პოლონეთში რუსეთის ახალდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრ ალექსეევმა ვარშავაში დაგეგმილ ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესს, რომელიც კრემლისა და კადიროვის მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი, პრესკონფერენცია მიუძღვნა და "განსაკუთრებით საშიში საქმე" უწოდა.
ჩეჩენი ერის მსოფლიო კონგრესი პოლონეთში, ვარშავას გარეუბანში 16 სექტემბერს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, კონგრესში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ემიგრაციაში მყოფი 200-მდე ჩეჩენი მიიღებს. სტუმართა შორის ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები იქნებიან. კონგრესზე დასწრებას გეგმავს ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაური ახმედ ზაკაევიც, რომელიც რუსეთში ტერორისტადაა გამოცხადებული და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. 2000 წელს კოპენჰაგენში ჩატარებულ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესზე რუსეთმა დანიას ზაკაევის დაკავება მოსთხოვა. ზაკაევი მათლაც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რადგან რუსეთმა მისი დანაშაულის დასაბუთება ვერ შეძლო.
პრესკონფერენციაზე რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვის დამოკიდებულება ვარშავაში, 16-17 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიების მიმართ უკიდურესად ნეგატიურია: "რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლას აწარმოებს. ტერორიზმს არ შეიძლება კავშირი ჰქონდეს ნაციონალიზმთან ან აღმსარებლობასთან". მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ ზაკაევს ტერორიზმთან კავშირი აქვს.
თავის მხრივ, ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა და ვარშავის სხდომის მთავარმა ორგანიზატორმა დენი ტეპსმა პოლონურ გაზეთს განუცხადა, რომ კონგრესი პოლონეთსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ სკანდალს არ გამოიწვევს. მისი თქმით, კონგრესის მიზანი საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვის მოთხოვნა იქნება, რათა კავკასიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ობიექტური გამოძიება მოხდეს და 20 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ბედი დადგინდეს.
მომზადებულია Gazeta Wyborcza-ის მიხედვით.