ათასობით პოლონელი სმოლენსკის ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
ასოციაცია "კატინი -2010"-მა ამ მოთხოვნით 270 ათასი ხელმოწერა შეაგროვა; მოთხოვნა აშშ-ს კონგრესს, ევროპარლამენტს, პოლონეთის სეიმს, გაერო-სა და ნატო-ს წარმომადგენლობებს გადაეცემათ.
საერთაშორისო გამოძიების ინიციტივით ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიდნენ. კატინის კომიტეტის ხელმძღვანელის, სტეფან მელაკის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
მისივე თქმით, ხელმოწერის ავტორები, ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიების გარდა, მოითხოვენ თვითმფრინავის ფრაგმენტებისა და იმ შავი ყუთების გადაცემას, რომელთა გაშიფვრასაც რუსი სპეციალისტები აწარმოებდნენ.
ავიაკატასტროფა სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი.
პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია კატინში 1940 წელს დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა.
პოლონეთი და რუსეთი ავიაკატასტროფის მიზეზებს ცალ-ცალკე იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით დასკვნები გამოაქვეყნა საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა.
რუსი სპეციალისტების მტკიცებით, კატასტროფა ცუდი ამინდისა და პილოტების შეცდომის გამო მოხდა.
არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ კატინში დაგეგმილ ღონისძიებაზე დროულად მისასვლელად მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის წევრებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ივნისში დაღუპულთა ნათესავებმა პოლონეთის პროკურატურისგან ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონეთის პირველი პირების დაკითხვა და რუსულ-პოლონური საგამოძიებო კომისიის შედეგების გამოქვეყნება მოითხოვეს.