ავტორი:

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

კორონავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობენ იმ თეორიაზეც, რომლის მიხედვითაც, ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაზვერვის სამსახურებს ვირუსის წარმომავლობის დასადგენად 90 დღე მისცა.

ყოველივეს ფონზე, აშშ-ში, მედიაში ქვეყნის მთავარ ექიმ ენტონი ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები გავრცელდა, რომელიც ავლენს იმას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას კორონავირუსთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.

გამოქვეყნდა ათასობით "იმეილი", ფაუჩის პირადი მიმოწერები, რომელიც ავლენს იმ შეშფოთებასა და დაბნეულობას, რაც პანდემიის დასაწყისში იყო.

  • ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტი, 80 წლის ენტონი ფაუჩი, რომლის კარიერაც მოიცავს აშშ-ის შვიდ პრეზიდენტთან მუშაობას, კორონავირუსთან ბრძოლისა და პანდემიაზე რეაგირების სახე გახდა. პანდემიის განმავლობაში ის არაერთხელ ყოფილა როგორც დიდების, ასევე სასტიკი კრიტიკის ობიექტი.

Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა მოიპოვეს ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები, რომელთა რაოდენობაც 3 000-გვერდიანია და რომლებიც დათარიღებულია 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდით.

ამ მეილებში ასახულია ფაუჩის საუბრები სხვადასხვა წრეებთან და ასევე ჩანს მისი ურთიერთობა აშშ-ის მთავრობასთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, როგორც აშშ-ის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მედიასთან, ვარსკვლავებთან და სხვა ამერიკელებთან.

  • რას ვკითხულობთ შეტყობინებებში?

თეორია ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ:

შეტყობინებებით ირკვევა, რომ ექიმი ფაუჩი და მისი კოლეგები კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე მხედველობაში იღებენ თეორიას იმის შესახებ, რომ ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

თუმცა მოგვიანებით, ეს თეორია ექსპერტების დიდმა ნაწილმა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მას "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდო" უწოდა, რადგანაც როგორც აღნიშნავდნენ, არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულ Email-ებში არის ასევე ერთი საინტერესო შეტყობინება, რომელიც 2020 წლის იანვარში ფაუჩიმ ქვეყნის უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი დაწესებულების დირექტორისგან მიიღო. მასში საუბარია ვირუსის "უჩვეულო მახასიათებლებზე" და აღნიშნულია, რომ ეს მახასიათებლები შესაძლოა, იყოს ინდიკატორი იმისა, რომ ვირუსი არის "შემუშავებული." ენტონი ფაუჩი საპასუხო წერილში წერს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა. ასევე თქვა, რომ მხარს დაუჭერს გამოძიებას.

  • შეტყობინებები პირბადის შესახებ

2020 წლის თებერვალში ფაუჩი აშშ-ის ჯანდაცვის ყოფილ მდივანს სწერს: "პირბადე ინფიცირებული ადამიანებისთვისაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათგან ვირუსის გავრცელება, ვიდრე დაიცვას არაინფიცირებული ადამიანი ვირუსისგან.“

  • რა რეაქცია მოჰყვა ფაუჩისთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოქვეყნებას?

მედიაში სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან გაჩნდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ ენტონი ფაუჩი გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. მათ შორის არიან კონსერვატორი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ფაუჩის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.

ლიბერალები კი ამბობენ, რომ ფაუჩის მიმოწერები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ ის მოქმედებდა იმ დროისთვის კორონავირუსზე არსებული ცოდნის შესაბამისად.

  • შეფასება

როგორც BBC წერს, ენტონი ფაუჩი ტრამპის მხარდამჭერებისთვის ბოროტმოქმედია. ისინი ამბობენ, რომ ფაუჩი ვირუსის შესახებ გადასცემს წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ენტონი ფაუჩი უხვევს მეცნიერების გზიდან. ასევე მიიჩნევენ, რომ ტრამპის პოზიციების შერყევა გარკვეულწილად, ენტონი ფაუჩისაც უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატორები უარს ამბობდნენ პირბადის ტარებაზე პანდემიის ყველაზე რთულ დღეებშიც კი, რადგანაც თვლიდნენ, რომ სამეცნიერო შეხედულებები კორონავირუსთან დაკავშირებით მუდმივად იცვლებოდა.

როგორც BBC წერს, ელექტრონული ფოსტის მასალები გაამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაუჩიმ მართლაც შეიცვალა აზრი ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ. ისეთი რეკომენდაციების, როგორიცაა მაგალითად, პირბადის ტარება და ეს ბუნებრივია, რადგანაც ვირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდა.

მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ის ამბობდა, რომ მოგზაურობის დროს პირბადე საჭირო არ იყო, მოგვიანებით კი მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ პირბადე ეტარებინათ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან 2020 წლის თებერვალში კოვიდთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია იყო.

გამოცემა წერს, რომ ლიბერალებისთვის ენტონი ფაუჩი გმირია. მისი ელექტრონული შეტყობინებები კი ამყარებს მოსაზრებას, რომ მან შეიცვალა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა კორონავირუსთან საბრძოლველად და აზრის ცვლილება მეცნიერულ კვლევებთანაა დაკავშირებული.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევს?