როდის წავა ქორწინების მესამე წრეზე თემურ თათარაშვილი ყოფილ მეუღლესთან ერთად

როდის წავა ქორწინების მესამე წრეზე თემურ თათარაშვილი ყოფილ მეუღლესთან ერთად

ნინო ადამაშვილს თითქმის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავი ბედნიერ ქალად იგრძნოს. თუმცა მის ცხოვრებაში იყო დღე, როდესაც მიხვდა, რომ მარტო დარჩა და უნდა ებრძოლა. მისი მეუღლე ქართველების ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი თემურ თათარაშვილი გახლდათ, მაგრამ წყვილი დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობს. როგორ შეინარჩუნა იდეალური ურთიერთობა ყოფილ ქმართან და რატომ არ ვარდება არასოდეს დეპრესიაში, ამას ნინოს ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ქალბატონო ნინო, საუბარი სასიამოვნო სიახლით დავიწყოთ. ახლახან ბებია გახდით...

- ჩემს ქალიშვილს მარიამს ერთი თვის წინ გოგონა ეკატერინე ლობჟანიძე შეეძინა. არაჩვეულებრივი ბავშვია, ლამაზი და ღვთის მადლით ჯანმრთელი. სახელი ჩემი ბებიის პატივსაცემად დაარქვა, თან მოსწონდა, ახლა სახელი კატო ხომ მოდაში შემოვიდა. ასე ეძახიან პატარას. მე არანაირი პრეტენზია არ მქონია, რომ ჩემი სახელი, ნინო დაერქმიათ. საერთოდ მიმაჩნია, რომ როდესაც დედა შვილს მუცლით ატარებს, რაც მოუნდება, ის უნდა დაარქვას. ასეთი მოთხოვნები არც მე და არც თემურს არ გვახასიათებს.

- ჭკვიანი გოგონაა კატო?

- დიახ, ჩემგან და ბაბუამისისგან განსხვავებით. მშობლებისგან ვიცი, რომ მე და თემური ძალიან ცელქები ვიყავით. კატო კი მხოლოდ მაშინ ტირის, როცა შია.

- ბაბუამ ნახა შვილიშვილი?

- სკაიპით თითქმის ყოველდღე ხედავს, მაგრამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არადა ძალიან დიდი სურვილი აქვს. ახლახან სამსახური დაიწყო. დიდი იმედი გვაქვს, ახალ წელს გვნახავს, თუ არადა, შეიძლება ჩვენი კატო იქით წავიდეს ბაბუასთან.

- თემური მოსკოვში რას საქმიანობს?

- თავისი პროფესიას მისდევს, მღერის. ის უდავოდ ნიჭიერი ადამიანია და გული მწყდება, რომ თავის საქმიანობას საქართველოში არ ეწევა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ჩამოვა და მუსიკალურ მოღვაწეობას აქ გაგრძელებს.

- თქვენს ცხოვრებას მივყვეთ. უკვე ახალგაზრდა ბებია ხართ...

- ეს ყველას ძალიან უკვირს. მეკითხებიან, კი მაგრამ, რამდენი წლისა ხარ? ჩემი პასუხია, იმდენი წლის ვარ, რამდენადაც გამოვიყურები და მეუბნებიან, რომ ძალიან მაგრად გამოვიყურები. იცით, რა არის? ვცდილობ. ჩემს შვილსაც სულ ამას ვუჩიჩინებ, ქალმა თავს უნდა მიხედოს. პრობლემების მიუხედავად, უნდა ეცადო, სულ წესრიგში იყო. ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ამას დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ დამიჯერეთ, ადამიანი თუ მოინდომებს, მცირე თანხითაც მოუვლის თავს. მთავარია სურვილი, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

- ძლიერი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- ძლიერი ვარ, მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა. ყველაფერს ცხოვრება გასწავლის. მე ასეთი არ ვიყავი, ასეთი გავხდი. სულ ვამბობ, შეიძლება მგელი რომ შემხვდეს გზაზე, იმისიც კი არ შემეშინდეს. მარტო ღმერთის მეშინია, სხვა არაფრის.

- ალბათ ერთ დღესაც მიხვდით, რომ მარტოს მოგიწევდათ ცხოვრებასთან ბრძოლა.

- ასეთი დღე ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ იმ დღიდან მარტო ვიყავი. არ ვარ ის კატეგორია, რომელიც წავა დედასთან, მამასთან, ბიძასთან... მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს და მიმაჩნია, რომ ეს არის საამაყო. ვერაფრით ვერ ვუგებ იმ ქალს, რომელიც შინ ზის და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. შეიძლება ზოგმა ცუდად გამიგოს, მაგრამ ეს არის საცოდაობა. ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

- თქვენ არასოდეს დაგმუქრებიათ ტრადიციული დიასახლისობა?

- არა, მე ვერასდროს გავხდები ასეთი. მთელი დღე რომ სახლში ხარ, საქმე არ თავდება, მაგრამ როცა ვმუშაობ, უფრო მობილიზებული ვარ. არასოდეს მრჩება გასარეცხი და გასალაგებელი, ყველაფერს ვასწრებ. თან ახლა მარიამიც მეუღლესა და შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. ძიძაც ჩვენი ოჯახის წევრია და ასეთი სიმრავლის მიუხედავად, მაინც სულ წესრიგში მაქვს ყველაფერი.

- ამდენი შრომა დეპრესიაში არასოდეს გაგდებთ?

- არა, მე მგონია, რომ ადამიანი, რომელსაც დეპრესია ემართება, უბრალოდ სუსტია. ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადამიტანია, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ცუდად ვარ, საკუთარი თავის კონტროლს ვიწყებ. არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ თავს იმის უფლებას არ ვაძლევ, რომ ნევროზი ავიკიდო.

- თქვენი ქალიშვილი ადრეულ ასაკში გათხოვდა. ეს ამბავიც ადვილად გადაიტანეთ?

- მთელი ცხოვრება მარიამის სუნთქვით მძინავს და სულ იმას ვამბობდი, სიძეს სახლში არ შემოვუშვებ-მეთქი, თუმცა ახლა არაჩვეულებრივად ვცხოვრობ მასთან ერთად. როდესაც ხედავ, შენი შვილი ბედნიერია, ამდენს აღარ ფიქრობ. თან დათო კარგი ხასიათის ბიჭია, ალბათ ამანაც გადამატანინა.

- როგორ მოგმართავთ?

- სახელს მეძახის. თავიდან შაყირით ვუთხარი, იცოდე, ვერ ავიტან ვერავითარ მიმართვას, გარდა დედიკოსი. მანაც იხუმრა, კარგი დედიკოო (იცინის).

- მარიამი რას საქმიანობს?

- მიუხედავად ახალი სტატუსისა, რომ ის დედაა, თან სტუდენტია. ბიზნესისა და მართვის სპეციალობით სწავლობს. მეუღლე მომავალი ფარმაცევტია, ჯერ ისიც სტუდენტია სამედიცინო უნივერსიტეტში.

- თქვენს შვილს მამის გენი სიმღერაში არ გამოჰყვა?

- მარი არ მღერის, მაგრამ გარეგნობით საოცრად ჰგავს მამას. ეკატერინეც თემურს ჰგავს. ჩემი მეგობრები საერთოდ თემურას ეძახიან (იცინის). იქნებ ბავშვმა მაინც იმღეროს. თათარაშვილებს ძალიან ძლიერი გენეტიკა აქვთ. ვერც ადამაშვილებმა და ვერც ლობჟანიძეებმა ვერ გადავაკეთეთ. ჩემი თვალები არც მარიამს აქვს, არც კატოს, იქნებ მეორე შვილიშვილს გამოჰყვეს.

- თქვენი პროფესიის შესახებ მოგვიყევით.

- თეატრმცოდნე-ეკონომისტი გახლავართ. 15 წელი აღმაშენებელზე კულტურის ცენტრში ვმუშაობდი და ეს წლები ცეკვა-თამაშსა და დოლ-გარმონზე გავატარე. ძალიან კარგი დრო იყო. მერე ჩვენი შენობა ნიკა მემანიშვილის სიმფონიურ ორკესტრს გადაეცა. ექვსი თვე იქაც ვიმუშავე, მაგრამ მერე მივხვდი, ეს ჩემი სტილი არ იყო. რამდენიმე თვე შინ მომიხდა ყოფნა, მაგრამ ვერც ვიგრძენი, იმ პერიოდში მარიამი ემზადებოდა და მასწავლებლებთან დამყავდა. მერე ”პოპულში” მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა და დღეს კადრების განყოფილებაში გენერალური დირექტორის მოადგილე ვარ. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სტრუქტურაში მომიწევდა მუშაობდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ჩემი სტიქიაა.

- მკაცრი უფროსი ხართ?

- არა, მე არ მინდა, ჩემი ვინმეს ეშინოდეს. სულ ვეუბნები ბავშვებს, გეხვეწებით, არ მაჩხუბოთ, ძალიან მიყვარს ტკბილი ლაპარაკი.

- ხართ დედა, ბებია გახდით, კარგი სამსახური გაქვთ... ბედნიერი ხართ?

- ბევრს ვწვალობ და ვშრომობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ყველა ახლობელი ჯანმრთელი მყავს. ვცდილობ, არც დასვენება და მეგობრებთან ყოფნა მოვიკლო. შეიძლება მეტი მინდოდეს, მაგრამ რაც მაქვს, იმითაც კმაყოფილი ვარ.

- თუმცა მაინც მარტო ხართ. დღეს მეუღლე არ გყავთ?

- მარტო კი ვარ, მაგრამ მე მყავს შვილი, შვილიშვილი, მეგობრები, სიძე და ყველა ჩემ გარშემოა.

- ამბობენ, ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა არ არსებობსო, თუმცა, როგორც ვიცი, თქვენ და თემური მეგობრობთ..

- არსებობს, ნამდვილად არსებობს, მე, პირიქით, ვთვლი, რომ როცა ცოლი და ქმარი სცილდება, თან მით უმეტეს, თუ საერთო შვილი ჰყავთ, ყოველთვის ჯობია, მათ შორის კარგი ურთიერთობა იყოს. ბავშვის გამო მთელი ცხოვრება მაინც შეხება გაქვს იმ ადამიანთან. მე არ მაქვს ისეთ კაცებზე საუბარი, რომელთაც შვილი არ აინტერესებთ. ამ შემთხვევაში არანაირი ურთიერთობა არ გინდა. თუმცა თემური სხვა კატეგორიის ადამიანია. ის თავის შვილს კი არა, მეც მაქცევს ყურადღებას.

ეს ალბათ მაინც ჩემიდან გამომდინარეა, რომ დღეს კარგი ურთიერთობა გვაქვს. როცა ყოფილი მეუღლე შენს შვილს ყველაფერს უკეთებს, გინდა თუ არა, უნდა დააფასო და პატივი სცე, მით უმეტეს, თემური ისეთი ადამიანია, რომ არ დააფასო არ შეიძლება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი ყოფილი ცოლი ვარ. ის კარგი ადამიანი, ნიჭიერი მომღერალი და შესანიშნავი მამაა. თემური არის კაცი, რომლის გვერდით ყოველთვის სრულფასოვან ქალად გრძნობ თავს. წვეულებაა ეს თუ უბრალოდ შეკრება. მას არაფერი შეეშლება ქალთან ურთიერთობაში.

- მეორედ დაოჯახებაზე არ გიფიქრიათ?

- მე და თემური მეორედ შერიგებულები ვიყავით. ახლა არ ვიცი, მესამე წრეზე თუ წავალთ (იცინის). ჯერ მაგ თემაზე არ გვისაუბრია. ის იქით არის, მე - აქეთ, რა იქნება მომავალში არავინ არ იცის.

- ამ მარტოობას ყველაზე კარგად რა გატანინებთ?

- ჩემი მეგობრები და ეკო, ჩემი შვილიშვილი. მე ეკოს ვეძახი. ძალიან პატარა დაიბადა და ვეუბნებოდი, ეკონომიური ხარ-მეთქი. მას რომ ჩავეხუტები, არაფერი აღარ მახსოვს, არც დაღლა და არც ნერვიულობა. მარიამი რომ მეყოლა, იმდენად პატარა ვიყავი, ერთი სული მქონდა, სტუმარი როდის მოვიდოდა და ხელში აიყვანდა. ვიტყუებოდი, რომ მაღაზიაში ჩავიდოდი და ხუთ წუთში ამოვიდოდი. სახლიდან გავვარდებოდი და მანქანით ვსეირნობდი. აი, ეს არის, როდესაც ბავშვს პატარა ასაკში აჩენ. ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, ამ ბავშვმა ყველაფერი შემივსო, თუ რამე სიცარიელე მქონდა.

- მითხარით, ჩემი თვალები იქნებ მეორე შვილიშვილს ჰქონდესო. თქვენ არასოდეს გიფიქრიათ ბევრი შვილი გყოლოდათ?

- მე რომ კანონის შემოღება შემეძლოს, ვისაც ერთი შვილი ჰყავს, ყველას დავსჯიდი. ეს დანაშაულია... ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი. ახლა სამი შვილი მეყოლებოდა. უფრო მდიდარი ხარ, როცა ბევრი ოჯახის წევრი გყავს. ძალიან მინდა მარიამმა კიდევ გააჩინოს, მე მხარში დავუდგები. ჩვენ, ქალები, ყველაფერს ვიტანთ.

- ალბათ სიძლიერესთან ერთად ოპტიმისტიც ხართ.

- დიახ, ოპტიმისტი რომ არ ვიყო, ძლიერიც ვერ ვიქნებიოდი. ჩემთვის არ არსებობს სიტყვები, არ შემიძლია... არ ვიცი... ყველაფერი უნდა შეძლო და ყველაფერი უნდა იცოდე. სიკვდილის გარდა ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და მე სულ ვახერხებ... ამას მივეჩვიე. მაგალითად შარშან კრიზისის დროს სამსახურშიც რაღაც აირია, თემურიც მოსკოვში ახალი წასული იყო და გადავწვიტე თმა შემეჭრა. იმის შემდეგ აღარ გამიზრდია. დღეს ყველას ჰგონია, რომ თმას სალონში ვიკეთებ, არადა ხუთ წუთში თავად ვიწესრიგებ. მე შემიძლია ისე მივხედო თავს, რომ სალონში არც წავიდე, მაგრამ ყველას სალონიდან გამოსული ვეგონო. ჩემი მეგობრები დამცინიან, პურის საყიდლად რომ გადიხარ, პომადას ისვამო, ნამდვილად ასეა. მინდა, სულ ლამაზი ვიყო და ხალხიც ასეთს მხედავდეს, თუმცა პომადის გარეშეც არ ვარ ულამაზო (იცინის).

- ხასიათით მაინც თუ გგავთ მარიამი?

- იცით, რა არის, ამ ხასიათს გაზრდა უნდა და მასში ამას ვზრდი. ახლაც ქმარს თუ რამეზე გაებუსხება, ყოველთვის ვეუბნები, ასე არ შეიძლება, რაღაც სისულელებზე ნუ ბრაზდები. იცით, რა არ მომწონს? რაც ბავშვი გაუჩნდა, ამბობს, აი, ახლა მამა რომ ფულს გამომიგზავნის, წავალ და ბავშვს რამეს ვუყიდი. ვეუბნები, ბავშვს კი არა, შენს თავს უყიდე, ბავშვს ჩვენ ვუყიდით. ადრე მეც ასე ვიყავი, მაგრამ ახლა იმ ბავშვს იმდენი არ სჭირდება, რამდენიც სტუდენტს უნდა. საკუთარ თავს პატივი თუ არ ეცი, არც სხვა გცემს პატივს. მე ასე ვარ საკუთარი თავის მიმართ.

- წარსულს რომ გადახედოთ, არაფერს შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- არა, იგივე იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ახლა თუ რაღაც მეტი ვიცი, ეს ამ ცხოვრებამ მომიტანა, თორემ, რაც ოცი წლის ვიყავი, ისევ იგივე ვარ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება