ავტორი:

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას მოსალოდნელი პანდემიის შესახებ და ხელისუფლებებს შესაბამისად მომზადებისკენ მოუწოდებდა. თუმცა მაშინ ბილს არავინ მოუსმინა.

ახლა კი ის უკვე მსოფლიოს ახალ საფრთხეებზე საუბრობს და სამომავლოდ საზოგადოების მთავარ გამოწვევად ბიოტერორიზმისა და კლიმატის ცვლილებს ასახელებს.

გეითსი დერეკ მიულერის YouTube არხზე ვიხილეთ, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა. ბილს ჰკითხეს, თუ რა იქნება შემდეგი გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდებოდა:

"ერთი ეს არის კლიმატის ცვლილება. ყოველ წელს ამის გამო შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს, ვიდრე ამ პანდემიის დროს დაიღუპა. ასევე გამოწვევა იქნება შემდგომი პანდემიებიც და ეს არის ის, რაზე საუბარიც ადამიანებს არ უყვართ, ეს იქნება დაკავშირებული ბიოტერორიზმთან - ადამიანს ვისაც სხვებისთვის ზიანის მიყენება სურს, შეუძლია შექმნას სახიფათო ვირუსი. ასეთი, ხელოვნურად გამოწვეული პანდემიების შანსი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბუნებრივი პანდემიის, როგორიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

  • რას ამბობდა ბილ გეითსი გასულ წლებში პანდემიის საფრთხესთან დაკავშირებით?

ის წლების განმავლობაში საუბრობდა მოსალოდნელი ეპიდემიებისა და პანდემიის შესახებ და აფრთხილებდა საზოგადოებას. ჯერ კიდევ 2015 წელს TED Talk-ზე გამოსვლისას, გეითსმა თქვა, რომ მსოფლიო მოუმზადებელია შემდეგი ეპიდემიისთვის.

იმავე საფრთხეებზე საუბრობს მილიარდერი 2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“

სტატიაში ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია. "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი.

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინების განვითარებაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია.

"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ახალი იარაღების არსენალი - ვაქცინები, წამლები და დიაგნოსტიკის საშუალებები. ვაქცინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიების დროს, დღეს ახალი ვაქცინის შექმნას, ლიცენზირებას 10 წლამდე სჭირდება და ეს პერიოდი უნდა შემცირდეს 90 დღემდე, ან უფრო ნაკლებ დრომდე.

როდესაც მორიგი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდებით, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე და ეს გამოწვევა უსაფრთხო, ჯანსაღი და სტაბილური მსოფლიოს შექმნაა“, - წერდა ბილ გეითსი.

პანდემიის გარდაუვალობის შესახებ ისაუბრა მილიარდერმა მეცენატმა 2018 წელსაც. ბილი მაშინ პროგნოზირებდა, რომ ახალი პანდემია წარმოიქმნება და გავრცელდება "მომდევნო დეკადაში.“

"მსოფლიოს სჭირდება რომ შემდეგი პანდემიისთვის მოემზადოს ისე, როგორც ემზადებიან ომებისთვის“, - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

"მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"