ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არათუ არ ცდილობს, მსოფლიოს ამ ტიპის შეიარაღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ახმადინეჯადი ნიუ-იორკს ესტუმრა, სადაც გაეროს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამდღიან სამიტსა და 65-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გასამართ პოლიტიკურ დისკუსიებს დაესწრება.
”ჩვენ ბირთვული იარაღის არ გვეშინია. ჩვენ რომ მართლა გვინდოდეს მისი შექმნა, გვეყოფოდა გამბედაობა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადებდით, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, - ჩვენი მოწოდებაა, პლანეტაზე ბირთვული არსენალი სრულიად მოისპოს”.
ახმადინეჯადის თქმით, ირანი ”არასდროს ყოფილა დომინანტი და არ დაურღვევია სხვა სახელმწიფოების უფლებები”. მისი აზრით, ”აშკარაა, რომ მომავალი ირანისაა”, ხოლო მის წინააღმდეგ ყველა ძალისხმევა, მათ შორის ”გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები, უნაყოფო და არაეფექტური იქნება”.
მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით