ჯენსენ ეკლსი ჰოლივუდის ცაზე ამობრწყინებული ერთ-ერთი ახალი ვარსკვლავია, რომელსაც დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს შორის სერიოზული და დიდბიუჯეტიანი ფილმები და სერიალებია - "ჩვენი ცხოვრების დღეები", "ბნელი ანგელოზი", "სმოლვილის საიდუმლოებები". ჯენსენი ძირითადად ექშენ და ფსიქოლოგიური ჟანრის ფილმებს ანიჭებს უპირატესობას.
ჯენსენ ეკლსი 1978 წლის 1-ელ მარტს დაიბადა დალასში, მსახიობ ალან როჯერ ეკლსისა და დონა ჯოან შეფერის ოჯახში. მას ირლანდიური, ინგლისური და შოტლანდიური ფესვები აქვს. მშობლებმა ჯენსენი იმიტომ დაარქვეს, რომ იშვიათ სახელად მიაჩნდათ. ჯენსენს ჰყავს უფროსი ძმა ჯოშუა და უმცროსი და მაკენზი.
ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა პირველი სამსახიობო გამოცდილება, როცა საბავშვო ნაწარმის რეკლამაში გადაიღეს.
1990 წელს ჯენსენმა დაწყებითი სკოლა დაამთავრა ტეხასის შტატში და აპოლოს საშუალო სკოლაში გადავიდა, რომელიც 1993 წელს დაასრულა. საშუალო განათლება ბერკნერის უმაღლეს სკოლაში დაამთავრა, მერე კი ტეხასის უნივერსიტეტში გეგმავდა ჩაბარებას, ფიზიოთერაპევტი უნდა გამხდარიყო, თუმცა მოულოდნელად გეგმები შეიცვალა - მსახიობობა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.
მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 1998 წელს პრემია მიიღო ნომინაციაში "მამაკაცის დებიუტი" ერიკ ბრეიდის როლისთვის ტელესერიალში "ჩვენი ცხოვრების დღეები".
2004 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა, მერე კი ელაიზა დუშკუს მეგობარი ბიჭის როლი შესთავაზეს მეორე სეზონში სერიალისა "მიცვალებულთაგან დაბრუნება", მაგრამ ვანკუვერში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც მიმდინარეობდა გადაღებები ფილმისა "ბნელი ანგელოზი". პარალელურად იქ ჯეისონ ტიგის როლი ერგო ტელესერიალში "სმოლვილის საიდუმლოებები". 2005 წელს უკვე მთავარი როლი ითამაშა ფილმში "სულების მყლაპავი", მამასთან ერთად.
ამ სურათში ჯენსენი სატანის შვილს განასახიერებდა. საერთოდაც, მის კარიერაში მრავლად არის ფილმები ბნელი ძალების შესახებ. იმავე წელს მიიღო მთავარი როლი მისტიკურ სერიალში "ზებუნებრივი". ამ სურათში მას პარტნიორობას უკვე უფროსი ძმა უწევდა. ამჯერად ჯენსენი ძმასთან ერთად ბოროტების წინააღმდეგ იბრძოდა.
კინოს გარდა ჯენსენს თეატრალური კარიერაც აქვს. 2007 წელს შედგა მისი დებიუტი ტეხასის თეატრში ლუ დაიმონდ ფილიპსთან ერთად, სპექტაკლში "რამდენიმე კარგი ბიჭი".
2006 წელს კიდევ ერთხელ იყო ნომინირებული პრემიაზე კატეგორიაში "წლის გარღვევა", ტელესერიალისთვის "ზებუნებრივი", თუმცა მაშინ ამ
ნომინაციაში გამარჯვებული ზაკ ეფრონი გახდა.
2008 წელს, როგორც იქნა, დაიმსახურა ნომინაცია "ტელევიზიის საუკეთესო მსახიობი".
წელს ჯენსენმა პირადი ცხოვრებაც აიწყო და კინომსახიობ დენილ ჰარისზე იქორწინა. ახლა ახალ წინადადებებზე ფიქრობს და როგორც ამბობენ, მისი სახით ჰოლივუდურ კინოს კიდევ ერთი თანამედროვე გმირი გამოეცხადება.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)