელი ვარ, რადგან ვიმეორებ, ჯანმრთელად ვარ! არადა, რამდენ ადამიანს შეექმნა პრობლემა, ბევრიც ამ ქვეყნიდან წავიდა...

ახალ წელს საქართველოს ვუსურვებ, მალე დაბრუნებოდეს ის ცხოვრება, რაც კორონამდე ჰქონდა, ერთმანეთის გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, გადახვევა ისევ შეგვძლებოდეს. ადამიანს გულში რომ ჩაიკრავ და მოეფერები, ეს მნიშვნელოვანია და მენატრება...

გოგოლა კალანდაძე, მსახიობი:

- ახალი წლისგან ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სილაღეს, ყველაფერს კარგს... წელს პირადად ჩემს თავს პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებდი, რადგანაც უკვე ბევრი წელია, პროფესიულად შეზღუდული და დასჯილივით ვარ... რა დავაშავე, არ ვიცი, მაგრამ ასეა... საერთოდ, მსახიობებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რაც დასანანია. არადა, გული მწყდება, წლები მიდის, ასაკი გვემატება, ახალგაზრდების გვერდით ჩვენი გამოყენებაც ხომ შეიძლება?! ძველი მსახიობების ასე სადღაც გადაყრა, რა ვიცი, როგორ შეიძლება?!

ჩვენს ქვეყანას 2021 წელს მშვიდობას, ჯანმრთელობას, სილაღეს ვუსურვებ და ყველაფერ იმას, რაც საჭიროა ადამიანისთვის, რომ თავი ადამიანად იგრძნოს! ეს წელი ყველასთავის, ხვავიანი, ბარაქიანი იყოს, ყველა დასაქმებულიყოს, ასე მიგდებულ-მიყრილები, როგორც ახლა ვართ, ასეთი ყოფა დასრულებულიყოს.

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა - როგორია ინფიცირებულის მდგომარეობა