რუსეთს უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს - რუსეთი და უახლოეს ხანებში გამოჩნდება, აქვთ თუ არა ევროპელ პოლიტიკოსებს კრემლის პოლიტიკის რეგულირების სურვილი. ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში გერმანელმა ექსპერტმა, გერჰარდ კნაუკმა გამოცემა "დიე ველტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია, აიძულოს კრემლი, გაიყვანოს ჯარები მოლდავეთიდან ან შეაჩერებინოს რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
"უახლოეს ხანებში გამოჩნდება, აქვთ თუ არა ევროპელ პოლიტიკოსებს კრემლის პოლიტიკის რეგულირების სურვილი", - აღნიშნავს გერმანელი ექსპერტი, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებში პრორუსული განწყობილებების ზრდაზე მიანიშნებს და ყველას რუსეთისადმი საღად შეხედვას ურჩევს.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეებს თუ მოუსმენთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის სახით ეკონომიკურ ზესახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, მაგრამ სინამდვილეში თუ არ ჩავთვლით რუსეთის მიერ გერმანიაში გაზისა და ნავთობის მოწოდებას, გერმანისა და რუსეთს შორის სხვა სავაჭრო ურთიერთობები არც არსებობს.
კნაუკის შეფასებით, რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ რუსეთის და არა უპირველეს ყოვლისა რუსეთის პოლიტიკას ატარებს.
მისივე აზრით, პუტინს სურს, ევროკავშირი აიძულოს დარწმუნდეს, რომ რუსეთს ევროკავშირის გარეშე შეუძლია პრობლემებს გაუმკლავდეს, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად არის - რუსეთს სჭირდება ევროპა.
"ამ თვალსაზრისით ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს მოსკოვზე გავლენა, თუმცა ეს კრემლის შიდა პოლიტიკაზე გავლენას არ იქონიებს, ვინაიდან ევროპას არ შესწევს ძალა, რუსეთის პოლიტელიტის აზროვნება შეცვალოს", - დასძენს გერმანელი ექსპერტი.
იგი ევროკავშირს მოუწოდებს, რეალურად შეაფასოს რუსეთში არსებული ვითარება. მისივე თქმით, ევროკავშირმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს რუსეთთან მიმართებაში "მოდერნიზაციისთვის პარტნიორობისა" და "აღმოსავლეთის პარტნიორობისადმი", რაც უკრაინასთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ურთიერთოებების გაღრმავებას ითვალისწინებს.