ნატალია ორეირო - ყველაზე ცნობილი ურუგვაელი

ნატალია ორეირო - ყველაზე ცნობილი ურუგვაელი

ამ მსახიობს სერიალების თითქმის ყველა მოყვარული იცნობს. არადა, არგენტინის საპნის ოპერების ვარსკვლავი სინამდვილეში ურუგვაელია და არანაკლებ პოპულარული მომღერალია, ვიდრე მსახიობი.

ნატალია მარისა ორეირო იგლესიას პოხიო ბურიე 1977 წლის 19 მაისს დაიბადა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. დედამისი, მაბელ ორეირო, ადრე პარიკმახერი იყო, ახლა დიასახლისია, მამა, კარლოს ორეირო, ამჟამად ბიზნეისთ არის დაკავებული. ჰყავს და, ადრიანა, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს.

ნატალიამ 8 წლისამ დაიწყო სამსახიობო ოსტატობის შესწავლა. 12 წლისა პირველად გადაიღეს ურუგვაულ რეკლამაში. 14 წლისა ცნობილი ბრაზილიელი მომღერლისა და ტელეწამყვანის შუშას შოუში მთავარ თანაშემწედ აირჩიეს. მრავალ პრეტენდენტს შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან, სწორედ მასზე შეაჩერეს არჩევანი. შუშას მოგზაურობებში ახლდა თან და განსაკუთრებული მოვლენების დროს წარადგენდა.

16 წლისა იყო ნატალია, ბუენოს-აირესში რომ გაემგზავრა, სერიალებში როლების კასტინგებში რომ მიეღო მონაწილეობა. კასტინგებში მაშინვე ვერ გაიმარჯვა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეამჩნიეს: ერთ-ერთ სინჯებზე რიგითი როლი ერგო ფილმში "დაუმორჩილებელი გული", სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და ასევე ცნობილ მსახიობს პაბლო ეჩარის, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის სერიალ "მონტე-კრისტოთი" არის ცნობილი.

ამ როლის შემდეგ ნატალიას პატარა როლი ჰქონდა სერიალში "საყვარელი ანა" და ერთ-ერთი მთავარი როლი სერიალში "მოდელები 90-60-90". მაგრამ ნამდვილი წარმატება და პოპულარობა მსახიობს ეწვია ტელენოველით "მდიდრები და ცნობილები", სადაც მისი პარტნიორი დიეგო რამოსი იყო.

ამ ფილმის შემდეგ ნატალია 1998 წლის დასაწყისში "ტელეფეში" გადავიდა სამუშაოდ, სადაც მთავარი როლი შესთავაზეს პროექტში "არგენტინელი ნიუ-იორკში". ამ ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე პერიოდში ჩაიწერა ნატალიას პირველი სოლოდისკი "ნატალია ორეირო". დისკი 1999 წლიდან იყიდება არგენტინაში და მალე მისი საერთაშორისო ვერსიაც გავრცელდა. ამ დისკიდან რამდენიმე სიმღერის წყალობით ნატალია კიდევ უფრო ცნობილი გახდა, თვითონ დისკი კი ოქროსი გახდა - არგენტინაში 750 ათას ასლად გავრცელდა, კიდევ დაახლოებით 1 მლნ ასლი გაიყიდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში.

შემდეგი როლი, რომელიც ნატალიას ერგო, მილაგროსი იყო სერიალში "ველური ანგელოზი", რომლის გადაღებები 1998 წელს დაიწყო. მსახიობის თქმით, თვითონ იღებდა აქტიურ მონაწილეობას მილაგროსის სახის შექმნაში, სცენარს ხვეწდა. სწორედ ამ როლმა მოუტანა მსახიობს მთელ მსოფლიოში უამრავი ფანის სიყვარული. გარდა ამისა, ამ სერიალმა რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა.

სერიალის დასრულებას მეორე დისკის ჩაწერაც მოჰყვა, რომელიც 2000 წელს გამოვიდა არგენტინაში. დისკის გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა და კიდევ ერთ მიღწევად იქცა ურუგვაელი ლამაზმანისთვის.

მამაკაცები

2000 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ექვსწლიანი ახლო ურთიერთობის შემდეგ, ნატალიამ პაბლო ეჩარისთან დაშორება გადაწყვიტა. ისე, რომ საქმრო-საცოლეს საკურთხევლამდე არც მიუღწევია. პაბლო დღესაც დიდი სითბოთი იხსენებს ნატალიას და დიდ მეგობრებადაც დარჩნენ.

პირად ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნებას ნატალიას კარიერაზე ცუდად არ უმოქმედია. 2001 წელს მრავალი კონცერტის შემდეგ პირველ საგასტროლო ტურნეზე გაემგზავრა. მომღერალს წარმატებული კონცერტები ჰქონდა არგენტინაში, ურუგვაიში, ჩილეში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, აშშ-ში, ესპანეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, უკრაინაში, რუსეთში. ამავე საკონცერტო ტურნეს დროს გადაიღო კლიპი სიმღერისთვის Como Te Olvido, რომლის გადაღებები დრაკულას ციხესიმაგრეში შედგა.

იმავე წელს გაიცნო ნატალიამ 44 წლის მუსიკოსი, როკჯგუფ Dividios-ის ლიდერი რიკარდო მოლიო, ერთ წელიწადში კი ქორწილიც გადაიხადეს. ცოლ-ქმარმა ტატუირებაც გაცვალა არათითებზე და ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცა. ნატალიას თქმით, რიკარდომ ის საშინელი დეპრესიიდან გამოიყვანა და თავიდან ასწავლა, თითოეული დღით ბედნიერი ყოფილიყო.

შემდეგ წლებში კიდევ იყო სერიალები, მესამე სოლოალბომი, მსოფლიო ტურნე, კონცერტები. ყველა კონცერტზე, ყველა ქვეყანაში, მას ანშლაგები სდევდა თან.

2006 წელს ნატალია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არგენტინელ მსახიობ ფაკუნდო არანასთან ერთად გადაიღეს სერიალში "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ", სადაც მოკრივე გოგონას როლი ერგო. ფილმის გადაღებები 2007 წელს დასრულდა. ამ სერიალს ამჟამად ქართველი სერიალების მოყვარულებიც ადევნებენ თვალს.

სხვათა შორის, ამ ფილმზე მუშაობის გამო ნატალიამ მეოთხე სოლოალბომის ჩაწერა გადადო და მისი გამოსვლა ამ წლისთვის გადაიდო. მომავლის გეგმებზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში ნატალიამ ისიც თქვა, რომ მისი ქმარი რიკარდო მოლიო სთავაზობს, დისკი ჩაწეროს სერიალების საუნდტრეკებით, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსახიობის თაყვანისმცემლებს შორის.

2008 წელს გააფორმა მსახიობმა კონტრაქტი Dori Melodia Group-თან, რომლის თანახმადაც, დაიწყო გადაღებები სერიალისა "ამანდა ო". ეს ფილმი მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით უნდა გავრცელდეს.

რაც შეეხება თავისუფალ დროსა და ფორმის შენარჩუნებას. სილამაზის შესანარჩუნებლად ნატალია ძირითადად სპორტსა და დიეტებს იშველიებს - 2005 წლიდან რძისა და ვეგეტარიანულ დიეტაზეა.

ნატალია ფეხბურთის დიდი მოყვარულია - ფილმებში მისი მონაწილეობით ხშირად ჩნდება ფეხბურთის ბურთი, რომელსაც მსახიობი ოსტატურად კენწლავს და თამაშობს კიდეც. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნატალია ურუგვაის ოფიციალურ მხარდამჭერად აირჩიეს. ასევე აქტიურად გულშემატკივრობს არგენტინის ნაკრებს.

გარდა ამისა, მცირე ხნის წინ ნატალიამ თავის უფროს დასთან ერთად დიზაინერობაც დაიწყო და კოლექცია გამოუშვა სახელწოდებით Las Oreiro.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება