ავტორი:

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავს საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა. ტრაგედიას ეხმაურებიან როგორც ცნობილი ადამიანიები, ასევე რიგითი მოქალაქეები:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"14 წლის მოზარდი, ისედაც თვითდაზიანების მაღალი რისკ ჯგუფი, კიდევ ძალადობის მსხვერპლი, რაც თვითგანადგურების სურვილს აძლიერებს და შემდეგ იმ საზოგადოებრივი აზრის მიერ დათრგუნული, რომელ საზოგადოებასაც "დამნაშავედ" მსხვერპლი, სირცხვილად კი არა ძალადობა, არამედ მსხვერპლობა მიაჩნია. ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას და ქვეცნობიერადაც არ იგულისხმოთ თავი მის წევრებად. თუ შორიდან და ზიზღით ყურებას ისწავლით ყველა გამკითხავი მენტალობის მქონე დაჯგუფების მიმართ, აღარ იქნება თქვენი სადარდებელი, რას ფუთფუთებენ ფსკერზე და რა ინსტინქტებით "არეგულირებენ" თავიანთ კაციჭამიურ, კარიკატურულ "მორალს". ყოველდღე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ, არაფერი გაქვთ საერთო მათთან და ამ ფსკერის ბინადრები დაკარგავენ ძალაუფლებას თქვენს ბედნიერებაზეც და თქვენს ტკივილზეც და ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს.

პ.ს. ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც".

ბაია პატარაია, იურისტი, ქალთა უფლებების დამცველი:

"ბოდიში, 14 წლის გაუპატიურებულო და მკვდარო გოგო, მაგრამ დღეს საღამოს პოლიტიკური თოქ-შოუები შენზე არ ილაპარაკებენ. მათ სინოდის სხდომა აინტერესებთ, კიდევ ქვეშაჯვია პოლიტიკური პარტიები აინტერესებთ, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში. ბოდიში, გაუპატიურებულო ბავშვებო და ქალებო, მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში - კაცებმა ასე გადაწყვიტეს. წვერებიან-კაბებიანი კაცების უბნელესი სხდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სიკვდილი. კიდევ იცეკვებენ და პერფომანსებს დადგამენ ბაიები, იდები, ნინიები, ნინოები, თამარები, მოხვდებიან ისინი ნიუსებში, მაგრამ ბოდიში, თქვენ ვერ მოხვდებით პოლიტიკურ თოქ-შოუებში, რადგან პოლიტიკურ თოქ-შოუებს იაგოები, ალეკოები, ზურები და გიგები უფრო აინტერესებთ და კიდევ ანაფორიანი კაცები. ბოდიში, რომ თქვენი სიკვდილი ისეთივე უმნიშვნელო და არაპოლიტიკურია, როგორიც თქვენი ცხოვრება იყო. ბოდიში!"

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

"განწირულმა, დაჩაგრულმა და ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა ბოლოს თავი უნდა მოიკლას, რომ ვინმემ ყური შეიბერტყოს მის ტრაგედიაზე. როგორც ლუკა სირაძის ამბავზე გვარწმუნებდნენ, ბიჭს დაკითხვებზე თმის ღერი არ ჩამოვარდნიაო - და მისი სიკვდილის ამბის გავრცელებიდან უცებ ხუთ წუთში დააკავეს გამომძიებელი, ამ ტრაგიკული პატარა გოგოს უბედურებაზეც იგივე მოხდა. სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა. მხოლოდ მისი სიკვდილის მერე დააკავეს ის კაცი. სახელმწიფო, რომელიც ასე სასტიკად გულგრილია ყველაზე დაუცველი პატარა ადამიანების მიმართ, სახელმწიფო არ არის. რა სიმწარე გადაიტანა ობოლმა და გაჭირვებაში გაზრდილმა გოგომ, როგორ ტკიოდა და როგორი დამცირებული იყო, დახმარებას ითხოვდა და მაინც ასე გაწირეს. და მართლა ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში აი ასეთი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემაა და ამ დროს მთელი პოლიტიკური "სპექტრი" არაადეკვატურობის პიკზეა. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და ცალკეული პოლიტიკოსების ეგოების დევნაზე კი არა, აი ამაზე უნდა იქცეოდეს ქვეყანა სიბრაზით. რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ახლაც, ჩვენს გვერდით, სრულ სასოწარკვეთაში, ვინ იცის".

ნინო თარხნიშვილი, ჟურნალისტი:

"კარგით ახლა, ძაანაც ნუ დავიხოკავთ სახეებს. სხვა მკვდრებისთვისაც შემოვინახოთ დასაგლეჯი თმა. ამ 14 წლის გოგოსაც ისე მოვინელებთ, როგორც შარშანდელ 11 წლის ბიჭს, მამა რომ ძალადობდა, იმის წინანდელ 5 წლის სანზონელ ნინოს, დედამ რომ ცემით მოკლა და კიდევ ბევრს, არქივის ამოქექვა დამეზარა კიდეც, იმდენია. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი იყო სისტემა, რომელმაც ბავშვები ვერ დაიცვა. ყველა შემთხვევაში გამოიკვეთა სისტემის გულგრილობა. და მერე? რამდენ დღეში უწევს გოგოს დაკრძალვა? ორ დღეში, ხო? შაბათს. ჰოდა, კვირიდან ძველ სახრავს დავუბრუნდებით - რავი, კოვიდი, პარლამენტის მოშლა-არ მოშლა, კლავს თუ არა ნიღაბი ბავშვს და ა.შ. მე დამეჯერება. მაგის მეტი რა ვიცი. მაგის მეტი რა მიკეთებია".

Your Page ∆:

"14 წლის ბავშვი გააუპატიურა ვიღაც არაკაცმა. შსს-სთვის ამ არაკაცის ვინაობა 4 თვის განმავლობაში იყო ცნობილი. განმეორებითაც მოხდა მსგავსი ფაქტი. 4 თვე ექსპერტიზას ელოდებოდნენ... 4 თვე ეს არაკაცი თავისუფალი იყო. დღეს ბავშვა თავი მოიკლა... და სწორედ დღეს დააკავეს აღნიშნული პიროვნება. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამას ელოდებოდით ? დაუყოვნებლიბ უნდა გადადგეს თანამდებობიდან ის პირები, ვინც ამ საქმეს იძიებდა და სისხლისამართლის საქმე აწარმოოთ მათ ქმედებებზე. განა ეს უშველის იმ ბავშვს ?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მსგავსი სამსახურეობრივი გულგრილობა თუ რა, რასაც გამოძიება დაადგენს, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. თქვენ დღეს 14 წლის ბავშვი მოკალით. რადგან ის ვერ დაიცავით".

ინგა მურუსიძე, ჟურნალისტი:

"ვინც ამ ამბავზე რამე იცოდით, ცხოვრებას რანაირად აგრძელებთ?"

თათია წულაძე:

"ვინც ამ 14 წლის გოგოს ტრაგედიას პედოფილიამდე ახურდავებთ, ანუ, პედოფილიის გარდა სხვა პრობლემის გაანალიზებაზე უარს ამბობთ იმის გათვალისწინებით, რომ: ბავშვს ფსიქოლოგთანაც არ გაუვლია კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, რომ სოცმუშაკი ჩართული იყო საქმეში; პოლიცია ინფორმირებული იყო, ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა პასუხები და მიუხედავად ამისა, აწ უკვე დამნაშავე და მაშინ ეჭვმიტანილი გარეთ ისე დატრაშუნობდა, ვითომც არაფერი; 23 წლის კაცს ბავშვს/ბიჭს ეძახით და ვაპატიოთო, პირზე გაკერიათ - ხართ *ლებოროტა მავნებლები. ლუკა სირაძეც გეზიზღებოდათ, თქვენი ნაფერები ბავშვებიც გეზიზღებათ, ყველა ქალი, კაცი, ბავშვი, გოგო, ბიჭი და საერთოდ, ადამიანი გძულთ მთელი თავისი არსით იმიტომ, რომ ადამიანები არ ხართ და მჯიღი კი არა, ლოდი რომ იცეთ გულში, ფურთხის ღირსებიც არ იქნებით. არასოდეს. ბავშვმა გუშინ მოიკლა თავი. დამნაშავე დღეს დააკავეს. ოთხი თვეა, იციან, ვინცაა".

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.

პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია