ავტორი:

"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე

"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-პანდემიის გამო რეგიონში შექმნილ უკიდურესად მძიმე სიტუაციაზე საუბრობს, რაც გუდაუთის ჰოსპიტალში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტს გულისხმობს.

ერთ-ერთ ადგილობრივი, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულია, AMBEBI.GE-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც თავად გამოიარა.

"კორონავირუსის დადასტურებამდე ცოტა ხნით ადრე, ზურგის მარჯვენა მხარე მტკიოდა, ხან ყრუდ, ხანაც შედარებით მწვავედ. სულ ვფიქრობდი, როდესაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა გაიხსნება, რომელიმე ქართულ კლინიკაში გავიკეთებ გამოკვლევას-მეთქი. მერე მეუღლე დაინფიცირდა და მთელ ოჯახს გადმოგვდო. დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ტკივილისგან დაოთხილი დავდიოდი, მეგონა, წელიდან მთელი ზურგის გაყოლებით უნარკოზოდ მჭრიდნენ...

გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ

გალში, ლაბორატორიაში მისვლა მხოლოდ 3 დღის შემდეგ შევძელი, იქამდე ტესტები არ ჰქონდათ, პასუხი 6 დღის შემდეგ გამაგებინეს და საავადმყოფოში წამიყვანეს, კვლევები გამიკეთეს, ოღონდ მაშინვე მითხრეს - აქ სრულყოფილ კვლევას ვერ ჩაგიტარებთ, სოციალურ ქსელებში კონტაქტები მოიძიეთ და "საქართველოში გადასვლაზე" იფიქრეთო.

სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს - 9 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭი. ასევე, მეუღლე და მოხუცი დედამთილი, რომელიც ჩემს შვილებს ვერ მოუვლიდა, მას კოვიდის გარდა, არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა. ვრეკავდი ყველა ნაცნობ და უცნობ ექიმთან, რაიმე რჩევის მისაღებად, მაგრამ ყველა სითხეს მიღებასა და იმ მედიკამენტებს მირჩევდა, რომელიც გალის აფთიაქებში არ იყიდება... ფეხზე დგომა სულ უფრო მიჭირდა. ცუდად იყო ჩემი დედამთილიც. დავიწყეთ გარკვევა, თუ როგორ უნდა გადმოვსულიყავით ქართულ მხარეს. მივაწოდეთ მონაცემები და ზარის მოლოდინში დავიწყე ლოცვა, როგორმე საიმედო ექიმებამდე მიმეღწია, რადგან ვგრძნობდი, ვეღარ ვსუნთქავდი.

უარესად იყო ჩემი დედამთილიც, ისე ახველებდა, რამდენჯერმე გაგუდვას გადავარჩინეთ. ქართულ მხარეს გადმოსვლამდე ვერ იცოცხლა, რამდენიმე დღეში ისე დაუძლურდა, ლაპარაკი უჭირდა... მე რეანომობილმა წამომიყვანა, მეუღლე კი, ამ საშინელ რეალობაში დავტოვე. გარისკა და ბავშვები ჩემმა ბიძაშვილმა წაიყვანა, რომლებიც ასევე მალე დაინფიცირდნენ... ჩემი დედამთილი ოცმა კაცმა, მესამე დღეს დაასაფლავა. მე ბათუმის რეანიმაციაში, ჟანგბადის აპარატზე ვიყავი მიერთებული და საუბარი მხოლოდ 13 დღის შემდეგ შევძელი. ტელეფონში შვილების ხმა რომ გავიგე, მაშინ დავიჯერე, რომ გადავრჩი... მკურნალობას დღემდე ვაგრძელებ..." - ამბობს 29 წლის ქალი.

აფხაზები წერენ, რომ "ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე" ალხას კონჯარია გამუდმებით ითხოვს დახმარებას გუდაუთაში არსებული კრიზისის გამო, კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებულებს ვერ აუდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი სასწავლო პროცესის აღდგენის თაობაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

“რა ცოდნას აძლევენ ასეთს სკოლაში ამ ბავშვებს, რომ სიკვდილზე ვგზავნით შვილებს, მაშინ როდესაც მათ სკოლებში ხელის დასაბანი პირობებიც არ აქვთ?! რამდენიმე სკოლის გარდა, სველი წერტილები ყველგან მოუწესრიგებელია" - წერს ინდირა გურგულია.

"ალხას კონჯარიამ განაცხადა, რომ გუდაუთის საავადმყოფოს "წითელ ზონაში" წავიდა სამუშაოდ, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვებელი მაინც მაღალია... ის იქიდან აკეთებს მიმართვას, თუ როგორ არ ჰყოფნის ჰოსპიტალს უმცროსი ექთნები და სანიტრები, თუმცა, რაც არ უნდა ხატოვნად და ემოციურად მიმართოს კონჯარიამ ხალხს, მოდით, მოხალისეებო დაგვეხმარეთო, სიკვდილზე წასვლა, თანაც ანაზღაურების გარეშე, არავის უნდა. ექთნები ისედაც რას იღებენ და ნოემბრის ხელფასებიც არ ჰქონიათ აღებული..." - წერს ადგილობრივი ვერა ღარწკია.

"რამდენიმე დღის წინ, ოჯახის წევრს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რესპუბლიკურში მისულებს უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ყველაფრის დეფიციტი გვაქვს, ყველაფერს გუდაუთაში ეზიდებიანო, გვითხრეს, იქ კი მაინც კრიზისია... თუ რამე არ მოგწონს, წადი საქართველოში იმკურნალეო, გეუბნებიან..." - წერს კიდევ ერთი აფხაზი ცირა კიტია.

"რუსეთი თქვენს ძალისხმევას აფასებს..." - როგორ ულოცავს ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს დაბადების დღეს

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე