კომპანია "ინტეკოს" ხელმძღვანელმა ელენა ბატურინამ განმარტა, რას უკავშირდება რუსეთში ატეხილი საინფორმაციო ომი მისი მეუღლის წინააღმდეგ. მოსკოვის მერის პერსონა, შესაძლოა, კრემლისთვის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისში სახიფათო აღმოჩნდეს, განუცხადა ბატურინამ ”ნიუ თაიმსს”.
ბატურინას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არის ხალხი, ვინც შიშობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუჟკოვი დიმიტრი მედვედევის კი არა, პუტინის მხარეს დაიკავებს. ბატურინამ ისიც დასძინა, რომ მისი ქმარი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
ელენა ბატურინა აცხადებს, რომ საინფორმაციო ომის დამკვეთი კრემლის ინკოგნიტო წყაროა. "მიმაჩნია, რომ ეს კრემლის ერთ-ერთი საშტატო ერთეულია. სწორედ ასე ჰქვია: ”კრემლის დაუსახელებელი წყარო", -განუცხადა ბატურინამ ჟურალსიტებს.
მიუხედავად იმისა, დაკარგავს თუ არა ლუჟკოვი მერის პოსტს, ბატურინა მეუღლესთან ერთად რუსეთიდან ემიგრაციაში წასვლას არ აპირებს, ხოლო თავად - ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგებას.
ბატურინას თქმით, ერთხელ ლუჟკოვი უკვე აპირებდა გადადგომას. ორი წლის წინ მან შესაბამისი განცხადება პრეზიდენტი მედვედევის სახელზე დაწერა, თუმცა მედვედევმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.
ლუჟკოვი გათავისუფლებას 2008 წლის ნოემბერში ითხოვდა, როცა კრემლმა ის ერთ-ერთი ინიციატივისთვის გააკრიტიკა: ლუჟკოვის აზრით, რეგიონების ხელმძღვანელების არჩევითობას უნდა დაბრუნებოდნენ. კრემლის პრესსამსახურმა მაშინ აღნიშნა, რომ "უკმაყოფილო გუბერნატორებს წასვლა შეუძლიათ”, თუმცა მოგვიანებით მედვედევმა ლუჟკოვი დაამშვიდა, რომ ის სხვა ხალხს გულისხმობდა და კონფლიქტი ამით ამოიწურა.
მომზადებულია newtimes.ru-ს მიხედვით.