ავტორი:

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

"ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ და მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი ერთმანეთს შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს", - გვეუბნება "მოქალაქეების" ლიდერი და აპოლიტიკურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაზეც აქამდე არავისთან უთქვამს. გზა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა გამოიარა და ახლაც გადის, არ არის მარტივი, თუმცა, რაც მთავარია, სჯერა იმის, რასაც აკეთებს და სწორედ ეს აძლიერებს.

  • ბავშვობა

- საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე, პავლოვის ქუჩაზე, ახლა რომ ყაზბეგის გამზირი ჰქვია. ამჟამად იმ სახლში ჩემი მშობლები ცხოვრობენ. საბავშვო ბაღში არ მივლია, იმიტომ, რომ სუპები მძულდა. მშობლებმა საირმეზე, 1-ლ ექსპერიმენტულ სკოლაში შემიყვანეს.

პატარა ალეკო მშობლებთან და უფროს დასთან ერთად

ორი წლით ჩემზე უფროსი ექიმი და მყავს და მოხდა ისე, რომ სტუდენტობისას სამტრედიაში გათხოვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და წინააღმდეგი ვიყავი, თბილისიდან სამტრედიაში რომ უნდა წასულიყო. სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი და ბედნიერია, ძალიან მაგარი სიძე და დისშვილები მყავს, კმაყოფილი ვარ ჩემი დის არჩევანით. ჩემი სიძე იმერელია და წარმოიდგინეთ, ალუდა ჰქვია. მგონი, ის ერთადერთი ალუდაა დასავლეთ საქართველოში. ალუდა სახელს ამართლებს და ლუდზე ჭკუა ეკეტება. მე, მაგალითად, ლუდი მძულდა და 18 წლის ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე. მას მერე ისე შემიყვარდა, ლამის მე დავირქვა ალუდა.

  • "ძიუდოს ნაცვლად - ტანვარჯიში"

- სულ მინდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი... ასევე, ძალიან მიყვარდა ძიუდო. რა ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო ჩემგან, მაგრამ ამ სპორტზე შესვლა მინდოდა, მამაჩემმა კი ჩემთვის ძალიან უცნაურ სპორტზე - ტანვარჯიშზე წამიყვანა, 7 წელი ვიარე და საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ტანვარჯიში არ მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც შევეშვი, ამ სპორტზე ჭკუა მეკეტება. ახლა საათობით სიამოვნებით ვუყურებ ჩემპიონატებს. ძალიან რთული და მაგარი სპორტია, ისეთ დისციპლინას გაჩვევს... სკოლის მერე 3 საათი ვვარჯიშობდი ყოველ დღე.

მწვრთნელის გვერდით, მარჯვნივ ალეკო ელისაშვილი

მადლიერიც ვარ ჩემი მშობლების, ამ სპორტზე რომ მატარეს და ამდენი შრომა და ენერგია რომ დავხარჯე. ფიზიკურადაც ვგრძნობ, რომ დღემდე გამომყვა ეს სპორტი - სალტოებსაც ვაკეთებ და ხელებზეც დავდივარ. როცა დრო მაქვს, ბატუტზეც ვხტუნაობ, ხანდახან მივდივარ და ვვარჯიშობ. ფიზიკურად ძალიან გამომადგა, მაგარი მწვრთნელი მყავდა, ლუკა მესხია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ზაფხულობით, "ზბორებზე" რომ გვატარებდნენ, ეს ადამიანი მამასავით მივლიდა.

  • "მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ"

- ბავშვობაში რატომღაც რადიატორები მიყვარდა ძალიან. მაგრად მიხაროდა, ოქტომბრის ბოლოს ცენტრალური გათბობა რომ ირთვებოდა, რაღაც უხილავი ძალით უცბად რომ დათბებოდა ხოლმე. ეს ყველაზე მაგარი შთაბეჭდილება იყო. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ეს რანაირად ხდებოდა. დღეს რომ ბავშვებს ერთი სული აქვთ, კომპიუტერს მიუჯდნენ და მუდმივად ტელეფონში არიან შემძვრალი, მე ერთი სული მქონდა, გაკვეთილებს მალე მოვრჩენილიყავი, ეზოში გავვარდნილიყავი და ფეხბურთი მეთამაშა. მეკარეობა მომწონდა ძალიან... კიდევ, ომობანას თამაში მიყვარდა. იმდენი ვითამაშე, რომ მერე მთელი ცხოვრება ომებს ვუყურებ, ოღონდ - ნამდვილს.

ახლა პოლიტიკურ ომში ჩართვამ მომიწია. სამწუხაროდ, მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ, რადგან დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ხელისუფლების ცვლილება... ეს ყველაფერი აღტაცებას კი იწვევდა, მაგრამ ახალი ხილი იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა, მაშინ გავიგეთ, ქაქუცა რომ გვყოლია, პრეზიდენტი ჟორდანია. თავიდან ჩემთვის უცნაური იყო სამფეროვანი დროშა რომ გამოჰქონდათ, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა. მერე დიდი შოკი მივიღეთ და ყველანი ვტიროდით, როცა მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. მასთან რამდენჯერმე ვარ პირისპირ შეხვედრილი, ისე, შემთხვევით... ძალიან მალე დამთავრდა ბავშვობა და მერე შავ-თეთრი რეალობა დაიწყო - "მხედრიონი", სამეგრელოს აოხრება, აფხაზეთის მარცხი, პურის რიგები... უცბად დაგვატყდა შავ-თეთრი რეალობა და უცბად დამთავრდა ფერადი, კამფეტებიანი და ბუშტებიანი ბავშვობა. მერე ყველა ერთად შევეჯახეთ იმ ჯოჯოხეთს, უგაზობა, უშუქობა, უწყლობა, უპურობა რომ მოგვიტანა.

  • "არანორმალურად მინდოდა ოფიცრობა, მაგრამ..."

- არც ჟურნალისტობა მინდოდა და არც პოლიტიკოსობა, არასდროს მიფიქრია ამაზე. მინდოდა ვყოფილიყავი სამხედრო, ოფიცერი... სახლში დიდი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ბოლო-ბოლო მშობლები დავითანხმე. ერთ დღეს, დედაჩემი წამყვა კადეტთა კორპუსში, რომელიც დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს ადგილას იყო. იქ ერთმა კაცმა მირჩია, ჯობია, - სამხედრო აკადემიისთვის მოემზადოო (კადეტთა კორპუსში მერვე კლასიდან უნდა შევსულიყავი, მე კი ცოტა დამაგვიანდა, უკვე მერვეკლასელი ვიყავი). უარი რომ მითხრეს და გამოვედით, გავსკდი ტირილით. წარმოიდგინეთ, სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, სამხედრო ფორმას ვიცვამდი, გვარდიელების ყვითელი ფორმა რომ იყო. თავიდან უბანში დამცინოდნენ ხოლმე, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მართლა შეპყრობილი ვიყავი ამ პროფესიით. სამხედრო წიგნებს ვკითხულობდი, ვემზადებოდი, არანორმალურად მინდოდა ოფიცრობა და ვიდრე ისტორიის ფაკულტეტზე გადავწყვეტდი ჩაბარებას, ორი კვირით ადრეც კი ვყოყმანობდი, სად ჩამებარებინა. სამხედრო აკადემია მინდოდა, მაგრამ ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე...

ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. მამაჩემს "ვოლგა" ჰყავდა, ტაქსაობდა და ამით გვარჩენდა. მერე, 90-იანებში ხუდადოვზე დააყაჩაღეს, რაც კატასტროფა იყო ჩვენი ოჯახისთვის. მერე, ვალები, პროცენტები და ათასი ჯანდაბა გვქონდა. სამხედრო აკადემიაში რომ ჩამებარებინა, 4 წელი ჩემი ოჯახის შესანახი უნდა ვყოფილიყავი და ვერაფრით დავაწვებოდი კისერზე, ამიტომ ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე.

  • პირველი 40 მანეთი და ატირებული დედა

- მეორე კურსის შემოდგომაზე რომ დავიწყე მუშაობა, დღემდე არ გავჩერებულვარ. პირველად ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ჩემი პირველი სამუშაო იყო "დილის გაზეთი". მახსოვს, პირველი 40 მანეთი, ხელფასი რომ ავიღე, მთლიანად დედას მივუტანე და მერე ერთ ოთახში ის ტიროდა, მეორეში - მე. 40 მანეთი არ იყო პატარა ფული. მერე თანდათან ჩემს ოჯახს ვალების გასტუმრებაში დავეხმარე და გამოვძვერით. 3-4 ადგილას ერთად ვმუშაობდი, სხვანაირად გაგვირთულდებოდა მდგომარეობა. ვიმუშავე "მოამბეში", სააგენტო "მოამბე ექსპრესში", ნინო მეუნარგიასთან ერთად"ალიონში" ვიყავი წამყვანი. მერე იყო რადიოს საინფომაციო, დილის გადაცემები და 5-6 ადგილას ერთად მუშაობა. გავაკეთე არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ჰამქარი", მოვხვდი საკრებულოშიც და ასე თანდათან მოვედი პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პოლიტიკაში ყოფნა, მაინც მგონია, რომ ვემსახურები საქართველოს. ჯარისკაცობა მინდოდა, ვერ გავხდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯარისკაცი ვარ. ერთადერთი, რასაც "ამაზონზე" ვიწერ, ეს არის სამხედრო და სალაშქრო აღჭურვილობა. შაბათ -კვირას სამხედრო ფორმას ჩავიცვამ, ზურგჩანთას ვიკიდებ და ტყე-ღრეში გავრბივარ.

  • "სახეტიალოდ უმეტესად მარტო დავდივარ"

- ჩემი გატაცება ციხე-სიმაგრეების კვლევაა. ამასობაში დათვსაც გადავყრივარ, მგელსაც და ტურასაც. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს სამეფოს აღწერილობის მიხედვით, იქ რა ძველი ციხესიმაგრეებიცაა მოხსენიებული, დავდივარ, ვეძებ და ვიკვლევ მათ. ახლა ქვემო ქართლის ცეხე-სიმაგრეთა გზამკვლევის გამოცემას ვაპირებ, სადაც როგორც ამბების აღწერა, ასევე ამ ციხე-სიმაგრეების ძველი სახელწოდებები იქნება და ისიც, როგორ უნდა მიაგნო მათ. მე ძალიან ვიწვალე და მინდა, სხვას გავუიოლო მათი ნახვა-მიგნება. სახეტიალოდ უმეტესად მარტო, ხანდახან ჩემს მეგობრებთან, ბოლო დროს კი ჩემს 14 წლის, უმცროს შვილთან - სანდროსთან ერთად დავდივარ ხოლმე შაბათ-კვირას. გვყავს სპანიელი და სამივენი ერთად მივდივართ სალაშქროდ თოვლშიც, ყინვაშიც... სალაშქრო აღჭურვილობა გვაქვს, ამიტომ არ გვიჭირს...

  • "სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც"

- მე და ირინე მეცხრე არხზე ერთად ვმუშაობდით. საინფორმაციოში ვიყავი, კორესპონდენტად და ძირითადად, სამხედრო თემებს ვაშუქებდი. ჩემი მეუღლე ირინე კილოსანიძე პროფესიით ჟურნალისტია, იყო ასეთი გადაცემა "ღამის მატარებელი" და მის პროდიუსერად მუშაობდა. იქ და მაშინ მომეწონა ირინე, ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... ადვილად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთ დღესაც გამოგვიცხადეს, "მეცხრე არხი" დაიხურაო და ამის მერე ორ თვეში ჯვარიც დავიწერეთ წმინდა მარინას ეკლესიაში, ავლაბარში, მეტროს გვერდით.

აღმოჩნდა ისე, რომ მამაჩემი და ირინეს დედა კლასელები ყოფილან და მათაც ძალიან გაუხარდათ. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა... არ მიყვარს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო - ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე... ჩემი შვილებიც მაგარი ადამიანები არიან, ჩემი ვაჟკაცები მამხნევებენ. ჩემი სპანიელი, ჩემი პატარა "რემბოც" ერთი წელია, რაც მამხნევებს. წარმოიდგინეთ, სპანიელს "რემბო" რომ ჰქვია, ბავშვებმა დაარქვს, მაგრამ მაგარი გულიანია, ეტყობა. თავის ზომა-წონას ვერ ხვდება და ყველას და ყველაფერს ერჩის. ავი არ არის, მაგრამ მაგარი გაბედულია. მამაჩემიც მაგას მეუბნება, ხასიათებით შენ დაგემსგავსაო.

უფროს ვაჟს ერეკლე ჰქვია, 15 წლისაა, მას ჩემი უსაყვარლესი მეფის სახელი დავარქვი. სანდროსთვის მინდოდა ქაიხოსრო დამერქმია, ქაქუცას გამო, მასზეც ჭკუა მეკეტება... ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ცოლთან ბრძოლაში დავმარცხდი და სანდროს ქაიხოსრო არ ჰქვია.

არასდროს მქონია შვილებთან უწი-პუწი ურთიერთობა, ჩვეულებრივ კაცებად აღვიქვამდი და ბავშვობიდან თანატოლებივით ვექცეოდი. თუ რამე კითხვა ჰქონდათ, ყველაფერზე პასუხს ვცემდი. ჯერჯერობით არ ვნანობ ამ მიდგომით. მშობლებს მაინც სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს შვილებზე და ვცდილობ, მრავალმხრივად დავინახოთ ისინი, ამიტომ ძალიან მიყვარს მათთან და მათ მეგობრებთან ერთად ტყე-ღრეში ხეტიალი, სადაც უფრო გულახდილები არიან, უფრო იხსნებიან...

არ მიყვარს ჩემი შვილების ქება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათით უკმაყოფილო არ ვარ. სანდრო უფრო აქტიურია, ვიდრე ერეკლე. ერეკლე შედარებით კომფორტის მოყვარულია და უფრო კარგი იუმორი აქვს, ვიდრე - სანდროს. ორივენი კალათბურთზე გიჟდებიან. შაბათ-კვირას ჩემს მშობლებთან გამყავს ისინი და ერთი სული აქვთ, როდის წავლენ, რადგან იქ კალათბურთის მოედანია და თამაშობენ. შეუძლიათ არც ჭამონ, არც სვან და მთელი დღე კალათბურთი ითამაშონ. ერეკლე უკვე ჩემზე მაღალია, ყველა ჩემი ქურთუკი და შარვალი ჩაიცვა.

ერთი სული მაქვს, შვილიშვილი მყავდეს, ძალიან მაინტერესებს, როგორი განცდაა და ამაზე ალბათ მართლა გადამეკეტება ჭკუა.

  • "მაგარი მეგობრები მყავს"

- ლევან იოსელიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ოჯახის გარდა, ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი მეგობრებია. როგორც ხედავთ, ლევანი უფრო გაწონასწორებულია და ჩემზე სოლიდური. კარგი და წესიერი ბიჭია ლევანი და ზუსტად ასეთივე ბავშვობის მეგობრები მყავს, ერთმანეთს მოვყვებით და მხარში ვუდგავართ მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოზიციაზეა. რომ არა ისინი, არ ვიცი, როგორ გავუძლებდი ამ ცხოვრებას ფსიქოლოგიურადაც და მატერიალურადაც. იყო მომენტები, ამ ჩემი ხასიათის გამო უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დავრჩენილვარ და მაშინ ჩემი მაგარი მეგობრები მედგნენ მხარში.

ჩემი ოჯახის მერე ყველაზე მაგარი რამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეგობრები არიან, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, სწორი საქციელი ჩაიდინე, თუ არასწორი, შენს გვედით დგანან და უყვარხარ.

  • "ჰო, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი გიჟები ვართ!"

- არ იყო მარტივი ის, რაც გადავიტანე, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი პოზიცია გვქონდა და ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ, რა აღარ დაგვატყდა თავს. არ არის მარტივი შეურაცხყოფის მოთმენა, მაგრამ მთავარია, რომ თვითონ მჯეროდეს და მწამდეს ის, რასაც ვაკეთებ. გრძელვადიანად ეს ჩემი ქვეყნისთვის კარგია და აგერ, საარჩევნო რეფორმა დაიდო, რაშიც უზარმაზარი შრომა გავწიეთ. შეიძლება დღეს ცხელ გულზე ვიღაც ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ხვალ ყველა მიხვდება, რომ ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების პატიოსნად ჩატარდება. მადლობას გვეტყვიან იმის გამო, რომ ამდენ შეურაცხყოფას გავუძელით მე და ლევანმა.

"ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო..." - დიდი ხანია მივეჩვიე მსგავს ბრალდებებს. არჩევნები მოვიგე საბურთალოზე და "ნაციონალები" ამბობდნენ, აი, ივანიშვილმა მოაგებინაო, "ოცნების" ხალხი ამბობდა, "ნაციონალები" დაეხმარნენო. საკრებულოში ვიყავი და იძადნენ, - ხან იმის კაცია, ხან ამისი, ხან ფული აიღოო. ღმერთია მოწმე, არც ფული არავისგან აგვიღია და არც არავისი პროექტი არ ვართ. რისიც გვწამს და გვჯერა, იმას ვაკეთებთ, მორჩა და გათავდა! არავის ვუთანხმებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს - არც სააკაშვილებს, არც ბოკერიებს და არც ივანიშვილებს. მესმის ასეთი ფრაზები - დაუჯერებელია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ფული არ აიღოო, გიჟი უნდა იყოს, ფული არ აიღოსო და ა.შ. ჰო, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი გიჟები ვართ, ამ ქვეყანაზე შეყვარებული გიჟები. ჩვენ ვართ პრაგმატული იდეალისტები.

ჩვენი მიზანი არის წარმატებული, მდიდარი და უკეთესი საქართველო, მივყვებით და ვიღებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. ახლა იმხელა რაღაცას ვაკეთებთ, პოლიტიკაში სხვა რომ არაფერი გამოგვივიდეს, თაობები გავლენ და ძველ გაზეთებში, ან ვიდეო არქივებში რომ ნახავენ, რამხელა შეურაცხყოფას გავუძელით, ჩვენი გამძლეობით იქნებიან აღტაცებული. ამის გვჯერა და გვაძლიერებს, თორემ, მართლა გიჟები კი არ ვართ, ლანძღვა-გინება გვსიამოვნებდეს. ამხელა საქმეს შევეჭიდეთ და კიდევ ლანძღვა-გინება? მინდა, ეს ქვეყანა იყოს მდიდარი და არ მინდა ვუყურებდე გაჭირვებულ ხალხს, გაჭირვება უკეთური საქმისკენ უბიძგებს ადამიანებს.

არ მინდა ისეთი საქართველო, რომელსაც "გეორგია" ჰქვია და 100 ათასმა კაცმა განცხადება დაწერა ქვეყნიდან წასვლაზე და უცხოეთში დასაქმებაზე. მინდა, მართლა წარმატებული იყოს ეს ქვეყანა. ამას კი ბევრი შრომა, მაგალითად, კარგი არჩევნების წესი, კარგი სასამართლო, კარგი პროკურატურა სჭირდება... კარგი სასამართლო თუ არ გვექნა, აქ ფულს არავინ ჩადებს. სულაც ყოველ დღე რომ გავითათხო, ამ რაღაცეებისთვის მინდა ვიბრძოლო, მინდა ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეს.

  • "არ მინდა ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს"

- ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ, მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. ალეკოს ვურჩევდი, უფრო დამშვიდდეს და დაწყნარდეს. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს. მთავარი ესაა, თორემ ერთი სული მაქვს, ზოგიერთ ოპოზიციონერს ის დავმართო, რასაც იმსახურებს. ემოციები უნდა დავიცხროთ, კომპრომისებზე ვიფიქროთ, ერთმანეთისკენ ნაბიჯი გადავდგათ, ერთმანეთი არ გვეზიზღებოდეს, ეს ყველაფერი უნდა გადავწიოთ გვერდზე, ვინაიდან სახელმწიფო ინტერესი არის ყველაზე მთავარი, ის უნდა დავაყენოთ ყველაზე წინ.

რა, 90-იანებში სხვა რამ მოხდა? უკომპრომისობამ მიიყვანა ქვეყანა უფსკრულის პირას და დღესაც ასე ვართ. მაინც ვფიქრობ, მაშინ იმან დაგვღუპა, რომ ასეთი მეგობრები არ გვყავდა დასავლეთის სახით. ერთი რუსეთი იყო და ისიც ყველაფერს აკეთებდა, უფსკრულში ჩავჩეხილიყავით. მადლობა ღმერთს, დღეს გვყავს საიმედო მეგობრები... ჩვენი გაჯიქებით დიდი სიამოვნებით გადავიჩეხებოდით უფსკრულში, მაგრამ ისინი არ გვაძლევენ ამის საშუალებას.

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულებს შორის ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიების წევრები არიან

"ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - ნიკა გვარამიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პროტესტი ხვალ, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგ გააგრძელონ