ავტორი:

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

ნუკი კოშკელიშვილი ერთი წელი, ბავშვთან ერთად, საქართველოში, მეუღლისგან შორს იმყოფებოდა და კორონავირუსის გამო ამერიკაში წასვლას არ ჩქარობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მთელი ოჯახი მალევე დაინფიცირდა. როგორ გრძნობენ თავს იზოლაციაში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნუკი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ნუკი, როგორ დაინფიცირდით?

- ერთი წელი საქართველოში ვიყავი. ამერიკაში დავბრუნდი და მთელ ოჯახს კორონავირუსი შეგვეყარა. ბენს იანვარში ეკუთვნოდა ვაქცინის გაკეთება, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და მერე ჩადგა რიგში. არ დაიჯერებთ და ამ კვირაში გვიწევდა ვაქცინის გაკეთება და ვიდრე გავიკეთებდით, მანამდე შეგვეყარა. ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მუშაობს, პირდაპირი კავშირი აქვს დაავადებულებთან, ჯერ ბენს გადაედო, მისგან კი - მე და ბავშვს. ჩემს მეუღლეს უცნაურად - გულისრევით დაეწყო, მოწამვლა გვეგონა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და იქ დაუდგინდა. მერე უკვე ხველა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვართ და შეიძლება, ადრეა ლაპარაკი, არ ვიცი, კიდევ რა სირთულეები გვექნება, თუმცა შიშის ფაქტორი უფრო მეტია, თორემ სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს.

- ალბათ, თვითიზოლაციაში ხართ...

- კი, სახლში ვართ ჩაკეტილი ორი კვირის განმავლობაში და გარეთ არ გავდივართ. ძალიან გვინდა სუფთა ჰაერი, მაგრამ არ გვინდა, ვინმეს გადავდოთ. სახლში ყოფნა ძალიან ძნელია, დრო ძალიან ნელა გადის. მგონია, რომ უკვე ათასი წელია, აქ ვართ ჩაკეტილები. ვერაფერს ვაკეთებ, ბავშვთან თამაშის თავიც არ გვაქვს, სუსტად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ იოლად გადაგვაქვს. ბავშვი ენერგიულად არის, თამაში უნდა და რვა საათამდე, მასთან ერთად, იატაკზე "ვყრივართ“, მერე იძინებს და ჩვენთვისაც კარგი დრო დგება, ჩავწვებით და ფილმებს ვუყურებთ, ყველაზე სასიამოვნო ეს სეანსებია...

- რამდენად რთული იყო ბენის გარეშე გატარებული ერთი წელი საქართველოში?

- ძალიან რთული ერთი წელი იყო. ბავშვს და მამას ერთმანეთი ენატრებოდათ. მეც მინდოდა ქმართან ყოფნა. მასაც ძალიან უჭირდა. ამერიკაში მარტო იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის პირველი ტალღა და პირველი ემოციები ყველასთვის ძალიან აუტანელი იყო, მით უმეტეს, ცალ-ცალკე ვიყავით. ერთად ბევრად უკეთ ვუმკლავდებით ყველაფერს. ამიტომ არც კი მინდა გავიხსენო, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ოპტიმისტი ვარ და ბენს ხშირად ვეუბნები, - მე ბრენდი შევქმენი, შენ ბევრი ხატე (ბავშვთან ერთად ვერ ახერხებს) და ჩვენგან და ხმაურისგან დაისვენე-მეთქი. ამას რომ ვამბობ, ბრაზდება.

- ხშირად კამათობთ?

- მე და ბენი სულ ვჩხუბობთ. პერიოდულად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი მოვკლათ. რაღაც საკითხებში იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რომ გამაღიზიანებელია. მე ძალიან სულსწრაფი ვარ, ბენი ათასჯერ დაფიქრდება და მერე გაჭრის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში მართალი მე ვარ. ბენსაც ჰგონია, რომ თვითონ არის მართალი.

- მშობიარობის შემდეგ, ძალიან განიცდიდი წონის პრობლემას, მიხვედი სასურველ წონამდე?

- ხან მივალ იდეალურ წონამდე და ისეთი ლამაზი ვხდები, თვითონ არ მჯერა ჩემი სილამაზის, ხან ისე ვსუქდები, ვერ დავდივარ, ვქოშინებ. ახლა ვარ ქოშინის პერიოდში. წონა დეპრესიაში მაგდებს, იმიტომ, რომ არაფერი მიხდება. ახლაც მომატებული ვარ, მაგრამ D ვიტამინს ვსვამ და მაბედნიერებს. თან ვინ მიყურებს, შინ ვარ. "ინსტაგრამზე" ფილტრი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია. ბენი ჩემში ცუდს ვერაფერს ხედავს, დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად. ზოგჯერ მგონია, რომ მატყუებს, მაგრამ აშკარად დარწმუნებულია, რომ ულამაზესი ვარ. მეუბნება, რა საოცარი კანი გაქვსო და ამ დროს რომ დავდივარ, ცელულიტი შლეიფად დამყვება.

- ხომ არ ეუბნები, რომ ასე არ არის?

- არავითარ შემთხვევაში. ვეუბნები, რომ ეს არის სილამაზე, ცელულიტი ნიშნავს ქალურ სიძლიერეს-მეთქი და სჯერა.

- ბენს მოსწონს საქართველო?

- ძალიან უყვარს საქართველო. სულ ვფიქრობთ, - ხომ არ დავკრათ ფეხი და წავიდეთ საქართველოში საცხოვრებლადო. ჩემთვის საქართველო ბედნიერების ადგილია და მახარებს, რომ ბენისთვისაც ასეა. ძალიან მინდა საქართველოში ცხოვრება და სულ ვცდილობ, ბენიც "შევაბა“, ვეუბნები ხოლმე, - ნახე, რა კარგია - მეთქი, ზოგჯერ ვატყუებ კიდეც, როგორი კარგი რაღაცები ხდება საქართველოში, არადა, შეიძლება ზოგი რამ კარგი სულაც არ იყოს.

- კოსმეტიკური ბრენდის შექმნის იდეა საიდან გაგიჩნდა?

- ყველაფერი წითელი ტუჩსაცხით დაიწყო, რომლის მომხმარებელიც მთელი ცხოვრება ვარ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად პრეტენზიული და კრიტიკული ვარ ამ ფერთან დაკავშირებით, ვერასდროს ვპოულობ სწორ ფერს, კარგ ტექსტურას. ის ბრენდი, რომელსაც ვიყენებდი, აღარ გამოდის, ისედაც ძალიან ძვირი ღირდა. შინ ვიჯექი და ვფიქრობდი: - რა კარგი იქნებოდა ჩემი ბრენდი რომ მქონდეს და სასურველი წითელი ფერის წარმოება დამეწყო-მეთქი...

საქართველოში ბევრ კოსმეტიკას ამზადებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კუსტარულად არის გაკეთებული. ამიტომ ევროპაში დავიწყე ძებნა. გავიგე, რომ შესაძლებელია, აიყვანო სპეციალისტები, ტექნოლოგები სხდასხვა მიმართულებით - დერმატოლოგი, ქიმიკოსი... ჩემს ბრენდზე 12-კაციანი ჯგუფი მუშაობს, ერთი - ფერზე, მეორე - შემადგენლობაზე, მესამე - სტრუქტურაზე, მეოთხე - ტესტირებაზე. ისინი პოულობენ ქარხნებს დასამზადებლად. გადის ევროპული სტანდარტების ტესტირებას. მერე, როდესაც დავინახე, წითელმა ტუჩსაცხმა ასეთი მოწონება დაიმსახურა, ტონალური საცხი დავამზადებინე, რომელიც პრემიუმ ბრენდებს არ ჩამოუვარდება. იყო დრო, მეც არ მქონდა "შანელის“ და "დიორის“ ტონალურის შეძენის საშუალება. სხვა ფერის ტუჩსაცხებსა და ტუშებსაც მალე გამოვუშვებ. ეს არ არის ჩემი ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ეს არის ის, რაც გულით მინდა, რომ საქართველოში იყოს. ბენი ძალიან მიდგას გვერდით, მან იპოვა ტექნოლოგი, ის დაუკავშირდა ამერიკაში კაილი ჯენერის ქარხანას და ბევრი დეტალი გაარკვია. უკვე მოლაპარაკებები გვაქვს და მალე ამერიკაშიც "შემოვალთ“.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"

"ეს თქვენი "პიარი" არაფერში მჭირდება... ამაში არავინ მიხდის ფულს" - სტეფანემ გადაწყვიტა, ჟურნალისტებს აღარ უპასუხოს