დონის როსტოვში ახალგაზრდების დაჯგუფება გამოჩნდა, რომლებიც შეძახილებით "რუსები არ სვამენ!" უსწორდებიან ყველას, ვისაც ქუჩაში ალკოჰოლის ბოთლით წაასწრებენ. როგორც რეგიონალური სიახლეების პორტალი 161.ru იტყობინება, უკანასკნელი თავდასხმა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სიახლოვეს მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, მაღაზიის სიახლოვეს ყმაწვილები ლუდსა და ალკოჰოლურ კოქტეილს სვამდნენ, როდესაც მოულოდნელად ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა. თავდამსხმელებმა, რომლებსაც სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთათ, ალკოჰოლის მოყვარულების გარდა "უდანაშაულო" გამვლელები და მაღაზიის კლიენტებიც სცემეს.
ინციდენტის შემდეგ დაჯგუფება ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ჩხუბის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
დონის როსტოვის ინტერნეტ-ფორუმებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიკალურად განწყობილმა ახალგაზრდებმა თავდასხმები ქალაქის კიდევ რამდენიმე ადგილზე განახორციელეს. როგორც ჩანს, "ანტიალკოჰოლისტები" ერთი და იმავე სქემით მოქმედებენ: როცა ქუჩაში "მოქეიფეებს" გადაეყრებიან, ელვისებურად ესხმიან თავს და შემდეგ უჩინარდებიან. დამნაშავეები ბოლო დროს ქალაქის ნაგებობების კედლებსა და ღობეებზე ახალ-ახალ წარწერებსაც ტოვებენ: "რუსები არ სვამენ!" და "რუსო, გეყოფა ლოთობა!"
ადგილობრივი სამართალდამცველები ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.