რუსეთის კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე ძირეული ცვლილებები, რომლის ფონზეც წინა კვირას ასლან უსოიანზე, მეტსახელად "დედ ჰასანზე" თავდასხმა განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უხეირო რეფორმის შედეგია, - მიიჩნევენ ექსპერტები. როგორც გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" წერს, ორი წლის წინ შსს-ში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ლიკვიდაციას კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების მოპოვებისთვის ომი მოჰყვა.
გაზეთის ცნობით, წელს რუსეთში ასამდე შეკვეთილი მკვლელობა და თავდასხმა განხორციელდა. მარტო ამ თვეში კრიმინალური გარჩევების მსხვერპლი ერთბაშად რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი და "ავტორიტეტი" გახდა. 3 სექტემბერს ეკატერინებურგში "ავტორიტეტი" ბიზნესმენი ანდრეი სოკოლოვსკი მოკლეს, 5 სექტემბერს მოსკოვში კომბინატ "პროლეტარიატის ბელადის" თანამფლობელზე, ბიზნესმენ ოლეგ სელივანოვზე შეკვეთილი მკვლელობა განხორციელდა, რომლის გვამს მისსავე კაბინეტში მიაგნეს. მომდევნო დღეს მაღაზიათა ქსელის "წითელი კუბის" ტოპმენეჯერ იური ჟუჟმანს თავს დაესხნენ, რომელსაც ავტომობილში ყუმბარა ჩაუგდეს. 8 სექტემბერს "ლესპრომბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიქაელ დაუდოვი, ლენინის სახელობის პროსპექტზე მოკლეს. 10 სექტემბერს კრიმინალურ ომს ბიზნესმენი ელგუჯა ჯინჭარაძე ემსხვერპლა, რომელიც სასტუმრო "უკრაინას" სიახლოვეს დაცხრილეს.
16 სექტემბერს თავდასხმა დსთ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ "ავტორიტეტზე" - ასლან უსოიანზე, იგივე "დედ ჰასანზე" განხორციელდა. პირად მცველთან ერთად მყოფს ცეცხლი სადარბაზოში გაუხსნეს. დაჭრილი "კანონიერი ქურდი" და მისი მცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "მოსკოვსკი კომსომოლეცი" აღნიშნავს, კრიმინალური იერარქიის ზედა ფენებში გაჩაღებული ომი ქვეყანაში დანაშაულის საერთო აღორძინებაზე მიანიშნებს. ექსპერტები აღიარებენ, რომ შსს-ში განხორციელებული ცვლილებები შეცდომა იყო. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობდა და მისი თანამშრომლებს ყველა კრიმინალურ ავტორიტეტსა და "კანონიერ ქურდზე" თვალყური ეჭირათ. გაუქმებული სამმართველოს ნაცვლად ახალი სტრუქტურა - ექსტრემიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შედის.
მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.