ნიუ-იორკის მერი, მილიარდერი მედია-მაგნატი მაიკლ ბლუმბერგი, შესაძლოა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ცენტრისტული ფრთის კანდიდატად წარსდგეს, - მიიჩნევენ ამერიკულ მასმედიაში.
მეგაპოლისის მერის საპრეზიდენტო ამბიციებზე ხმები ბოლო არჩევნების დროსაც დაირხა, როცა ბლუმბერგმა უპარტიო პრეზიდენტის იდეა წამოაყენა.
გაზეთმა "ნიუ იორკ თაიმსმა" ბოლო დროს ბლუმბერგის გამოცოცხლებულ პოლიტიკურ აქტივობას ყურადღება მიაქცია - გასულ უქმეებზე ის როდ-აილენდის შტატის გუბერნატორის არჩევნებში ცენტრისტული კანდიდატის ლინკოლნ შაფის მხარდასაჭერად იმყოფებოდა.
"შეხედეთ, ხალხი გამწარებულია. ვაშინგტონი არაფერს აკეთებს. ხელისუფლება პარალიზებული და უუნარო ჩანს, რომელსაც ჩვენი პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, მაგრამ ამავდროულად, არ შეიძლება რისხვა ხელისუფლების სტრატეგია იყოს", - გაზეთში ბლუმბერგის გამოსვლიდან ციტატაა მოყვანილი.
ნიუ იორკის მერმა, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც დემოკრატთა, ისე რესპუბლიკელთა პარტიას მიეკუთვნებოდა, ვიწრო პარტიული ჩარჩოებიდან გათავისუფლების შესახებ სახალხოდ ისაუბრა და ახლა დამოუკიდებელი კანდიდატის პოზიციიდან მოქმედებს.
ბლუმბერგმა აღნიშნა, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერის დასრულებას არ ჩქარობს, მაგრამ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა 2012 წლის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ მილიარდერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომელიმე მაღალ პოსტზე მუშაობის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.
"მე არც მრჩეველი ვარ და არც ანალიტიკოსი. მე საქმის მკეთებელი ადამიანი ვარ", - განაცხადა ბლუმბერგმა.
ექსპერტები საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ 2012 წლის არჩევნებში ცენტრისტული ფრთის პოლიტიკოსის გამოჩენის შესაძლებლობას. მათი აზრით, ბლუმბერგს თავის ბანაკში იმ ადამიანების გაერთიანება შეუძლია, რომლებმაც ხმა ობამას მისცეს, მაგრამ შემდეგ იმედები გაუცრუვდათ. როგორც წესი, დამოუკიდებელ კანდიდატს, ფინანსური და პარტიული მხარდაჭერის გარეშე, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში შანსი არ აქვს, მაგრამ ქალაქის თავს საკმაო რესურსები გააჩნია.
"ფორბსის" ცნობით, საინფორმაციო-ფინანსური ჯგუფის შემქმნელ ბლუმბერგს 16 მლრდ დოლარის ქონება აქვს და ნიუ-იორკის უმდიდრეს მაცხოვრებლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ მერის პოსტზე ის სიმბოლურ ხელფასს - 1 დოლარს იღებს. თავისი ქონების ნახევარზე მეტის ანდერძით დატოვებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის აპირებს, რისი ინიციატივითაც ცოტა ხნის წინ ასევე მილიარდერები ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი გამოვიდნენ.
მომზადებულია The New-York Times-ის მიხედვით.