ავტორი:

"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა... ზანგურს რომ ეთქვა ცოლი მცემდაო, უნდა დაგვეჯერებინა?" - იაგო ხვიჩია მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ ატეხილ კამპანიას აფასებს, სადაც მსახიობი ყოფილ მეუღლეს - ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. ხვიჩიას აზრით, მსახიობი “მტკიცებულებების გარეშე ტალახს ისვრის”, რაც დიდი სიბინძურე და ჩვეულებრივი ბოროტებაა, რომელიც პირველ რიგში, ყველაზე მეტად ქალების უფლებებს აზიანებს.

AMBEBI.GE-სთან იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილთან არ აქვს პრეტენზია, არამედ "Me Too კამპანიის" ავტორებთან, რომლებიც შურისძიების იარაღად იქცა საქართველოში.

- იაგო, რა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს 11 წლის შემდგ?

- ის მტკიცებულება უნდა გქონდეს, რომელიც თავის დროზე გაქვს მოპოვებული. თუ არ გაქვს, მაშინ მე შემიძლია თქვენზე ვთქვა რაღაც, ან დაგაბრალოთ და სიამაყით განვაცხადო, რომ მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ საზოგადოება რაღაცნაირად იყოს ვალდებული, რომ მხარი დაგიჭიროთ, თუ გაგაკრიტიკოთ. ზოგადად, მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია ადამიანისთვის ასეთი რაღაცის სიამაყით დაბრალება საჯარო სივრცეში, ვინც გინდა იყოს. საერთოდ არ ვიცნობ ბესო ზანგურს, რაც ვიცი, მასზე კარგი არაფერი გამიგია, მაგრამ ადამიანზე ასეთი რაღაცის დაბრალება, ის, რომ 11 წლის წინ მან რაღაცა ქნა, რაზეც მას არ შეუძლია ნომინალურადაც კი თავის მართლება, სისულელეა.

მე რომ თქვენ დაგაბრალოთ, აქლემი ხართო, თქვენ ხომ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ კუზი არ გაქვთ? მე უნდა წარვადგინო რაღაცა ტიპის მტკიცებულება. ვიღაცამ გამოთქვა პრეტენზია, ამ პრეტენაზიას კი რაღაცა უნდა მოაყოლო. პირიქით რომ ეთქვა ბესო ზანგურს, ჩემი ცოლი აქეთ მცემდაო, ის უნდა დაგვეჯერებინა? მე მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა, განა იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს ფაქტი მომხდარიყო, ან ბესო ზანგური მოძალადე არ იყო.

- ჯერ იყო, პედოფილიის მხარდამჭერად, ახლა კი, არ არის გამორიცხული, ძალადობის მომხრედაც გამოგაცხადონ..

- კი, ლიბერალურმა მედიამ ერთხელ უკვე გამომაცხადა პედოფილიის მხარდამჭერად, აქედან გამომდინარე ვიცი, რომ არ შეიძლება ავყვე ამ სულელი ხალხის განწყობებს. არსებობენ ბრიყვები, და მეორეს მხრივ, ბოდიში თქვენთან - ნაბიჭვრობა, რომლებიც ამას იყენებენ. ნინუცა მაყაშვილთან არანაირი საქმე არ მაქვს, პრეტენზია მაქვს Me Too კამპანიის ავტორებთან. ადამიანი ამბობს, არანაირი მტკიცებულება არ მაქვსო და ამის მიუხედავად, აგრძელებენ ამ სიბინძურეს.

- ბევრ ქალს არ აქვს ძალადობის მტკიცებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ძალადობენ...

- მე რომ ვთქვა ვინმეზე, რომ არის პედოფილი, მაგრამ მტკიცებულება არ მაქვს, ეს დამაჯერებელია? მაგალითად, თქვენმა მეგობარმა მომიყვა, რომ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ და მას სცემდით, მე რომ ეს გავიმეორო და თქვენ მოგიხსენიოთ როგორც ცუდი ადამიანი, ეს სწორი იქნება? წარმოიდგინეთ, მე ვარ პოლიტიკოსი, ბევრი მტერი მყავს და დამაბრალეს რაღაცა სიგიჟე - საქართველოში პოლიტიკურ პარტიას რომ პედოფილიის მხარდაჭერას დააბრალებ, ხომ ხარ იდიოტი? შენ ხომ ამას იმისთვის ამბობ, ვიღაცას სახელი გაუტეხო?

Me Too კამპანია არის სახელის გატეხის საშუალება, როცა მტკიცებულება არ გაქვს. მე ნინუცა მაყაშვილის გულწრფელობაში შეიძლება ეჭვი არ შევიტანო, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებმაც თითქოს გულთან მიიტანეს ეს ამბავი და მტკიცებულებების გარეშე ატეხეს კამპანია, მეპარება ეჭვი. მარტო იმის გამო, რომ ვიღაცას ბესო ზანგური არ მოსწონს ( მეც არ მომწონს) ასეთი ხმაურის ატეხა არ შეიძლება.

ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ ბესო ზანგურს, ან რობიკო სტურუას ვიცავ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მაქვს ამბიცია დავიცვა სამართლიანობა, რომელიც არ არის მარტივი და ის ძირითადად ბრიყვებისგან არის დასაცავი. მე ბრიყვებისგან ვიცავ სამართლიანობას ამ კამპანიაში და არა მარტო ახლა - ამას ვიცავდი, როცა იყო მაგალითად, ბერას წინააღმდეგ კამპანია.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ იმ ადამიანების პოპულარიზაცია, რომლებიც ამგვარი სიბინძურით ცდილობენ დარჩნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ზოგადად, ესენი ქართული ლიბერალური მედიის ვარსკვლავები არიან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ გააჩნიათ, მტკიცებულებების რაობაზე, არ გააჩნიათ არანაირი მორალური ღერძი და ღირებულებები და აწვებიან ყველაფერს, რაც მოდაში შემოვა. ჰოლივუდური კამპანია გადმოიტანეს ერთი-ერთზე - თუ ვინმეს ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის დაპირისპირება ჰქონდა, ძირითადად ესენი იყვნენ ყოფილი საყვარლები, რომლებსაც ერთმანეთი აღარ მოუნდათ, მიატოვეს და შურისძიება განიზრახეს. Me Too კამპანია სინამდვილეში არის არა სამართლიანობის და მტყუან-მართლის გარჩევისთვის, არამედ შურისძიების იარაღი.

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

"რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ? მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ" - ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა