ავტორი:

აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციამ, ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვა და გაათავისუფლა 12 წლის გოგონა, რომელიც მის მეზობლად მცხოვრებ 19 წლის ბიჭს ჰყავდა გატაცებული. დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ოჩამჩირელი ინალ გამახარიაა, რომელიც გოგონას მეზობლად, აკარმარკის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, 12 წლის ალექსანდრა გვარამია ქალაქის რკინიგზის ხიდისა და მიტოვებული ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე იპოვეს, საიდანაც შეშინებულმა დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა, ვიღაც მამაკაცი მომდევს, მიშველეთო და ტელეფონი გაეთიშა...

არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, ისევე, როგორც მამამისს, ფსიქიკური პრობლემები აქვთ და ეს ახლობლებისთვის ცნობილია, თუმცა, ოჯახს მისი მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ, მეზობლებს პერიოდულად, მისი ქმედებების გამო სიფრთხილის გამოჩენა უწევთ.

თუმცა, სხვა ვერსიით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს, უბრალოდ, როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ალკოჰოლსა და მსუბუქ ნარკოტიკებს ეტანება, რისი მიღების შემდეგაც არაადეკვატური ხდება, როგორც შინ, ასევე ქუჩაში. მას და 12 წლის გოგონას კი ერთმანეთი უყვარდათ და ბიჭმა მისი მოტაცება გადაწყვიტა.

"მეზობლებმა იციან, რომ ისინი ხშირად ერთად დადიოდნენ, არაერთხელ უნახავთ, რომ ბიჭი გოგონას ხან სკოლაში აცილებდა, ხან მეგობრებთან... ალექსანდრა 12 წლის არის, მაგრამ დიდი შეხედულება აქვს და არც არის გამორიცხული, მის ცოლობაზე თანახმა ყოფილიყო. უბრალოდ, ოჯახმა მილიციაში რომ განაცხადა, შეეშინდა და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მოიტაცეს, დიდი ალბათობით არც დედასთან დაურეკავს საშველად...

გოგონას ასაკის გამო შეშინდა ბიჭის ოჯახიც, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, ბიჭს გოგონა სხვა მიზნით რომ გაეტაცებინა, მის ოჯახს რას უზამდნენ გვარამიები, პირველ რიგში სალხ-კარს გადაუწვავდნენ და შემდეგ, არც სისხლის დაღვრა გაუჭირდებოდათ... ასე რომ შექსპირის დრამის აფხაზური ვერსია ვიხილეთ" - წერს ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

"რაზე საუბრობთ, ხალხო, რა 12 წლის შეყვარებული? რა რომეო და ჯულიეტა? ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს! მთელი დღე და ღამე საცოდავი გოგონა ტყვეობაში ჰყავდა, არავინ არაფერს ამბობს მის ახლანდელ მდგომარეობაზე... როდის მიხვდებით, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. თუ პრობლემები აქვს, შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ! აბა თქვენი შვილი გაეტაცებინათ, როგორ იჭიკჭიკებდით?!" - წერს მარინა ჩამაგუა.

"გოგონა ერთ-ერთი დეპუტატის, გვარად პერტაიას ნათესავია, რომელმაც სამივე რაიონის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის მილიცია ფეხზე დააყენა და ასე იპოვეს წყვილი... გინდათ გაგრძელება გითხრათ? ახლა ამ ბიჭს გიჟად შერაცხავენ, რადგან 12 წლის გოგონა გაიტაცა, ბიჭის ოჯახი კი, რადგან გავლენიანი არავინ ჰყავთ, ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს. ის, რომ ბიჭმა სისულელე გააკეთა, თავისთავად ფაქტია, მაგრამ გოგონას ოჯახის პასუხისმგებლობაზეა აქ საუბარი. ჰოდა, ვიცხოვრებთ ამ უსამართლობაში კიდევ დიდხანს, ოღონდ რამდენად ბედნიერად არ ვიცი..." - წერს ინტერნეტმომხარებელი "აფსუა-დბარი".

"რა გვჭირს, ამ ბოლო წლებში, ამდენი მანიაკი საიდან მოვიდა ამ პატარა ერში? ამ ერთი თვის განმავლობაში მეოთხე ადამიანი დაიკარგა... სად ვცხოვრობთ და რით ვუშველოთ ამ ახალ თაობას? ეს იზოლაციაში დაბადებულ-გაზრდილი ახალგაზრდები ჯოჯოხეთს იქმნიან გარშემო და ჩვენც კოშმარში გვამყოფებენ. საით იყურება ეს მთავრობა, პოლიცია, საზოგადოება? ყოველი დღე უარესი და უარესი გვესმის" - მიაჩნია ასტა არძინბას.

"რა სიყვარულზე ლაპარაკობთ, რატომ აყენებთ გოგონასა და მის ოჯახს შეუარაცხყოფას? რაც არ იცით, რატომ ამბობთ? შეხედეთ მის ფოტოებს, ადამიანს სახეზე ეტყობა, რომ პრობლემები აქვს... მთელი ოჯახი ცოცხალ-მკვდარია, რადგან იციან, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ვერაფერს გახდებიან" - მიაჩნია ლუდმილა მიქაიას.

აღიარებით ჩვენებაში, ე.წ მილიციის წარმომადგენელებს 19 წლის გამახარიამ უთხრა, რომ გოგონას დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდის - 200 ათასი რუბლის მოთხოვნას აპირებდა, ამ თანხით კი აფხაზეთიდან წასვლა სურდა.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?