ავტორი:

"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19 უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც იმაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.

"ჩვენი ერის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღმოჩენილა უფრო დიდი სირთულისა და გამოწვევის წინაშე, ვიდრე ახლა ჩვენ ვდგავართ,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, პანდემიამ ბევრი სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა და ადამიანებს ტკივილი მოუტანა ქვეყანას და ის, რაც ამ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია, ქვეყნის ერთიანობაა.

"ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარასოდეს მოხდება.

"ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა", - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას.

"ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ისაუბრა პოლიტიკის წარმოების პროცესში "ტოტალური ომის" კულტურისა და ფაქტებით მანიპულაციის წინააღმდეგაც.

"ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია. ჩვენ დღეს პირველად ვართ მომსწრენი, რომ ამერიკის ისტორიაში არჩეულმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. ამიტომ ნუ მეტყვით, რომ არაფერი იცვლება", - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ-მა მსოფლიოში სანდო პარტნიორის სტატუსი უნდა დაიბრუნოს.

"ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა მოკავშირეებთან და დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში... ჩვენ ვიქნებით ძლიერი და სანდო პარტნიორი მსოფლიოში მშვიდობის, პროგრესისა და უსაფრთხოების მისაღწევად" - განაცხადა ბაიდენმა.

ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში "ტვიტერზე" პირველი პოსტი დაწერა.

"ახლა დასაკარგი დრო არ არის, როდესაც ქვეყანა კრიზისის წინაშე იმყოფება. ამიტომ დღესვე მივდივარ ოფისში, რათა მუშაობა შევძლო და თითოეულმა ამერიკულმა ოჯახმა შვება რაც შეიძლება მალე იგრძნოს", - წერს ბაიდენი.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 125-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - რა ვითარებაა რუსეთის ქალაქებში

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ასობით დოზა განადგურდა - დამლაგებელმა შემთხვევით ის მაცივარი გამორთო, სადაც ვაქცინები ინახებოდა