ავტორი:

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"

"ამერიკაში თავიდან გასტროლებით აღმოვჩნდი. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. აქ ცხოვრება ყოველთვის მინდოდა... 2009 წლიდან კი უკვე კარნეგი-ჰოლში ჩემი პროექტები მქონდა,“ - ამბობს წარმატებული საოპერო მომღერალი - ბარიტონი დავით ღვინიანიძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს.

ის საქველმოქმედო ფონდის, "მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. როგორც შევიტყვეთ, მასვე დაუფუძნებია მუსიკალური კონკურსი - "გზა კარნეგი-ჰოლისკენ“, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს და "დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემია“.

ბატონ დავითს ამჟამად ამერიკაში მყოფი ბიჭუნას, ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც ის ჩვენთან ინტერვიუშიც შეეხო.

"ქუთაისში დავიბადე და ბავშვობაც იქვე გავატარე ექიმი დედის, აკადემიკოსი მამისა და უმცროსი დის გვერდით, რომელიც დღეს კარდიოლოგია... ხშირად ბებიასთან, სოფელ როხშიც ვიყავი ხოლმე. მან შემაყვარა ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობა. განსაკუთრებული ბებია-შვილიშვილობა გვქონდა. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩემს სულიერ, თუ გონებრივ ფორმირებაში.

ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და "ცალკე აკადემიაა“. ვერ ვიტან გულგრილ დამოკიდებულებას, ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია. მოკლედ, ასე ცხოვრებას დედამ და ბებომ მიმაჩვიეს, რომლებიც სიყვარულით მზრდიდნენ“, - ასე დაიწყო დავით ღვინიანიძემ Ambebi.ge-სთან საუბარი.

როგორც გვიყვება, განსხვავებული ბავშვი ყოფილა - მიხვედრილი და გონიერი. "რაც მინდოდა, ყოველთვის ვისრულებდი და ჩემი პრინციპების გატანა მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რბილი და თბილი ხასიათი მაქვს, ბავშვობაში მტკიცე ვიყავი. საბავშვო ბაღში 3 წლის შემიყვანეს და არ მომწონდა იქ სიარული. იმდენი ვიტირე, ფილტვების ანთება დამემართა - ჩემი ასე გავიტანე და შინ დავრჩი“, - იხსენებს რესპონდენტი.

- მუსიკა იმ პერიოდში თუ გიტაცებდათ?

- პატარაობიდანვე მიტაცებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი მუსიკის, სიმღერისა და სცენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა...

ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა ზედმეტად დატვირთული იყო. მშობლები არაფერს იშურებდნენ, რათა მეტ სფეროში გამომევლინა ნიჭი და უნარი. ჩემი თანატოლები ქუჩაში რომ თამაშობდნენ, მე ენციკლოპედიებს ვკითხულობდი, საავტორო გადაცემებს ვგეგმავდი და ხმის სავარჯიშოებს ვასრულებდი.

მერე კი, როცა საქართველოდან წასული სამშობლოში წარმატებული ჩამოვდიოდი, მეგობრები მეუბნებოდნენ, - ნეტავ, ჩვენც შენსავით გვემღერა და გვევარჯიშა, შენისთანა წარმატებული ვიქნებოდითო. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი განვითარების პროცესს დიდი დრო დავუთმე.

ბავშვობიდან ასევე მიტაცებდა ჟურნალისტობა და წერა. ყოველთვის ვიყავი ხელმძღვანელი, კაპიტანი, ლიდერი - ამან განსაზღვრა კიდეც ჩემი მომავალი ცხოვრება.

- უშუალოდ სიმღერა როდის დაიწყეთ?

- ჩემ გარშემო პროფესიონალი მუსიკოსი არავინ იყო, მაგრამ ბებიაჩემი - მერი ჯანელიძე და მისი დედმამიშვილები (4 და და 2 ძმა) მინიანსაბმლს ქმნიდნენ და ფანტასტიკურად მღეროდნენ. ჩემს ბავშვობაში ვერ ვესწრებოდი ხოლმე მათ ერთად შეკრებას და სიმღერას, ამიტომ ბებოს ვაიძულებდი, მისი მთავარი ტრიუკი შეესრულებინა - გიტარა თავსუკან დაეჭირა და ისე დაეკრა.

მამა აკორდეონზე უკრავს, დოლიც არაერთი გვქონდა სახლში. მამა ყოველთვის მოქეიფე და თამადა იყო. ყველას უყვარს, სიტყვა, საქმე და ვაჟკაცობა არ ეშლება. გარდა იმისა, რომ ლექსებით თამადობს, ქეიფს დოლითა და აკორდეონით ასრულებს. ეს ის ელფერია, რასაც ის სუფრას სძენს ხოლმე.

მშობლები ჩემს პროფესიულ არჩევანს - მომღერლობას, სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ამიტომ მირჩიეს და ასეც გამირიგდნენ - ძირითად პროფესიად მეღვინეობა, ან ექიმობა ამერჩია, სიმღერა კი გასართობად მესწავლა. მართლაც, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პარალელურად, სწავლა კონსერვატორიაში დავიწყე.

მახსოვს, როგორ დადიოდა მამა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებთან და აფრთხილებდა, ჩემთვის მაღალი ნიშანი დაუმსახურებლად არ დაეწერათ. ასე მიწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე – პოლიტექნიკურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში, რომლებიც "წითელ დიპლომზე“ დავამთავრე.

ერთხელ, მშობლებმა ცეკვის ანსამბლში მიმიყვანეს. ცეკვა ჩემთვის სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. მასწავლებელი ყოველთვის შენიშვნას მაძლევდა – არასწორად ცეკვავო. ერთ დღეს მოვედი სახლში და დედას გამოვუცხადე, - ცეკვას თავს ვანებებ, ეს ჩემი საქმე არ არის-მეთქი. როგორც ვთქვი, მშობლები არაფერს მაკლებდნენ - სპორტზეც მატარებდნენ, თუმცა მუსიკისა და წარმატებული სწავლის გარდა, არაფერი მაინტერესებდა.

ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი. კონსერვატორიის პირველ კურსზე სწავლისას ღამეებს ვათენებდი და როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეძინათ, აჭარის, ქუთაისის და პირველი არხის ტელევიზიებისთვის გადაცემებს ვამზადებდი. ერთ-ერთი გადაცემა იყო "ტენორი“, რომლითაც საზოგადოების ცნობიერებას ვზრდიდი, რომ კლასიკური მუსიკის შესახებ მეტი გაეგოთ.

ოჯახში ერთადერთი ვაჟი განებივრებულიც გახლდით. ვამაყობ ჩემი მშობლებით, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს დედასთან - ესაა მის მიმართ უსაზღვრო სიყვარული...

ჩემი მუსიკალური კარიერა, შეიძლება ითქვას, ქუთაისის ჯაზ-როკანსამბლ "ალიონის“ სოლისტობით დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ვგრძნობდი, მუსიკის გარეშე, ვერ ვიარსებებდი და გადავწყვიტე, საოპერო ხელოვნებას დავუფლებოდი, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მომცემდა.

- ვინ იყო თქვენი მუსიკის პედაგოგი?

- მუსიკის პედაგოგის როლი განუსაზღვრელია. ის აუცილებლად სწორად უნდა შეირჩეს. ახლა უკვე ჩემს "ვოკალურ აკადემიაში“ ხშირად მიმდინარეობს ლაივგაკვეთილები და ყველა ხედავს, გაკვეთილების ჩატარებისას რა მეთოდებს ვიყენებ - უპირველესად, ესაა მოსწავლეებთან საჭირო მიდგომების უნარი.

მყავს ზრდასრული და საბავშვო ასაკის მოსწავლეები, მათ უნდა შეაყვარო შენი საგანი, ამაში დიდი როლი ფსიქოლოგიას უკავია. ბავშვს პედაგოგის გარეშე არსებობა არ უნდა შეეძლოს და სწორედ მან უნდა შეაყვაროს მოსწავლეს ეს პროფესია.

ჩემს ბავშვობაში, თუ ფორტეპიანოზე არასწორად დავუკრავდი, მუსიკის გაკვეთილებზე, მეცადინეობისას ხელებზე სახაზავიც დაურტყამთ... ბავშვობაში მუსიკა უფრო საფუძვლიანად რომ მესწავლა, ეს ჩემი პროფესიის დაუფლებაში მეტად დამეხმარებოდა. ამიტომ მშობლებს ვურჩევ, სწორად შეარჩიონ მუსიკის პედაგოგები.

სამაგიეროდ, ჯაზ-როკანსამბლ "ალიონში“ განსხვავებულად მეპყრობოდნენ, რაც სტიმულით მავსებდა.

- საოპერო განხრით წასვლა ვინ გირჩიათ და რა განათლება გაქვთ ამ მიმართულებით მიღებული?

- სკოლას რომ ვამთავრებდი, ზუსტად ვიცოდი, მუსიკის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ლოგიკურად ასეთი მათემატიკური ფორმულა შევქმენი, - კლასიკურ მუსიკას თუ დავეუფლებოდი, ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მომცემდა. ჩემთვის არავის ურჩევია, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თვითონ ვწყვეტი, რა უნდა ამერჩია.

ამასთან, ძალიან მიყვარს ჟურნალისტიკა, რომელიც აგრეთვე ჩემი პროფესიაა. დედამ, რომელიც ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია, მირჩია, როცა შენი ძირითადი პროფესიით ფეხზე მყარად დადგები, ჟურნალისტიკა ჰობად აირჩიე და შენს პროფესიას დაუკავშირეო. მართლაც ასე მოხდა - იმდენად მიყვარდა მუსიკალური ხელოვნება, სწორედ მისგან გამოდინარე, შევქმენი ჩემი საავტორო გადაცემები.

- კარიერული სვალა საიდან დაიწყეთ?

- ჩემი აზრით, დიდი კარიერული სვლა ბათუმის ოპერის თეატრში მოღვაწეობის დროს დავიწყე. იქ სოლისტად ჩემმა უკანასკნელმა პედაგოგმა, კარგმა ადამიანმა, მუსიკოსმა და კურატორმა ალექსანდრე ხომერიკმა მიმიღო. მაშინ 20 წლის ვიყავი. ბატონი ალექსნდრე მამეცადინებდა, ბინა მომცა. მაშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე იყო. ის ძალიან ამაყობდა, რადგან ბევრ წარმატებულ ხელოვანს ეხმარებოდა (ვსაუბრობ მის როლზე ხელოვნებაში, სხვა დანარჩენი, რაც მისი მმართველობის დროს აჭარაში მოხდა, ჩემთვის მიუღებელია. მართალია, მან ჩემთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის პოლიტიკას ვეთანხმებოდი).

სწორედ ასლან აბაშიძის დახმარებით დავიწყე აჭარის არხზე საავტორო გადაცემის წაყვანა. ჩემი გადაცემა იმ პერიოდში 100 ლარად იყო შეფასებული, რაც იმ წლებში ცოტა არ იყო.

ენი არსენიძეს კი ჩემს მუსიკალურ "დედად“ და მეგობრად მივიჩნევ. გვერდით დამიყენა და თავისი კალთა გადამაფრა... ენი არსენიძე არავის აძლევდა ჩემი დაჩაგვრის უფლებას. როგორი მებრძოლიც იყო (და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ციხეშიც იჯდა), ისეთივე ბრძოლით იდგა ჩემ გვერდით.

- თბილისის ოპერის თეატრში მღეროდით?

- არასოდეს მიმღერია, ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი გახლდით და საქართველოდან 22 წლისა წავედი.

- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?

- ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩემი ოცნება იყო, რომელსაც ვერ ვიხდენდი, რადგან რუსეთში უზარმაზარი ორგანიზცია მქონდა, რომლის ეგიდით, მსოფლიოს გარშემო უამრავ კონცერტსა და ფესტივალს ვმართავდი. ამიტომ რთული იყო, მიმეტოვებინა ორგანიზაცია, რომელიც ბავშვივით გავზარდე...

მოკლედ, 2009 წლიდან ამერიკაში კარნეგი-ჰოლში უკვე ჩემი პროექტები მქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე იძალადა და უკვე ისედაც ბევრი რამ არ მომწონდა იქ, ამას ეკონომიკური კრიზისიც დაემატა და საბოლოოდ მივხვდი, ამერიკაში უნდა გადმოვსულიყავი. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.

- რთული არ იყო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის იქ პროფესიით რეალიზება?

- ამერიკაში ემიგრანტივით არ ჩამოვსულვარ. პირველი ემიგრაცია რუსეთში გავიარე, რაც არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან მქონდა სამსახური და ვიყავი ოპერის სოლისტი, რუსეთში იმ დროს ძალიან დაბალი ხელფასები იყო - თვეში - 100 დოლარი მაშინ, როცა 60 დოლარი ბინის ქირას უნდოდა. ამიტომ, თავის შენახვა მიწევდა, ვიდრე ჩემი პირველი მოსწავლები არ გამოჩდნენ. ბედნიერი ვარ, რომ თავი გავართვი ემიგრაციულ პრობლემებს და რესტორნის მომღერლობა არ გავრისკე. ორი არჩევანი მქონდა - ან მოსწავლეები უნდა ამეყვანა, ან რესტორანში მემღერა. რესტორანში სიმღერა აკადემიური ვოკალისტისთვის დამამცირებელია. ეს "შავ ლაქად“ რჩება ოპერის მომღერლის ცხოვრებაში. ჩვენი ადგილი სცენაზეა და არა რესტორნებში. დიმიტრი ვდოვენი, ჩემი პედაგოგი და მეგობარი, მირჩევდა, არასდროს არ მემღერა რესტორანში.

ამერიკამ იქ ჩასვლის დღიდან, როგორც ცნობილ მომღერალს, რუსეთიდან ტრამპლინის საშუალება მომცა.

- რა სიახლეებია ახლა თქვენ ცხოვრებაში?

- ახლო მომავალში მასშტაბურ ბიზნესპროექტებს დავაანონსებ. მათ შორის, მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ ფილადელფიაში, მის უნიკალურ ზონაში, რომელსაც გარშემო ექნება დიდი სივრცე, სადაც მოეწყობა ულამაზესი ბაღი და საპარკინგე ადგილი 200 მანქანისთვის...ეს იქნება უნიკალური სივრცე ხელოვანებისთვის.

ერთი სიტყვით, უზარმაზარ შენობაში "დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“ გაიხსნება, სადაც 2000-კაციანი საკონცერტო დარბაზი მოეწყობა. ამ ადგილას ბევრი მუსიკოსი შეძლებს თავისი ხელოვნების დემონსტრირებას. სხვათა შორის, ეს ცენტრი უნდა იქცეს ბოჰემური თავშეყრის ადგილადაც მხატვრებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ყველა ხელოვანისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრი მხოლოდ ფილადელფიაში არ გაიხსნება, მომავალ წლებში მისი გახსნა იგეგმება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, მაიამსა და კიდევ სხვაგან. ასეთი გახლავთ ჩემი გლობალური და მასშტაბური გეგმა შემდეგი ათწლეულისთვის. ეს ხელოვნების ოაზისები, რომლებიც ჩემს სახელს დაუკავშირდება, ბედნიერს მხდის. ამის საშუალებას კი ეს ქვეყანა მაძლევს...

- "დავით ღვინიანის სახელობის ვოკალური აკადემია“ რას ემსახურება?

- აკადემია 2021 წელს დავაარსე. გაკვეთილები მსოფლიოს მასშტაბით ონლაინფორმატშიც მიმდინარეობს. აქ უკვე ბევრი მოსწავლე სწავლობს. აკადემია მომღერლის ხმის ფორმირებას ემსახურება. ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ოსტატობას უწყობს ხელს. ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ არა მხოლოდ ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი მოვიდა სასწავლებლად, არამედ ჩემზე 10-20 წლით უფროსი კოლეგებიც მოვიდნენ.

ამავე დროს, ჩემი საბავშვო მუსიკალური პროექტი "გზა კარნეგი ჰოლისკენ“, რომელმაც მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს უკრაინულ საბავშვო "ვოისში“ გამარჯვება მოუტანა, მინდა, სატელევიზიო გახდეს და ყველა ნიჭიერ ბავშვს მიეცეს მონაწილეობისა და კარიერის მოწყობის საშუალება.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ჩემი ფონდის "მსოფლიო ტალანტების“ დაფინანსებით პანდემიამდე ხორციელდბოდა, გაგრძელდება, მათ შორის, "ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალიც“.

- როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდა მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს გზის გაკვალვაში თქვენ დახმარებიხართ. მოგვიყევით ამის შესახებ.

- უკრაინულ საბავშვო ვოისამდე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ჩემი მუსიკალური პროექტი "გზა კარნეგიჰოლიკენ“ გაიარა და გახდა „მსოფლიო ტალანტების“ კონკურსის გამარჯვებული, რის გამოც მას კარნეგი-ჰოლში გამოსვლის მანდატი მიეცა.

ვფიქრობ, მისი წარმატება სწორედ ამ კონკურსით დაიწყო. ამის შემდეგ მოხვდა უკრაინულ საბავშვო "ვოისში“, სადაც თავი მაქსიმალურად წარმოაჩინა, მაგრამ მისი დღევანდელი ამერიკული ცხოვრება კი ჩემი მუსიკალური პროექტის "გზა კარნეგი-ჰოლისკენ“ - ამის შედეგია და არა რომელიმე ვოისკონკურსის.

ალექსანდრე ზაზარაშვილის ცხოვრებაში მე და ჩემი მუსიკალური კონკურსი რომ არა, ის ვერ იცხოვრებდა ამერიკაში. მისთვის შექმნილი ცხოვრებისეული ხელსაყრელი პირობები, სწავლისთვის ხელშემწყობი გარემო, ლეგალური დოკუმენტაცია, პრივილეგირებული მდგომარეობა, ადვოკატის მომსახურება თუ ვოკალური გაკვეთილები განპირობებულია და უზრუნველყოფილია ჩემი მხარდაჭერით. დღემდე ვარ მისი მუსიკალური პროდიუსერი და გრძელვადიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. აქედან გამომდინარე, მის მიერ ამერიკაში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე ვარ პასუხისმგებელი და ამერიკაში მისი კარიერული ცხოვრების პერსპექტივა უკავშირდება ჩემს სახელს და ფონდ "მსოფლიო ტალანტებს“, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტიც მე ვარ. ალექსანდრე დღემდე ჩემი სახელითა და ძალისხმევით სარგებლობს და იტოვებს ამერიკაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ და როგორია ამ კუთხით თქვენი გეგმები?

- საქართველო ჩემი საყვარელი სამშობლოა. საზღვარგარეთ მოღვაწეობით მიღებულ წარმატებას, ანუ, იმას, რასაც საქართველოდან შორს მივაღწიე, დივიდენდად ვუბრუნებ ჩემს სამშობლოს. გადავწყვიტე, მასშტაბური მუსიკალური კონკურსები და ფეტივალები ჩემს ქვეყანაში უფრო ხშირად გავმართო.

ჩემი კარიერის მოწყობა კი პროფესიამ განაპირობა – საოპერო კარიერა დიდ სცენებს მოითხოვს.

შთამბეჭდავი მოგონებები ქუთაისსაც უკავშირდება. მაგალითად, 18 წლის ასაკში ლადო მესხიშვილის დრამატულ სცენაზე ჩემი პირველი საოპერო გამოსვლა, რომელსაც წარმატებით გავართვი თავი. აგრეთვე, ჩემ მიერ დაარსებული "ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის“ ფარგლებში ქუთაისს არაერთი ცნობილი საოპერო მომღერალი ეწვია. ვცდილობ, ხელი შევუწყო ქუთაისის საოპერო ქალაქად აღორძინებას.

საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, ეს მასშტაბურ პროექტებსაც უკავშირდება. ჩემი ქვეყნის მიწა-წყალი და ხალხი განსაკუთრებულია ჩემთვის. ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ და მათთან გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია.

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"ნიკოლოზი რომ გავიცანი,  9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა" - ფეხმძიმე ნანუკა გოგიჩაიშვილის ულამაზესი ფოტოები

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა აშშ-ში კულტურის ცენტრი დააფუძნა - "ეს ადგილი ხელოვანებისთვის ბოჰემური თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს"